in

2 შემთხვევა იყო, როცა რეალურად მივხვდი, როგორი მენეჯერი მინდა ვიყო – ნუცა რამიშვილი

Noutsa Ramishvili
ფოტო: Ana Boko

როგორც ჩანს, დამოუკიდებლობას მიჩვეული ბავშვები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც დამოუკიდებლად იღებენ. თუ გადაწყვეტილება რთული ან მცდარი აღმოჩნდება, სხვას აღარ ადანაშაულებენ. თუ სწორი და წარმატებული გამოდგება, საკუთარი გადაწყვეტილებითაც უფრო თამამად ტკბებიან.

 

ყოველთვის დამოუკიდებელი ბავშვი იყო, ამიტომ სირთულეებს არ ელოდა, როცა საკუთარი ინიციატივით 15 წლის ასაკში ინგლისში Dauntsey’s სკოლაში წავიდა. მართალია, სწავლის იქაური მეთოდები და ახალი ურთიერთობები მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ წუწუნი არ უყვარს და არც მშობლებისთვის გაუმხელია, რომ ძალიან უჭირდა

იმ ფაქტორმა, რომ საქართველოს შესახებ სკოლაში არავინ იცოდა, საკუთარ გადაწყვეტილებაშისწავლა სტუმარმასპინძლობის მიმართულებით გაეგრძელებინა, კიდევ უფრო დაარწმუნა. პროფესიული გზაც ასე განვითარდა:

Glion-ის უნივერსიტეტი შვეიცარიაში, UCLA ლოს ანჯელესში, სამუშაო გამოცდილება Ritz-Carlton-ში და მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროებში. დღეს კი, ნუცა რამიშვილი Radisson BLU IVERIA, Tbilisi- საოპერაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს

Noutsa Ramishvili
ფოტო: Ana Boko

გადაწყვეტილება – პროფესია.

როცა პირველად წავედი სასწავლებლად საზღვარგარეთ  და მკითხეს ჩემი ქვეყნის შესახებ, გამიჩნდა მოტივაცია, რომ ვისწავლო სტუმარ-მასპინძლობა, დავაგროვო გამოცდილება და ჩემი ცოდნა მოვახმარო ჩემი ქვეყნის განვითარებას და გაცნობას საერთაშორისო ასპარეზზე. თუმცა ასე მოკლე დროში არ  ვგეგმავდი დაბრუნებას, მინდოდა კიდევ რამდენიმე წელი გამეტარებინა ამერიკაში. Მაგრამ როცა შემოთავაზება მივიღე დავხმარებოდი “სილქ ჰოსფითალითის” გუნდს გარკვეულ ეტაპზე, სიხარულით დავთანხმდი. ეს ყველაფერი კი ჩემს განვითარებაში გადაიზარდა და 2 წელია ბევრად უფრო მეტი მონდომებით და ენთუზიაზმით ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ამერიკაში დავიწყე. აქ სამშობლოს განცდა მაქვს და მიხარია, როდესაც სტუმარი არა მარტო ჩვენს სასტუმროებზე არამედ, საქართველოზე აკეთებს დადებით შეფასებებს. 

გადაწყვეტილება – შვეიცარია.

Glion institute of higher education – საუკეთესო უნივერსიტეტია ამ მიმართულებით, კამპუსიც დიდებული აქვს. ყველა 6 თვიან სწავლებას მოყვება პრაქტიკა, რაც ამ ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილებაც შვეიცარიაში იყო, Kempinski-ში, სადაც ქროს-ტრეინინგების პარალელურად მომიწია მუშაობა დიასახლისად, მიმტანად, მიმღებად. შეიძლება საქართველოში და უცხოეთში იგივე პოზიციებზე საქმეს ერთნაირი მოტივაციით აკეთებდნენ, მაგრამ იქ გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ და ბუნებრივია, ენთუზიაზმიც უფრო მეტია. რეალურად, ეს გამოცდილება, რაც იქ მივიღე მეხმარება და სტიმულს მაძლევს, რომ იგივე გარემო დავნერგოთ საქართველოში, კარგი პირობები მივცეთ დასაქმებულებს და მათგანაც საუკეთესო შედეგი მოვითხოვოთ. 

 

ფოტო: Ana Boko

“ჩემს კარიერაში იყო შემთხვევები, როცა რეალურად მივხვდი, როგორი მენეჯერი მინდა ვიყო”

Ritz-Cartlon- ში მუშაობისას, სასტუმროს გენერალური მენეჯერი მუდმივად ჩართული იყო ყველა საოპერაციო საქმიანობაში და სტაჟიორებს გვარკვევდა სასტუმროს ფუნქციონირების ყველა მნიშვნელოვან დეტალში.  ამ მაგალითის მერე, სულ ვცდილობ, რომ ყველგან ვიყო, სადაც გუნდს სჭირდება, ყველას პირადად ვიცნობდე და ვეხმარებოდე. დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამშრომლებისთვის სწორედ ასეთი მენეჯერი ვარ.

მეორე გაკვეთილი, რაც კარგად მახსოვს Kempinski-ში მუშაობისას მივიღე. მიშელინის რესტორანში განსხვავებულად მკაცრი მოთხოვნები ჰქონდათ. მაღალქუსლიანი სამუშაო ფეხსაცმლით გვიწევდა დღეში 14 საათი მუშაობა მძიმე ჭურჭლის თანხლებით. იქ მუდმივად ის მესმოდა, რომ თუ არ განიცადე ეს ტკივილი, არ გაიარე ეს გზა, ვერასდროს გახდები კარგი მენეჯერი და ვერ შეძლებ დააფასო იმ ადამიანების შრომა, ვინც შენს დაქვემდებარებაში იქნება. დღეს, რეალურად სასტუმროში არც ერთი პოზიცია არ არის, რომელიც არ ვიცი, არ მესმის და არ გამომივლია. 

სულ ბოლოს კი, ლოს ანჯელესში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ქსელში Relevant hospitality, სადაც განსაკუთრებული ყურადღება სტუმრის დახვედრისთვის მზადებას ექცეოდა. ვფლობდით ინფორმაციას სტუმარზე, წინა ვიზიტზე კლასიკური კოკა-კოლა მიირთვა, თუ უშაქრო ?!  ვიცოდით, რომელი ვისკი უყვარდა, როგორ ომლეტს ანიჭებდა უპირატესობას და ეს დიდი მოულოდნელობა იყო მათთვის, როდესაც ყველაფერი მათი გემოვნების მიხედვით გამზადებული ხვდებოდათ. 

“პერსონალური მიდგომები სტუმრებთან ის არის, რაც ძალიან მომწონს და მეც, როგორც სტუმარს აღმაფრთოვანებს”

M:ბოლო დროს სიახლეების დანერგვაზე მეტად, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია სირთულეებს ებრძვის. რა გამოწვევებს ხვდებით Radisson -ში?

პანდემიასთან დაკავშირებით გლობალური სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია. საზღვრები მეტწილად ჩაკეტილია და ბევრად ნაკლები სტუმარი კვეთს საზღვარს.  გვიწევს სტუმრების შემოწმება, პროტოკოლის მიხედვით წესების დაცვა. რადგან თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია.

კრიზისის მენეჯმენტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორი გეგმის შემუშავებაა. ვაკვირდებოდით ევროპის დინამიკას და ვიცოდით, რომ ეს ეტაპი ჩვენთანაც დადგებოდა. შესაბამისად, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდით. 

პანდემიამ ბევრი მნიშვნელოვანი გამოცდილება შეგვძინა და დაგვანერგინა უფრო მოქნილი სერვისები სასტუმროებში, რამაც განაპირობა სეგმენტების გაფართოვება და მათი მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება. 

თქვენი საერთაშორისო გამოცდილების მაგალითზე, რა ტრენდებია მსოფლიოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში და მიჰყვება თუ არა Radisson  ამ სიახლეებს?

ყველაზე დიდი ტრენდი უცხოურ სასტუმროებში არის – exceeding customer expectations.

სასტუმროში მისვლამდე, სასტუმროს გუნდმა უკვე იცის რა გიყვარს. Data base-ში მუშაობა საქართველოში ჯერჯერობით ასეთი განვითარებული არ არის. იქ ბევრი ისეთი პროგრამაა, რაც მომხმარებელზე ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაში გეხმარება, ბუნებრივია, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ლეგალურ ჩარჩოებში. ასე direct marketing-ის მიმართულებით მუშაობა ბევრად ადვილია. მართალია სტუმრები, რომლებიც ბიზნეს ვიზიტით არიან როგორც წესი არ ელოდებიან რაიმე განსაკუთრებულს და სურთ მაქსიმალური კომფორტი და სტანდარტული მომსახურების მიღება, მაგრამ სტუმრის პირადი საჭიროებების წინასწარი ცოდნით და მათი სურვილების გათვალისწინებით,  სასტუმროზე ყოველთვის დამატებით შთაბეჭდილებას შევუმქნით.

ტრენდი, რომელიც არ იცვლება და არ შეიცვლება არის “სტუმარი ყოველთვის მართალია”. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გამოწვევაა, როცა რაღაცით უკმაყოფილო სტუმარს კმაყოფილს ხდი და ცდილობ შეცდომა მაქსიმალურად ოპერატიულად და უმტკივნეულოდ გამოასწორო. სტუმარი ყოველთვის გრძნობს გულწრფელ ემოციებს და რაც უფრო გულწრფელები ვიქნებით ჩვენი შეცდომის გააზრებაში და შემდგომ მოქმედებაში, მით უფრო კმაყოფილს დავტოვებთ ჩვენს მომხმარებლებს. საოპერაციო გუნდის თითოეული წევრი ჩართულია სტუმრის უკუკავშირის შეფასებაში, ანალიზში და დროულ რეაგირებაში.

 

M: სად არის დღეს Radisson და სად ხედავთ მას სამომავლო გეგმის მიხედვით?

Radisson ერთ-ერთი პირველი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო თბილისში. საერთაშორისო ბრენდი ყველასთვის უცხო და საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ბევრი სხვადასხვა ტიპის ახალი სასტუმროა, Radisson-ში სტუმრობისას იცი, რომ აუცილებლად მაღალი მომსახურების სტანდარტი დაგხვდება. ნდობა უფრო მეტი გაქვს. 

ტრენდების მიხედვით სასტუმროები მსოფლიოს გარშემო ახლა უფრო ტექნოლოგიური და ეკოლოგიურია, ვიდრე ოდესმე იყო. ნომრები იხსნება ტელეფონის კოდით და აღარ არის საჭირო პლასტიკური ბარათების გამოყენება. ნაკლები ქაღალდი იბეჭდება და იზოგება წყალი. ცდილობენ დაახარისხონ გამოყენებული და გამოუყენებელი ინვენტარი, რაც ხელს უწყობს წყლისა და ელექტრო ენერგიის მოხმარების შემცირებას.ნაწილი ჩვენთანაც უკვე დანერგილია, თუმცა გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და ეს ყველაფერი ჩვენს სასტუმროებშიც აუცილებლად იქნება. 

საერთაშორისო ქსელის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მათ კველვებზე დაყრდნობით ვსაზღვრავთ რა უფრო რენტაბელურია ჩვენი მარკეტისთვის.

თბილისის Radisson-ში განსაკუთრებულად იგრძნობა ხარისხი

Radisson-ის ბრენდებიდან Collection ყველაზე მაღალი კატეგორისაა და მსოფლიოში საუკეთესოა. Radisson Blu – სტანდარტულად პრემიუმ სასტუმროდ არის მიჩნეული, თუმცა, თბილისის ივერია განსაკუთრებულია ხარისხით და გამოირჩევა მისი ისტორიით, არქიტექტურით, ინტერიერით და ფუნქციით.  სხვადასხვა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსებზე თბილისის Radisson-მა არაერთი ჯილდო მოიპოვა.  ბევრი წლის წინ, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებლების ხედვა სწორედ ეს იყო – ისტორიული ივერია თბილისის შუაგულში, გამხდარიყო ქვეყნისთვის საამაყო სასტუმრო. ჩანაფიქრი კი დღეს უკვე რეალობაა.

“ქართველებს სხვანაირი მიდგომა გვაქვს სტუმარ-მასპინძლობის საკითხებში – გენეტიკურად გვახასიათებს – სტუმარი კმაყოფილი გავუშვათ სახლიდან”

 

შეიძლება ქართველებს კარგად გამოგვდის, თუმცა ბევრს ახლა ვსვწავლობთგრძელი გზა გვაქვს გასავლელი სანამ, პირობითად, თურქეთის, ან საფრანგეთის ნიშნულთან მივალთ მომსახურებაში

ზოგადად, ქართველებს ყოველთვის უფრო მეტი გვაქვს დასამტკიცებელი. კითხვით, სწავლით და სიახლეების დანერგვით მალე მივაღწევთ საუკეთესო შედეგს. 

ამ ინდუსტრიაში “სილქ ჰოსფითალითი” და Radisson იმით განსხვავდება სხვებისგან, რომ დიდი დრო და რესურსი ეთმობა კადრების გადამზადებას და მათში ინვესტიციის ჩადებას. ყველანაირად ვცდილობთ, თანამშრომელმა ყველა მიმართულებით მოსინჯოს მისი ძალები, რამაც შედეგად მოგვცა მენეჯერები წამყვან პოზიციებზე, რომლებმაც წლების წინ დაბალი პოზიციებით დაიწყეს მათი კარიერული საქმიანობა. დღეს კი ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალები არიან თავიანთ საქმეში.

 

ფოტო: Ana Boko

 

ტურისტად რომ ჩამოვდიოდე საქართველოში აუცილებლად Radisson-ში დავრჩებოდი

Იმიტომ რომ, მიყვარს კარგი სერვისი, ხარისხის შეგრძნება. როცა ამ ინდუსტრიაში ხარ და სადმე მიდიხარ ბევრად მეტ დეტალს აქცევ ყურადღებას. აქ კი ზუსტად ვიცი შიდა სამზარეულო და მოლოდინებიც შესაბამისი მაქვს. 

Რედისონის მკვეთრად დამახასითებელი ფილოსოფია, რომელსაც “Yes I Can”-  დიახ, მე შემიძლია! ჰქვია,  არის მომსახურების კულტურა რომელსაც პირველი დღიდან ვუნერგავთ თანამშრომლებს, რაც უწყობს ხელს პროაქტიული და კრეატიული სერვისის შესრულებას და სტუმრების უფრო მაღალ კმაყოფილებას.

“სტუმარ-მასპინძლობა დასვენების დღეებში ჩემთან სახლში გრძელდება”

თავისუფალ დროს არ მიყვარს სახლიდან გასვლა – ძირითადად სახლში ვიღებთ სტუმრებს, სადაც მე, ჩემი მეუღლე – თემიკო და ჩვენი ძაღლი – მარლო ვცხოვრობთ.  ყოველი შაბათი-კვირა ჩვენი დიდი სამეგობროსთვის გვაქვს განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ არ ვამზადებ, სტუმრების მიღება ჩვენთვის დიდი რიტუალია. ლამაზად ვაწყობ მაგიდას, თუნდაც გამოძახებული საჭმლის დასალაგებლად, ვემზადები და კარგ განწყობას ვიქმნი.

სულ 1 წელია რაც ამ სახლში ვცხოვრობთ. ინტერიერი ჩემი გემოვნებით და დედაჩემის რჩევების გათვალისწინებით მოვაწყვე. მინდოდა, რომ ჩემი განწყობების შესაბამისი ყოფილიყო, ხალისიანი, ფერადი.  სახლში დაბრუნებისას მინდა რომ დადებითი განწყობა მხვდებოდეს. ვფიქრობ, აქ ყველა დეტალი ჩემს ხასიათს შეესაბამება.

“რაღაცით მგავს ეს სახლი და ალბათ მეგობრებსაც ამიტომ უყვართ აქ მოსვლა”

მარლოც სტუმართმოყვარეა, ჩვენთან ერთად მასპინძლობს ხოლმე მეგობრებს.  დაბრუნების უპირატესობაც სწორედ ეს არის. ამერიკაში მხოლოდ მე და მარლო ვიყავით, აქ კი ახალი ოჯახი, დიდი სამეგობრო და ისეთი სამსახური მაქვს, რომელიც მხოლოდ პროფესიულ ზრდას ან განვითარებას კი არ ემსახურება, არამედ უფრო დიდ მიზანს – ჩემი ქვეყნის გაცნობას მსოფლიოს მასშტაბით.  

 

ავტორი: ნუკა ჩოხელი

Leica-მ, ბრენდის ისტორიაში პირველად, მაჯის საათები გამოუშვა

სიცოცხლისთვის შესაფერისი ეგზოპლანეტა დედამიწასთან ახლოს მდებარეობს