in

„დაიკავეთ ადგილები, ვიწყებთ!“ – NS Studio-მ ხელნაკეთი ავეჯის პირველი კოლექცია შექმნა

„NS STUDIO ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში შევქმენით. მაშინ მთავარი მიზანი იყო ჩვენით გვესწავლა, შეგვექმნა და ჩვენი ადგილი დაგვემკვირდებინა ამ სფეროში. ძალიან დიდი და თავდაუზოგავი შრომის დახმარებით, ეს ყველაფერი სრულფასოვანი სტუდიის სახით ჩამოვაყალიბეთ და დღეს, დიდი გუნდის თანამონაწილეობით იქმნება ყველა ჩვენი პროექტი“, – ნინი ჭანტურიამ და ლუკა ჩაგანავამ NS Studio ათი წლის წინ ჩამოაყალიბეს და ამ ხნის განმავლობაში, თავიანთი არქიტექტურული ხელწერით დაგვამახსოვრეს თავი. ცოტა ხნის წინ, ხელნაკეთი ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების ბრენდი ჩამოაყალიბეს და მომხმარებელს NS Product-ის სახელით გააცნეს – სადა, მარტივი კონცეფციის ავეჯი, რომელშიც ავტორების განსხვავებულ სტილს მარტივად ამოიკითხავთ. ავეჯის პირველი კოლექცია უკვე შეიქმნა, სახელწოდებით Take a Seat, We Are Starting. ამგვარად, NS Studio-ს გუნდმა სიმბოლურად აღნიშნა ახალი ბრენდის შექმნა და ბაზარზე დასამკვიდრებლად თამამი განაცხადიც გააკეთა. ნინი ჭანტურიამ და ლუკა ჩაგანავამ გვიამბეს, რას გამოხატავს და როგორ იქმნება NS Product. ასე რომ, „დაიკავეთ ადგილები, ვიწყებთ!“.

M: ათი წელია, რაც არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობთ. რა შთაგაგონებთ პროექტების შექმნისას, ყველაზე მეტად? 

ლუკა: ვცდილობთ, დროსთან ერთად ადეკვატურად მოხდეს ჩვენი განვითარება. რატომღაც აღქმულია, რომ პროექტების შექმნის მთავარ წინაპირობას შთაგონება, შემოქმედებითობა წამოადგენს. ვფიქრობ, ბევრი ამოცანის ერთობლიობაა, რომელიც ძალიან კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. თუ შთაგონებაზე ვკონცენტრირდებით, ცალსახად გარემო გვკარნახობს ყველაზე მეტს.

მიგვაჩნია, რომ დღევანდელ რეალობაში ვქმნით ხარისხიან არქიტექტურას, ინტერიერს და პროდუქტს, რაც შეიძლება ითქვას, ჩვენი ერთგვარი ხელწერაცაა.

M: როგორ მიხვედით NS Product-ის შექმნის გადაწყვეტილებამდე?

ნინი: ჩვენი თითოეული პროექტისთვის ყოველთვის ვქმნით ინდივიდუალურად სხვადასხვა ტიპის ინტერიერის ელემენტებს. ვფიქრობთ, ამგვარი მიდგომით სივრცე უფრო მეტ ინდივიდუალიზმს იძენს და კიდევ უფრო საინტერესო და გამორჩეული ხდება მესაკუთრისთვისა და მნახველისთვის. შესაბამისად, მუდმივად გვქონდა იდეა პროდუქტის დიზაინი ცალკე მიმართულებათ ჩამოგვეყალიბებინა. ჩავთვალეთ, რომ უკვე მზად ვიყავით ახალი გამოწვევებისთვის, აღნიშნული მიმართულებით და პირველ ივლისს ჩვენი პირველი კოლექცია წარვადგინეთ.

ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ძალიან კარგი სტუდიაა, რომლიც ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, თუმცა საერთო ჯამში, მრავალფეროვნების საჭიროებას ვხედავთ. ამიტომ NS Product-ის სახით ხშირად უნდა ელოდოთ საინტერესო სიახლეებს.

M: როგორია NS Product-ის, როგორც ბრენდის კონცეფცია?

ლუკა: ბრენდის მიზანი, პირველ რიგში, მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის შექმნა და წარდგენაა. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაო პროცესს, საკმაოდ სასიამოვნო და ამავდროულად, ძალიან შრომატევადია. ინტერიერის, ერთი შეხედვით, მარტივი ელემენტი სინამდვილეში უამრავი მცირე დეტალის ერთობლიობას წარმოადგენს, რომელთა სწორად დაკავშირება, შეხამება და შეფუთვა პროდუქტის საბოლოო დასრულებულ იერსახეს ქმნის. პროდუქტზე მუშობის პროცესი თავდაპირველი იდეის, საჭიროების, სწორი ფუნქციის, შესაბამისი ფორმისა და მასალის შერჩევით იწყება. ბევრი ჩანახატისა და მცირე მოდელების შექმნის შემდეგ, ვარჩევთ საბოლოო მასალებს, ფერთა გამასა და სხვა დამხმარე კომპონენტებს. შემდეგ კი, დასრულებული ორიგინალი ზომის პროტოტიპზე, წვრილმანი დეტალების დახვეწა და გამოსწორება ხდება.

M: რა გამოარჩევს NS Product-ს?

ნინი: იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქტის დიზაინზე უკვე 10 წელია ვმუშაობთ, ვფიქრობთ, ზუსტად ვიცით რისი დეფიციტია, რა ელემენტები შეიძლება იყოს უფრო მოთხოვნადი ბაზარზე. ინტერიერზე მუშაობისას სწორედ ისეთი პროდუქტების შექმნა გვიწევს, რომელთაც ადგილზე ვერ ვპოულობთ, პროექტისთვის შესაბამისი ზომის, ფერის ან სხვა მახასიათებლის გათვალისწინებით. ამის გარდა, ვთვლით, რომ ამ მიმართულებისადმი ჩვენი სტილისტიკა და შემოქმედებითი მიდგომა დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი იქნება მომხმარებლისთვის.

M: რა არის თქვენთვის და თქვენი გუნდისთვის ამ საქმის კეთების მთავარი მოტივაცია?

ლუკა: გუნდის მნიშვნელობა და ჩართულობა თითოეულ პროქტში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს საქმე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომლსაც ძირითადად განცალკევებულად, როგორც სამსახურს არც აღვიქვამთ. დღეს საქართველოში თვალსჩინოა უხარისხო არქიტექტურის შედეგები, რისი გადაფარვაც, შეძლებისდაგვარად გამოსწორებაც, ჩვენთვის ერთგვარი მოტივაციაა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია ხარისხიანი არქიტექტურის შექმნით შევცვალოთ ზოგადი ნეგატიური ფონი. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სასიამოვნოა როდესაც გუნდი გაძლევს დიდი არქიტექტურული კომპანიის შექმნის მოტივაციას, რომლის პრეცენდენტიც არ არის საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე გასვლისკენ გიბიძგებს. ამ დიდი პერსპექტივის დანახვა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის დიდი მოტივატორია.

თავისთავად, დიდი მოტივატორია წარმატებით დასრულებული თითოეული პროექტი, მნახველის შთაბეჭდილება, დადებითი ემოცია. თუმცა არანაკლებია ნებისმიერი დაბრკოლება და სირთულე, რაც პოექტირების ყველა ეტაპზე გვხვდება.

M: როგორ გაიზარდა თქვენი საქმიანობა ამ წლების განმავლობაში და რას გეგმავთ სამომავლოდ?

ნინი: 2013 წელს, კომპანია ორმა არქიტექტორმა დავაარსეთ. დიდხანს ვემზადებოთ გუნდის გასაზრდელად. 2020 წლიდან დაიწყო გუნდის უწყვეტი ზრდა. მიზნად გვაქვს, შევქმნათ დიდი საპროექტო გუნდი, რომელიც ჩვენი რეალობისთვის იქნება ახალი პრეცენდენტი. სწორედ ამ გუნდის დახმარებით გვინდა მასობრივად გავავრცელოთ ხარისიანი არქიტექტურა, მიუხედავად პროექტის ბიუჯეტისა და მასშტაბისა, სადაც წინა ფლანგზე იქნება წამოწეული შინაარსი, სწორი კონტექსტი, არქიტექტურული ესთეტიკა, დეტალიზაცია და შესრულების ხარისხი.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

როგორ უნდა შეადგინოთ ბიუჯეტი ეკონომიკური კრიზისის დროს?

რამდენად აუცილებელია ჯანდაცვის სამყაროში ბრენდინგი?