22
May
2019

საქართველოში ესპანური საპროექტო – საინჟინრო კომპანია NTI გაიხსნა

22 May 2019

საქართველოში, სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების ესპანური საპროექტო – საინჟინრო კომპანია NTI-ს პირველი ფილიალი გაიხსნა.

 

„ეს არის მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც საქმიანობას საინჟინრო, პროექტირების და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებებით ახორციელებს. NTI-ს მისია არის, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, განვითარების ახალი მოდელების ჩამოყალიბება“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, NTI ქართველ დამკვეთებს კერძო და საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, რაც საინჟინრო პროექტების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, გარემოს დაცვის, სატრანსპორტო და რელიეფის საინჟინრო და დიზაინის შექმნის სერვისს გულისხმობს.

ფილიალის გახსნაზე, მხარეებს შორის მოლაპარაკებები, 2018 წლიდან მიმდინარეობდა. NTI-ს წარმომადგენლობის დამფუძნებლები ქართული მხრიდან ირაკლი ორჯონიკიძე და დავით ზაქარიაძე არიან.

„ესპანეთში ცხოვრების პერიოდში რამდენიმე დიდ პროექტზე მუშაობისას შეხება მქონდა NTI-სთან და გავეცანი მათ სერვისებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2017 წლიდან საკონსულტაციო სფეროში პროექტებზე აქტიურად ვმუშაობ. აღნიშნული გამოცდილების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ადგილობრივ ბაზარზე სამშენებლო ზედამხედველობის მომსახურებაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ გადავწყვიტე, პარტნიორ, ირაკლი ორჯონიკიძესთან ერთად დამეარსებინა აქ NTI-ს წარმომადგენლობა და ქართველი მშენებლებისთვის უმაღლესი ხარისხის სერვისი ჩვენს რეალობასთან შესაბამისი ფასით შემეთავაზებინა”, –  ამბობს დავით ზაქარიაძე.

საქართველოში NTI-ის თანადამფუძნებელი დავით ზაქარიაძე

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, NTI-ს​ სერვისებს შორისაა შრომითი უსაფრთხოების მონიტორინგიც, რაც ასევე აქტუალური პრობლემაა საქართველოში – მას შემდეგ, რაც დეველოპერულ კომპანიებს შრომის უსაფრთხოების ნორმების კონტროლის ვალდებულება კანონმდებლობით დაეკისრათ, გაიზარდა მოთხოვნა ამ მომსახურებაზე.

NTI-ს გუნდი, მათი თქმით, ქართველი და ესპანელი სპეციალისტებით, სამოქალაქო და სამრეწველო ინჟინრებით, ასევე გარემოსდაცვითი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, რომელთაგან თითოეულს მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს.

კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თითოეულ პროექტზე კონკრეტული ჯგუფი აიღებს პასუხისმგებლობას, რომლის წევრებს შორის ერთი აუცილებლად ესპანელი სპეციალისტი იქნება. მათივე თქმით, NTI არის გარანტი იმისა, რომ სამშენებლო ობიექტზე შრომითი უსაფრთხოების ყველა ნორმა მაქსიმალურად დაცული იქნება.

„გარდა ამისა, კომპანია იღებს სრულ პასუხისმგებლობას როგორც დამკვეთის, ისე სახელმწიფო უწყებების წინაშე. საქართველოში უკვე არსებობს მზაობა დეველოპერების მხრიდან, რომ ამ სერვისში თავიანთი რესურსები მიმართონ“.

საქართველოში NTI-ის თანადამფუძნებელი ირაკლი ორჯონიკიძე

NTI აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სამშენებლო კომპანიებთან. როგორც თავად ამბობენ, უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი 2 დიდ პროექტზე, თბილისსა და კახეთში.

„უკვე ვმუშაობთ 2 დიდ მშენებლობასთან კონტრაქტის გაფორმებაზე. არიან ქართველი დეველოპერები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან ევროპელებს ხარისხის უზრუნველყოფისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის კუთხით, რამაც პირველ ეტაპზე NTI-ს ესპანელი ხელმძღვანელობის გაოცებაც კი გამოიწვია. ისინი მზად არიან, გამოგვყვნენ თანამშრომლობის პროცესში, მიიღონ და შეასრულონ ჩვენ მიერ დაწესებული მაღალი ხარისხისა და სტანდარტების დაცვის მოთხოვნები“, – ამბობს დავით ზაქარიაძე.

NTI ბარსელონაში, 2009 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი ივან ნოგალეს ტრიგეროა, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს საინჟინრო, პროექტირების და სამშენებლო ზედამხედველობის სექტორებში.

NTI-ს წარმატებით აქვს პროექტები განხორციელებული სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ალჟირში, ბრაზილიაში, ჩილესა და კანადაში. ამ უნდის პორტფოლიოშია ისეთი დიდი პროექტები, როგორიცაა: ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის საპროექტო და ზედამხედველობის სამუშაოები; სარკინიგზო – სატვირთო ტერმინალის პროექტის მომზადება; ბარსელონას პორტის საინჟინრო, დიზაინის და სამშენებლო პროექტები; გზების და ხიდების პროექტირება; ასევე მრავალი სხვა პროექტი, რომელთა ღირებულებაც $100-დან $500 მლნ-მდე შეადგენდა“.

ქართულ ბაზარზე საქმიანობის ფარგლებში, NTI მზადაა, შეასრულოს პირდაპირი დაკვეთები და ამასთანავე მიიღოს მონაწილეობა როგორც კერძო, ისე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.

[R]

განხილვა