6
Sep
2019

როგორ გავზარდოთ მოტივაცია მაშინ, როდესაც დედლაინი არ გვაქვს

6 Sep 2019

დედლაინები საკმაოდ ძლიერი ბერკეტია იმისთვის, რომ უკეთესად განვსაზღვროთ, რა უფრო პრიორიტეტულია, უფრო მეტად რაზე უნდა ვფოკუსირდეთ და ერთგვარად იგი გვაძლევს მოტივაციას, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სწორედ ამიტომაა, რომ პროექტებს, რომლებსაც დედლაინები არ აქვთ დაწესებული, შეუძლიათ, ჩვენს ვალდებულებათა სიაში კვირების და თვეების განმავლობაში შემორჩნენ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

ზოგჯერ ეს იმიტომ ხდება, რომ კონკრეტული პროექტი მოსაწყენი, არასაინტერესო გეჩვენებათ, ან სულაც იმიტომ, რომ უბრალოდ ძალიან ბევრ დეტალს მოიცავს. ასეთ შემთხვევაში, მას იქამდე დებენ დასაქმებული ადამიანები, სადამდეც შეუძლიათ, რომ გადადონ, რადგან მასზე მუშაობა არაკომფორტულია. ამის გამო კი, შეიძლება, ვერც ვერასდროს მიაღწიოთ ამ პროექტამდე, რადგანაც სხვა, უფრო მკაფიოდ განსაზღვრული დედლაინების მქონე პროექტები გადაგიღობავენ გზას.

შეიძლება, თქვენ, ერთი შეხედვით, არ გაგიჩნდეთ უარყოფითი დამოკიდებულება თქვენ მიერ სამუდამოდ გადადებული პროექტების მიმართ, თუმცა, რეალურად, მაინც იგრძნობთ იმედგაცრუებას, რომელიც თქვენს თავს თქვენვე მოუტანეთ. ამგვარი პროექტების მიმდინარეობისას, შეიძლება, ნებისმიერ დროს მოგკითხონ, თუ რა ეტაპზეა იგი, თქვენ კი სათქმელი არაფერი გექნებათ. სწორედ ამიტომაა, რომ დედლაინების არმქონე პროექტებს ყველაზე დიდი დაძაბულობა მოაქვთ ხოლმე.

და მაინც, როგორ უნდა გავზარდოთ მოტივაცია მაშინ, როდესაც სწორედ ამგვარი პროექტი გვაქვს ჩაბარებული, არც არავინ გვაჩქარებს და თავზე არ გვადგას? წარმოგიდგენთ სამ სტრატეგიას, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ:

დაუწესეთ თქვენს თავს დედლაინი

თუკი პროექტს არ აქვს დედლაინი, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ თქვენს თავს თქვენვე დაუწესოთ იგი. განსაზღვრეთ – კონკრეტული რიცხვი, რომლამდეც გაქვთ დრო, რომ ეს პროექტი დაასრულოთ, ან დროის კონკრეტული პერიოდი, რომელიც გინდათ, რომ ამ პროექტს დაახარჯოთ ან სულაც – ყოველ დღე გამოყავით დრო მასზე სამუშაოდ.

ფურცელზე დაწერეთ თქვენივე შეთანხმებები და ჩაინიშნეთ კალენდარში. თუკი იცით, რომ დაკავებული პერიოდის განმავლობაში უბრალოდ გვერდზე გადადებთ დედლაინის არმქონე პროექტებს, მაშინ საკუთარ თავს უფრო მეტი დრო აცალეთ, თუმცა მაინც – აირჩიეთ კონკრეტული რიცხვი ან პერიოდი მის შესასრულებლად.

მაშინ, როდესაც იმაზე ფიქრს დაიწყებთ, თუ როგორ უნდა განსაზღვროთ კონკრეტული პროექტის დედლაინი, გაითვალისწინეთ სხვა – მსგავსი ტიპის პროექტები. მაგალითად, თუკი დედლაინის არმქონე პროექტები ბევრი გაქვთ, გამოუყავით თითოს თითო თვე და იმუშავეთ მხოლოდ ერთ პროექტზე კონკრეტული პერიოდის განმავლობაში. რადგანაც ერთ საქმეზე ორიენტირება ბევრად უფრო მოგებიანია, ვიდრე რამდენიმეზე ერთად.

იყოლიეთ მეწყვილე, ვისაც ანგარიშს ჩააბარებთ

ხანდახან, ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც საქმეს დავასრულებთ არა საკუთარი თავის, არამედ სხვისი მხარდაჭერაა. როდესაც თქვენ სხვას უზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ დროის რა პერიოდში უნდა დაასრულოთ საქმე და რეგულარულად აწვდით სიახლეებს, სურვილი, რომ უფრო სწრაფად გააკეთოთ იგი, იზრდება. ხშირად, ადამიანები ირჩევენ მეწყვილეს, რომელსაც მუდმივად უყვებიან თავიანთი მიღწევების შესახებ. ეს შეიძლება იყოს გუნდის წევრი, უფროსი, მეგობარი, მწვრთნელი და ა.შ ხანდახან კი, ისეც ხდება, რომ თავიანთ საქმიანობაზე ადამიანები საჯაროდ ჰყვებიან და ასე კიდევ უფრო ივალდებულებენ საკუთარ თავებს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თქვენთვის რომელი გზა უფრო ეფექტური იქნება..

კომუნიკაციას ყოველთვის განსაკუთრებული ძალა აქვს. კომუნიკაცია სხვა ადამიანთან და თქვენი საქმიანობის შესახებ მოყოლა ავტომატურად გავალდებულებთ, ეს საქმიანობა უფრო წარმატებული, ეფექტური და სწრაფი გახადოთ. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი თქვენს საქმეს წაადგება, ასევე გაიღრმავებთ თქვენს მეწყვილესთან ურთიერთობასაც.

წაახალისეთ თქვენი თავი

მოტივაციის გასაზრდელ ბოლო გზად კი საკუთარი თავის წახალისებას გთავაზობთ. ამისთვის კი, საჭიროა, გაწეული სამსახურის სანაცვლოდ, საკუთარ თავს რაიმე ტიპის ჯილდოები დაუწესოთ. მაგალითად, როდესაც პროექტზე ერთ საათს დახარჯავთ, წადით ლანჩზე ან უყურეთ საყვარელი სერიალის ერთ სერიას. არ არის საჭირო, დიდი ჯილდოები, მთავარია, როგორმე მოახერხოთ საკუთარი თავის წახალისება, დროებით სხვა რამეზე გადართვა, შემდეგ კი – უკან დაბრუნება. სწორედ ამგვარი მიდგომა გაგიმძაფრებთ შეგრძნებას, რომ თქვენს ცხოვრებას არ წყდებით და მხოლოდ თქვენთვის არასასურველ საქმეზე არ ხარჯავთ დროს.

თუკი წამახალისებელი ჯილდოები არ არსებობს, მაშინ აკრძალვები სცადეთ. მაგალითად, თუკი ვერ მოახერხებთ, დაასრულოთ საქმე, მაშინ აუკრძალეთ თქვენს თავს საყვარელი TV შოუ-ს ყურება, მუსიკის მოსმენა და ა.შ მიზანი ისაა, რომ პროექტის დასრულების გარეშე საყვარელი საქმიანობა ვეღარ გააგრძელოთ.

საკუთარი თავისთვის მოტივაციის გაზრდა მაშინ, როცა დედლაინი არ არსებობს, ერთგვარი გამოწვევაა, მაგრამ ეს გადაულახავი არ არის. სცადეთ ზემოთ აღნიშნული სტრატეგიები იმისთვის, რომ მეტი პროგრესი მოუტანოთ საკუთარ თავს.

წყარო: HBR



განხილვა