in

„გვინდა, “not Museum” მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდეს, მაგრამ არა როგორც მუზეუმი, არამედ როგორც ცოცხალი და აქტიური სივრცე“

Startauperi
Startauperi

თანამედროვე ხელოვნების სტუდია “not Museum“, ორი წლის წინ, თამარ მჭედლიშვილმა და ირენა მახარაძემ შექმნეს. აქ, როგორც თანამედროვე ხელოვნებაში, არ არსებობს აკადემიური ჩარჩოები – სასწავლო პროგრამა მორგებულია თავისუფალ აზროვნებაზე, უბრალოდ, ხატვის სურვილსა და სიყვარულზე. პანდემიის დროს გამოწვევები არ აკლდათ, თუმცა, ამბობენ, რომ ადაპტაცია მოახერხეს და შემოდგომიდან ბევრ სიახლესაც გეგმავენ.

თამარ მჭედლიშვილი: სტუდიის შექმნის იდეა ჩემი იყო. სულ მინდოდა, საკუთარი ხელოვნების პატარა სკოლა მქონოდა. მაგრამ, რადგან თემა ხელოვნებასთან ერთად  ბავშვებსაც ეხებოდა, ვეძებდი ადამიანს, ვინც ხელოვნებაშიც და ბავშვებთან ურთიერთობაშიც ერთნაირად კარგად ერკვეოდა. მერე ირენა გავიცანი და ამ კუთხით საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდა. ჩემი სურვილი,  რომ გავუზიარე, აღმოჩნდა, რომ სტუდიის გახსნაზე ისიც დიდხანს ფიქრობდა.

გვიამბეთ “not museum”-ზე, ვისთვის არის სტუდია, რას ასწავლით? 

“not museum” თავისუფალი სივრცეა, რომელიც ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ბავშვებს, მოზარდებსა, სტუდენტებსა და მოყვარულებს სთავაზობს გაიცნონ ხელოვნების ისტორია, დაეუფლონ სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, ჩაერთონ სამომავლოდ დაგეგმილ სხვადასხვა ხელოვნების პროექტში, სემინარსა და აქტივობაში. “not museum”-ის სტუდია, საბაზისო კურსების პარალელურად, მუდმივად თანამშრომლობს ხელოვნების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან და მათი მონაწილეობით სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობებსა და პროექტებზე მუშაობს. სტუდიაში სამი განყოფილება ფუნქციონირებს: ხატვის პროგრამა, ხელოვნების კვლევითი ლაბორატორია და თანამედროვე ხელოვნების მაღაზია. ხატვის პროგრამაზე მოსწავლეების მიღება იწყება 4  წლიდან, ზედა ასაკის ზღვარი კი არ გვაქვს. ვასწავლით ხელოვნებას, ხატვას, ძერწვას, გამოყენებითი ხელოვნებას.

სტუდიის ხელოვნების ლაბორატორიაში, პროექტის Working Table ფარგლებში, ხუთი დამოუკიდებელი მკვლევარი მეოცე საუკუნის 80-90 იანი წლების ქართული ხელოვნების კვლევაზე მუშაობს. ამავე პროექტის ფარგლებში, ტარდება ხელოვნების ისტორიის ღია ლექციები სტუდენტებისთვის.

2019 წელს “not Museum”-ის კუთხე წარმოდგენილი იყო შანხაის Art and Design Education: FutureLab-ის გამოფენაზე. Art and Design Education: FutureLab ორი გამოცდილი გუნდის the West Bund Art და Design Fair team-ის ორგანიზებით 25 ნოემბერს გაიხსნა და 1 დეკემბრამდე დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მსოფლიოს 30-ზე მეტი პრესტიჟული ხელოვნების სკოლის პროგრამებსა და კონცეფციებს გაცნობოდა. ხელოვნების სკოლების ჩამონათვალში გახლდათ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრიც, რომლის ორგანიზებით, ჩვენი სტუდიის პროექტიც იქნა წარდგენილი. “not Museum”-ის კუთხეში დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, სრულყოფილად გაცნობოდა ჩვენი სწავლების მეთოდებსა და კონცეფციას. ასევე “სწრაფი კოდის” დახმარებით ციფრულ გალერეაში შესაძლებელი იყო ჩვენი სტუდიის მოსწავლეების ნამუშევრების დათვალიერებაც.

“not Museum”-ში გვაქვს მაღაზიაც, სადაც სტუდიის მოსწავლეების ნახატებთან ერთად, მათი ნამუშევრების ანაბეჭდებით გაფორმებული სხვადასხვა ნივთი: ჩანთები, ბლოკნოტები, წიგნის სანიშნები, ღია ბარათები და აქსესუარები იყიდება.

რას აძლევს “not Museum” მოსწავლეებს? 

სტუდიის შექმნის მთავარი მიზანი იყო არსებულ სიტუაციასა და გარემოში, ხელოვნების სფეროში ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება. ჩვენი სურვილი იყო ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის შეგვეთავაზებინა სივრცე, სადაც, პირველ რიგში, ხელოვნებასა და ხატვას შეიყვარებდნენ. ხშირად არის, რომ ადამიანი, რომელიც სამხატვრო სტუდიაში მიდის, თავიდანვე შედეგზეა ორიენტირებული, რაც არ არის სწორი. ხატვის სწავლის დროს შედეგზე მნიშვნელოვანი თავად პროცესია. ხატვის შესწავლის მსურველმა უნდა გააკეთოს არჩევანი, აკადემიური წესების მიხედვით, დაძაბულმა ისწავლოს, როგორ დახატოს ვაშლი, თუ უბრალოდ ჯერ ვაშლის ხატვის პროცესი შეიყვაროს და შედეგიც ბუნებრივად მოვიდეს?!  სტუდიის ხსენების დროს ხშირად ხაზს ვუსვამთ, რომ “not Museum” ეს არის თანამედროვე ხელოვნების სტუდია, რადგან ჩვენთან, როგორც თანამედროვე ხელოვნებაში, უარყოფილია აკადემიური ჩარჩოები. სასწავლო პროგრამა მორგებულია თავისუფალ აზროვნებაზე, უბრალოდ ხატვის სურვილსა და მის სიყვარულზე.

რატომ “not Museum”?

“not Museum” ქართულად რომ ვთარგმნოთ, გამოდის, რომ სტუდიას ჰქვია „არა მუზეუმი“. ანუ ეს არის სახელოვნებო სივრცე, ოღონდ არ არის მუზეუმი. როდესაც ადამიანები სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ მიდიან, პირველი რის ნახვასაც უმეტესობა გეგმავს, მუზეუმია. მუზეუმი ეს არის ქვეყნის, ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, მაგრამ უფრო არქივებს, სიძველეებს და ისტორიას ინახავს. გვინდა, სტუდია “not Museum” ქალაქის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდეს, მაგრამ არა როგორც მუზეუმი, არამედ როგორც უფრო ცოცხალი და აქტიური სივრცე. ეს ერთგვარი სიტყვების თამაშია, კონცეპტუალური ხელოვნებაა. მე პროფესიით მხატვარი ვარ და ვფიქრობ, ჩვენი სტუდია ნაწილობრივ ჩემი არტ-პროექტია, რომელიც ირენთან კოლაბორაციით შევქმენი. ამიტომ, სახელზე და ლოგოზეც ისე ვიფიქრე, როგორც ჩვეულებრივ ნამუშევარზე მიფიქრია. საბოლოო სახემდე კი, მე და ირენი, ერთობლივად მივედით.

როგორ მუშაობდა სტუდია პანდემიამდე? 

პანდემიამდე ორი წელი ჩვენთან სწავლა არასოდეს შეწყვეტილა. არდადეგების დროსაც ბავშვები გვთხოვდნენ, რომ დასვენება, რაც შეიძლება, ხანმოკლე ყოფილიყო. პანდემიამდე პატარების ჯგუფს საათი და 15 წუთიანი გაკვეთილები უტარდებოდათ. ამ დროის განმავლობაში ისინი თავად ანაწილებენ დროს: ხატავდნენ, ისვენებდნენ, ჩრდილების თეატრით თამაშობდნენ, ტკბილეულს მიირთმევდნენ. დიდების ჯგუფის გაკვეთილი ორ საათს გრძელდებოდა. თავისუფალ დროს ერთად დავდიოდით გამოფენებზე, ვაწყობდით ღია ლექციებს. ერთ-ერთი სახელოვნებო პროექტის ფარგლებში, სტუდიას ოთხი სოციალურად დაუცველი სტიპენდიანტი ჰყავდა, ქართველი თანამედროვე ხელოვანები გვიტარებდნენ ვორკშოპებს და ა.შ. სამწუხაროდ ეს პროექტი პანდემიის გამო შუა პროცესში შეწყდა, მაგრამ იმედი გვაქვს, სექტემბრიდან ისევ განვაახლებთ.

პანდემიის პერიოდში როგორ მოახერხეთ ადაპტირება?

კარგად მახსოვს, მარტში, ბოლო გაკვეთილზე სტუმრად „ჯგუფი ბულიონი“ გვყავდა. შემდეგ მუზეუმების გაერთიანებამ ერთ-ერთ გამოფენაზე მიგვიწვია, სადაც უკვე დისტანციას ვიცავდით, ოღონდ მაშინ პირბადეები არ იყო სავალდებულო. ამის შემდეგ სტუდია დავხურეთ. ჯერ ვიფიქრეთ, რომ ეს დროებითი იყო.  მაგრამ მალე მივხვდით, რომ რაღაცა უნდა შეგვეცვალა. პირველ ეტაპზე დავიწყეთ ვიდეო გაკვეთილები ბავშვებისთვის: „გამოყენებითი ხელოვნება სახლის პირობებში“. მეორე ეტაპზე დავამატეთ „ონლაინ“ გაკვეთილები „ზუმში“. შეიძლება ეს არ იყო ხატვის სრულყოფილი გაკვეთილები, მაგრამ დამიჯერეთ, იმ სტრესულ გარემოში ამ ტიპის შეხვედრებმა თერაპიული კუთხით თავისი საქმე ნამდვილად შეასრულა. თან ამ დისტანციურ გაკვეთილებზე რეგიონებიდანაც ჩაგვერთნენ მოსწავლეები. „ონლაინ“ სწავლება ზაფხულის დასაწყისში უკვე შევწყვიტეთ და არდადეგები გამოვაცხადეთ. ახლა სექტემბრიდან ვიწყებთ ჩვეულებრივი სასწავლო კურსს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ალბათ, ამ პროცესს თან ახლდა სირთულეებიც . . . 

გარკვეული ემოციური და ტექნიკური სირთულეები, რა თქმა უნდა, ახლდა „ონლაინ“ სწავლებას, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია. თან, ბავშვების და მოზარდების მხრიდან დიდი დაინტერესება იყო, გაკვეთილიდან გაკვეთილამდე დღეებს ითვლიდნენ. მოსწავლეების ასეთი აქტიური ჩართულობა ჩვენც გვამხნევებდა. თემებიც და აქტივობებიც მოვარგეთ შექმნილ ვითარებას, რომ გაკვეთილები ბავშვებისთვის უფრო მეტად სახალისო და საინტერესო ყოფილიყო. თუმცა, თავიდან მართლა ბევრი გამოწვევა გვქონდა – წარმოიდგინეთ, მოულოდნელად შეწყდა გაკვეთილები, ეს ყველასთვის სტრესული იყო. ძირითადი თემა მაინც ფინანსებია. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს კარგად გავუმკლავდით.

ზოგადად, კი, ჩვენი, როგორც სტარტაპის მთავარი გამოწვევა, ალბათ, ჩვენი კონცეფციის, ალტერნატიული სწავლების მეთოდის ხალხში გატანა და დაინტერესებაა. სიახლე და ოდნავ განსხვავებული ხედვა ბევრისთვის რთულად მისაღებია, რაც სტუდიის, როგორც ბიზნესის განვითარებას, დასაწყისისთვის ცოტათი აფერხებს.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

სექტემბერში ახალ სივრცეში, ათონელის ქუჩაზე გადავდივართ. წელს ხატვის კურსების პარალელურად, სტუდენტებისთვის საინტერესო აქტივობებიც იგეგმება. კვლევითი ლაბორატორიის ფარგლებში, გვექნება სიახლეებიც – თანამედროვე ხელოვანებთან შეხვედრები და ლექციების სერიები. სექტემბრიდან ვგეგმავთ „ონლაინ“ მაღაზიის გახსნას, სადაც გაიყიდება ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრები, მათი ანაბეჭდებით გაფორმებული ინვენტარი და თანამედროვე მხატვრებთან კოლაბორაცია. „ონლაინ“ მუშაობის გამოცდილებამ ახალი იდეები მოიტანა. ვფიქრობთ, რომ დისტანციურად კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება.

Yandex გახდა Yandex Go

ადამიანი-ადაპტაცია. – ამბავი თინა კავაძეზე