25
Nov
2015

ნუ გადმოიტანთ თქვენი ხელმძღვანელის სტრესს თქვენს თავზე!

25 Nov 2015

სტრესი

pasha-statiebi
pasha-statiebi

თქვენი ხელმძღვანელის სტრესი ზღვარს აღწევს და თავს საშინლად გაგრძნობინებთ? შემოუერთდით კლუბს. მენეჯერებსა და ლიდერებს სტრესი დღეს ეპიდემიასავით მოედო და  გადაწვაც არ აყოვნებს.

მიზეზი ყველამ ვიცით: სწრაფად ცვალებადი ეკონომიკური გარემო, მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიები, 24/7 სამუშაო გრაფიკი მცირე შესვენებებით. ამ ყველაფრის ჯამი კი დიდ ზეწოლას ახდენს. დიდი ხანია ბევრს მუშაობთ, რაც თქვენს ხელმძღვანელს და სავარაუდოდ თქვენც, მსხვერპლ-შეწირვის სინდრომის ხაფანგში გაბამთ: სულ გავცემდით, გავცემდით, გავცემდით… და ბოლოს გასაცემიც აღარაფერი დაგვრჩა. ხელმძღვანელი, რომელსაც ერთ დროს ემოციური ინტელექტით გამოარჩევდით, შესანიშნავი გუნდი შექმნა და ხალხის მოტივირებაც კარგად ეხერხებოდა, სტრესის შედეგად ჭირვეულ, ცინიკურ, მოუსვენარ პიროვნებად იქცა. ახლა ის ან სულ თავს დაგტრიალებთ, ან უარესი, სწორედ მაშინ ქრება, როცა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

პრობლემა შემდეგ ეტაპზე იჩენს თავს: თქვენც სტრესის ქვეშ ექცევით! თქვენი ხელმძღვანელის დესტრუქციულ ემოციებს ზედმიწევნით იჭერთ. მოტივაცია გეკარგებათ, იმედი გიცრუვდებათ და ბრაზობთ კიდეც. წასვლა გსურთ. თუ ვერ მიდიხართ, თქვენს წვლილს უკან იღებთ და იცდით. ახლა საქმე თქვენს გადარჩენას ეხება.

საოცარია, რამდენად სწრაფად შეუძლია თქვენს დასტრესილ ხელმძღვანელს ჯგუფის დასტრესილ წევრად გაქციოთ. ეს ნაწილობრივ ემოციების გადამდები ხასიათის დამსახურებაა. ისინი ელვის სისწრაფით ვრცელდებიან ადამიანებს შორის, მითუმეტეს, თუ მათ ჩვენს ბედზე გარკვეული გავლენა აქვთ, მაგალითისთვის ჩვენს ხელმძღვანელებს. უფროსის სტრესის ჩვენზე გავრცელებას ჩვენი ისედაც ზღვარზე მყოფი მდგომარეობაც უწყობს ხელს. თავადაც ხომ დიდი ხანია ბევრს სამუშაოსთვის  ვწირავთ და აი, ბზარებიც ჩნდება. ჩვენს მძიმე მდგოამარეობაში აღმოჩენას სულ ცოტა სჭირდება.

მოდით, ერთი რეალური ადამიანის, ჩემი მეგობრისა და კოლეგის, პირობითად “ნატანის”  ისტორია განვიხილოთ. სულ რაღაც ორი წლის წინ ნათანი კომპანიის მენეჯმენტის ზედა საფეხურზე მოხვდა, რამაც ძალიან გაახარა. რა თქმა უნდა, ყურმოკვრით იცოდა, რომ მისი ახალი ხემძღვანელი ჯეფრი “ხისტი“ კაცი იყო, მაგრამ რთული ხასიათის უფროსები ადრეც ჰყოლია. თანაც, სამსახურებრივ კიბეზე ცოცვამ საკმაოდ დაღალა. დიდი ხანია მთელი ძალით დარბოდა და ეს სწორედ ის იყო, რასაც მთელი ცხოვრება ელოდა, არა? ამ თანამდებობისთვის საჭირო ენერგიას ფსკერიდანაც კი ამოთხრიდა.

კომპანიაში გატარებული პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ნათანმა ორი რამ გააცნობიერა: პირველი – იმდენი ენერგია აღარ ჰქონდა, რამდენიც წინა სამსახურის დაწყებისას და მეორე – თაფლობის თვე იმაზე ადრე დამთავრდა, ვიდრე მისგან სიამოვნების მიღებას მოასწრებდა.  ჯეფრი სულ უკმაყოფილო იყო. არაფერს აკეთებდა სწორად. თავიდან ფიქრობდა, რომ მისი ბრალი იყო – უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა, უფრო კარგად… ასეც იქცეოდა. ამან არ იმუშავა. ჯეფრი ისევ გესლიანი და მუდმივად გაჯავრებული ჩანდა. წელიწადი და ნათანის მოთმინება ერთად დამთავრდა. სახლში სულ ილანძღებოდა, რაც საერთოდ არ გავდა მას. ნათანს ჯეფრის დაავადება ნელნელა ეყრებოდა და წამალიც არსად ჩანდა.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება საყვარელ ინდუსტრიას შეალია, თანაც იმ კომპანიაში, რომლითაც მუდამ აღტაცებული იყო, ნათანი უკვე ვერანაირ აზრს ვეღარ ხედავდა. ფაქტობრივად, არც ჯეფრი და არც ნათანის გუნდის წევრებს დიდად აღარაფერზე იწუხებდნენ თავს, მხოლოდ მოკლევადიან შედეგებზე იყვნენ ორიენტირებული.

ამას მივყავართ დასტრესილი უფროსების კიდევ ერთ პრობლემასთან – რას არ აკეთებენ. რამდენადაც საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე იხარჯებიან, აღარ ზრუნავენ დაგაკავშირონ თქვენს სამუშაოში ყველაზე მნიშვნელოვანთან –  კომპანიის დიდსულოვან მიზნებთან, რომლებიც თქვენი ინსპირაცია, ან უკეთესი მომავლის იმედი შეიძლება იყოს, რაც წინსვლის სურვილსაც გიღვივებთ. ნათანს სამსახურში გადაწვის გასამკლავებლად სწორედ მიზნის შეგრძნება სჭირდებოდა, რაც არსად ჩანდა.

მაშასადამე, თუ სტრესი ეპიდემიურია და ხელმძღვანელისგან ჩვენ გადმოგვედება, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? დავიწყოთ იმით, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ: თქვენ ვერ შეცვლით უფროსს და მის რეაქციას სტრესზე. სტრესის გამკლავება ძალიან ინდივიდუალურია. თუ თქვენი ხელმძღვანელი მართლაც ზღვარზეა, თქვენი საქმის ვერანაირი სრულყოფა, იქნება ეს დროზე ადრე შესრულება თუ კომპლიმენტები, ვერ დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, აკეთეთ თქვენი საქმე და აკეთეთ კარგად, მაგრამ სასწაულების იმედი ნუ გექნებათ.

რაც შეგიძლიათ – საკუთარ თავზე მუშაობაა. პირველი – მაქსიმალურად უნდა ეცადოთ გაიგოთ, რატომ არის ხელმძღვანელი გადამწვარი, შემდეგ ღრმად ჩაყვინთოთ და მოძებნოთ ემპათია – ადამიანის უნიკალური უნარი, გაუგოს სხვებს. მნიშვნელოვანია, დრო დაუთმოთ თქვენი ხელმძღვანელის ემოციური მდგომარეობის გაცნოებიერებას და გაგებას. სამყაროს, მოვლენებს და თქვენ თავს – თქვენი უფროსის თვალით შეხედეთ. სხვათა შორის, ემპათია ემოციური ინტელექტის მთავარი ნიშანია.

აი, რა გააკეთა ნათანმა. თავდაცვის და ბრაზის არიდებით, თავისი უფროსის „ხელში ჩაგდება“ გადაწყვიტა. შეეცადა აღექვა საერთო სურათი, ხელმძღვანელის გუნდის წევრებთან და რთულ თავჯდომარესთან გამკლავების ჩათვლით. თანდათან ჯეფრისთან ურთიერთობის გზებს მიაგნო, ზოგჯერ ხუმრობდნენ კიდეც და ბოლოს ჯეფრი თავის ცხოვრებასა და ოჯახზე აალაპარაკა.

ჯეფრის მსგავსი ადამიანის თანაგრძნობა მარტივი როდია – თავდასხმაზე ჩვენი ბუნებრივი რეაქცია თავდაცვაა, ზოგჯერ აგრესიაც – და არა ემპათია. მაგრამ თუ იგრძნობთ და გამოხატავთ თანაგრძნობას ა) სავარაუდოდ თქვენი უფროსი  ამას იგრძნობს და ეს შეიძლება დაეხმაროს და ბ) ცუდ ქცევას მომზადებული შეხვდებით, რამდენადაც გეცოდინებათ, რომ ეს მისი პრობლემაა და არა თქვენი. როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, როცა ნათანმა თავის დასტრესილ ხელმძღვანელს მხარდაჭერა გამოუცხადა, ეს ჯეფრის დამშვიდებაში დაეხმარა.

ემპათია ხელმძღვანელისგან სათანადო ემოციურ დისტანტირებასაც აადვილებს. ეს ცოტა რთულია, რადგან მასთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტა შეუძლებელია. აჯობებს, თუ თქვენს რეაქციებს მუდამ დააკვირდებით და ემოციების გაკონტროლებასაც შეეცდებით. შეაფასეთ სიტუაცია და იპოვეთ ის შეუღწევადი ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც თქვენი ხელმძღვანელისგან გაცალკევებთ. სტრესისა და ნეგატიურობის რა ნაწილი ეკუთვნის მას და რა – თქვენ?

შემდეგი და ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებლად კარგად შეაფასეთ თქვენი საკუთარი სტრესი – სამსახურშიც და სახლშიც. როგორ გრძნობთ თავს სინამდვილეში? გადახედეთ თქვენს ურთიერთობებს სახლსა და სამსახურში. ფიცხი ხომ არ გახდით? გაღიზიანებული? ან… საზიზღარი? დროდადრო ასე ყველა ვიქცევით. ასეთი სახის ქცევა (განსაკუთრებით, სახლში) დიაგნოსტიკის კარგი საშუალებაა.

თუ ხედავთ, რომ პრობლემებისკენ მიექანებით, ან გადაწვის პირველი სტადიის ნიშნები შენიშნეთ, ახლავე უნდა დაიწყოთ მოქმედება. გამონახეთ დრო განახლებისთვის. და თავს ნუ მოიტყუებთ – განახლება შვებულებას არ მოსდევს.  გახსოვთ საზაფხულო დასვენება? თითქოს დიდი ხნის წინ იყო, არა? ყოველდღიურ სამუშაო სტრესთან გასამკლავებლად განახლება უწყვეტი პროცესი უნდა იყოს და არა ერთჯერადი მოვლენა.

რამდენიმე რამ თითქმის ყველაზე კარგად მუშაობს. მაგალითისთვის, თანამშრომლებთან ერთად სიცილი (უფროსს არ დასცინოთ!), გასართობი აქტივობები სამსახურის მიღმა, ვარჯიში, მეგობრობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ასევე ნათელი ხდება, რომ ყურადღების კონცეტრაციის მედიტაციას  ადამიანის სიმტკიცეზე და სტრესთან გამკლავების უნარზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს მიმდინარეობა სწრაფად იზრდება, ძირითადად იმის გამო, რომ ყველა ჩვენგანი მუდმივად არის გარკვეული დონის სტრესის ქვეშ. ყურადღების უნარის ცნობილი მკვლევარები – ჯონ კაბატ-ზინი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან, მაიკლ ბეიმი პენსილვანიის უნივერსიტეტიდან და სხვები, ყურადღების კონცეტრაციაზე დაფუძნებული სტრესის შესამცირებელი პროგრამის მეშვეობით ათიათასობით ადამიანს დაეხმარენ.  პროგრამა სუნთქვის ტექნიკასა და მედიტაციური ვარჯიშების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვაზე მუშაობს, რაც, თავის მხრივ, საკუთარი სტრესის გაცნოებიერების უნარს ზრდის.

სასურველი მომავლის წარმოდგენით იმედიც უნდა გამოაღვიძოთ. მარტივად ჟღერს და ნაწილობრივ ასეც არის. ადამიანისთვის იმედი ბუნებრივია და რაც ყოველდღიური სტრესის მძიმე ტვირთის ზიდვას აადვილებს. ეცადეთ და წარმოიდგინეთ, რას და რატომ გინდათ რომ გრძნობდეთ. ეს ოპტიმისტური განწყობის შექმნასა და საკუთარი რეაქციების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. ამას ემოციური თვითშეგნება და ემოციური თვითკონტროლი სჭირდება – ემოციური ინტელექტის კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი თვისება.

რაც შეეხება ნათანს, ის ისევ იქ მუშაობს, თუმცა რამდენიმე თვის წინ ამას ვერ ივარაუდებდით. ამ პოზიციაზე გადასვლიდან ერთ წლის შემდეგ, ხშირი და სწრაფი დისონანსისა და გადაწვის გამო, საკუთარი თავის გაკონტროლების აუცილებლობა გააცნობიერა. ჯერ პრიორიტეტები გადაალაგება დაიწყო, შემდეგ მიხვდა, რომ ჯერ აზროვნების სტილი და მიდგომა უნდა შეეცვალა. ყურადღების კონცეტრირების პროგრამაში ჩაერთო და ყოველდღიური მედიტაციის ტექნიკა შეისწავლა. ოჯახის წევრებს მუდმივად ესაუბრებოდა, რაც სიმარტოვის შეგრძნების დაძლევაში დაეხმარა.  მოკლედ, კარგადაა. ჯეფრი კი სამწუხაროდ, წასვლას აპირებს – საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, რაც გავლენას მთელს კომპანიაზე ახდენს.

პაშა რუბრიკა

ავტორი: ანი მაკი

წყარო: HBR



განხილვა