in

Novelty – როგორ ვითარდება სტენფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ქართული პლატფორმა?

ეს ის შემთხვევაა, როდესაც სტატიის კითხვისას, ძნელია არ გაგვახსენდეს კინოფილმი „სოციალური ქსელი“, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის გარემოში, Facebook-ის დაფუძნების ისტორიას ეძღვნება. იქნებ, ერთ დღეს, ფილმი ერთ ქართულ მობილურ პლატფორმაზეც გადაიღონ, რომელიც ძმებმა გიორგი და ნიკა ქორელებმა სტენფორდის ბიზნესის სკოლაში შექმნეს. Novelty კომუნებზე დაფუძნებული სოციალური ქსელია, რომელიც მის მომხმარებლებს მეტი ჩართულობის საშუალებას აძლევს და Web 3.0 სამყაროსკენ უკვალავს გზას. ესაა მილენიალებისა და თაობა Z-ისთვის განკუთვნილი სამყარო, სადაც ივენთების შექმნით შემოსავლის მიღების მექანიზმიც არსებობს. აპლიკაციამ $320 000-იანი ინვესტიციაც მოიზიდა და უფრო მეტი მასშტაბირებისთვის ემზადება. Novelty-ში დარეგისტრირდება, ამ დროისთვის სმარტფონით, მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი – მომხმარებელი ან სტენფორდის სტუდენტი უნდა იყოს ან უკვე რეგისტრირებული ადამიანის რეფერალს წარმოადგენდეს. დეტალებზე კომპანიის თანადამფუძნებელი ნიკა ქორელი გვესაუბრა.

M: რა მიგაჩნიათ Novelty-ის უპირატესობად?

დღევანდელ ბაზარზე ასეთი სიტუაცია – არსებული დიდი ივენთ-პლატფორმები (Facebook, Eventbrite…) მოძველებულ სისტემაში (Web 2.0) ცხოვრობენ. იქ სერვერები ცენტრალიზებულია და მომხმარებლებს საკუთარ კონტენტზე ნაკლებად აქვთ კონტროლი. ჩვენ კი, პლატფორმის მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ, თავად გახდნენ პლატფორმის ნაწილი, მიიღონ ჯილდოები, გადაწყვეტილებები. ფაქტობრივად, ესაა ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია. მომხმარებელს შეუძლია იყოს გადაწყვეტილების მიმღები, იმასთან დაკავშირებით, თუ საით განვითარდეს კომპანია, ვინ იყოს მის დამფუძნებელთა საბჭოში, რაღაც დონეზე კომპანიის მმართველობაშიც მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ, მომხმარებლებში Web 3.0 კონცეფცია შემოგვაქვს და ვეხმარებით, თავად გახდნენ კრეატორები – შექმნან ივენთები და აქედან მიიღონ ჯილდო.

M: რით განსხვავდება ეს ღონისძიებები ივენთის იმ ტრაციდიული გაგებისგან, რასაც Web 2.0-ში მივეჩვიეთ?

ჩვენ ვართ კომუნაზე ორიენტირებული პლატფორმა. მომხმარებლები პირდაპირ ხედავენ, თავიანთ კომუნებში მიმდინარე ივენთებს. ამას გარდა, ჩვენი პლატფორმა Mobile First პრინციპისაა, Facebook-ისა და Eventbrite-გან განსხვავებით. ეს ჩვენი სამიზნე სეგმენტიდან გამომდინარეობს – მილენიალებისა და Z თაობისგან. Mobile First-დან გამომდინარე, თქვენ არ დაგჭირდებათ მულტიმედიური ფაილების დესკტოპზე გადატანა და იქიდან ატვირთვა, არც კონტაქტების სათითაოდ მოწვევა – ეს ავტომატურად გაკეთდება. სისტემა ივენთის ორგანიზატორს უფლებას აძლევს, გააკონტროლოს, ვინ მოდის ივენთზე და ვინ – არა.

M: რას უკავშირდება კომპანიის სახელი?

Novelty სიახლეს ნიშნავს და გვინდა, კომუნებს სწორედ ეს შევთავაზოთ. იდეურად, ესაა გამოცდილებაზე დაფუძნებული პლატფორმა. ადამიანები ახალ შთაბეჭდილებებს იძენენ. სწორედ აქედან მოდის სახელიც.

M: როგორ განვითარდა Novelty, დაფუძნებიდან ერთი წლის განმავლობაში?

ჩვენ ეჯაილ მიდგომით ვმუშაობთ. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უკუკავშირს. მე – დეველოპერულ გუნდს ვხელმძღვანელობ, რომელიც ინდოეთში, უკრაინასა და საქართველოშია განაწილებული, ჩემი ძმა – მარკეტინგსა და პროდუქტის გავრცელებაზე ზრუნავს. როდესაც ფუნქციას დავაპროგრამებთ, მაშინვე ვუშვებთ ბაზარზე, შემდეგ – უკუკავშირს ვაგროვებთ და ეს გაუმჯობესებაში გვეხმარება. ამ დროისათვის, პრე-სიდ რაუნდი $320 000-იანი ინვესტიციით დავხურეთ და სიდ რაუნდისთვის ვემზადებით.

M: თქვენზე გვიამბეთ, ვინ დგახართ კომპანიის სათავეში?

ჩემი ძმა, გიორგი ქორელი Novelty-ის დირექტორია. ის სტენფორდის ბიზნესის სკოლაში სწავლობს, MBA-ზე. მას აქვს დიდი გამოცდილება People პროდუქტში, მუშაობდა საინვესტიციო ბანკინგში, მარკეტინგში. ჰქონდა აქტიური სპორტული კარიერა – მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია ჭიდაობაში. მე – კომპანიის ტექნიკური დირექტორი ვარ. ჩემი კარიერა აკადემიური კუთხით წარიმართა – დავიწყე პროგრამირებით, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით წარიმართა ჩემი პროფესია, შემდეგ იტალიაში მოვიპოვე მაგისტრის ხარისხი. ჩემი სადოქტორო ხარისხიც Computational Economics-სა და IT სფეროს უკავშირდება. შემდეგ, ლონდონში,  Oliver Wyman-ში ვმუშაობდი ეკონომიკის კუთხით.

M: თქვენ ახსენეთ, რომ პლატფორმა დაჯილდოების პრინციპით მუშაობს. რა იგულისხმება ამაში?

გვინდა კონტენტ კრეატორებს მივცეთ მოტივაცია. ჩვენ მათ საკუთარ კრიპტოვალუტას მივცემთ, რათა საინტერესო ივენთების კეთების მოტივაცია ჰქონდეთ. შეფასებას თავად მომხმარებლისგან მიიღებენ. რაც უფრო მეტი ადამიანის შეფასებას მიიღებთ, მით მეტი იქნება ჯილდო. ამ მიზნით, Solana-ს სისტემაზე ვაკეთებთ საკუთარ ქოინს, რომელიც კრიპტობირჟაზე გაიყიდება. შესაბამისად, ეს დამატებითი შემოსავლის წყარო გამოდის.

M: რა ეტაპზეა ახლა სტარტაპი და როგორია გეგმები ქართულ კომუნებთან დაკავშირებით?

ამ დროისთვის, Novelty-ის ბეტა-ტესტირება სტენდფორდის ბაზაზე მიმდინარეობს. ტესტირების შემდეგ, ყველა წამყვან კოლეჯში ვაპირებთ შესვლას – Harward, MIT… სადაც ძლიერია კომუნა. საქართველოს უნივერსიტეტების ჩართვასაც ვაპირებთ.

პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი ღირებულება საწყის ეტაპზე მოდის. შემდეგ ეტაპზე, ეს ხარჯი ნაკლებია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვცადოთ ქართულ ბაზარზე. საქართველოში არის ისეთი კომუნები, სადაც საინტერესო იქნება ცდა.

M: Novelty მხოლოდ სტუდენტური კომუნებისთვისაა საინტერესო თუ სხვა სეგმენტიც მოიაზრება?

პირველი ნაბიჯი სტუდენტურ კომუნებში გადავდგით, თუმცა, ამერიკულ კომპანიებში ვხედავთ მსგავსი პლატფორმის საჭიროებას. კომპანიაც, თავის მხრივ, კომუნაა, სადაც ადამიანებს ერთმანეთის ივენთების გაზიარება სურთ.

M: როგორ ხედავთ კომპანიის განვითარებას?

ყველაზე დამაიმედებელი მიმართულება, რა თქმა უნდა, Web 3.0-ია. ეს ნიშნავს, რომ ყველაფრის ვირტუალიზაცია შეიძლება მოხდეს. NFT მხოლოდ დასაწყისია. ყველაფრის გაციფრულება შეიძლება. ივენთის შემქმნელები რა კონტენტსაც ქმნიან, იმის გაციფრულებაც შეიძლება. დღესდღეობით, მსოფლიოში Software სერვისების ბუმია. შესაბამისად, IT სერვისები მოთხოვნადია. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ქართველი ნიჭიერი პროგრამისტების მოზიდვა, რომლებსაც Web 3.0 აინტერესებთ. ქართველ ახალგაზრდა ტალანტებთან თანამშრომლობის დიდი სურვილი გვაქვს.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

[R]

ქართული ანიმაცია “მიტოვებული სოფელი” Cannes Shorts-ის კონკურსის ნომინანტია

$11.7-მილიონიანი ოქროს კუბი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში განათავსეს