ჯინსის წარმოება ეკოლოგიურად სუფთა პროცესს რომ არ წარმოადგენს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს წყლის რესურსებზეც, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა Levi’s-ის გუნდი მაინც დიდ ყურადღებას უთმობს ამ საკითხებზე ზრუნვას — ბრენდის აღმასრულებელ დირექტორს, ჩიპ ბერგს უჩვეულო იდეა გაუჩნდა, როგორც გამოწვევის გადაჭრის გზა. მისი განცხადება ასეთია: „ნუ გაიხდით ჯინსებს ბანაობისას“.
ჯინსის მოყვარულებმა იციან, რომ მისთვის იდეალური ფორმის შესანარჩუნებლად, სარეცხი მანქანის ხშირი გამოყენება უნდა აირიდონ თავიდან. ეს ფერის შენარჩუნებასაც შეუწყობს ხელს. თუმცა ყველაზე „მოდურ“ ჯინსებსაც სჭირდება გარეცხვა — ეს ხომ ელემენტარული ჰიგიენის საკითხია… ამის გათვალისწინებით, ბერგმა „საოცრად მარტივი“ გამოსავალი შემოგვთავაზა: როცა თავად ვიღებთ შხაპს, გასარეცხი შარვალიც უნდა ჩავიცვათ. მისი თქმით, ასე წყლის ზედმეტ გამოყენებას ავირიდებთ თავიდან.
ზოგიერთი ბრენდი იმასაც კი ამბობს, რომ ჯინსების გაყინვა საუკეთესო გზაა ბაქტერიების მოსაკლავად, მაგრამ ეს ეფექტურად ნამდვილად ვერ მოაშორებს ჭუჭყს.
Levi’s-ის ოფიციალური გაიდლაინების მიხედვით, ჯინსი ყოველი 10 ჩაცმის შემდეგ უნდა გაირეცხოს. უბრალოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამაში არა სარეცხი მანქანის გამოყენებას, არამედ „უფრო მდგრად მიდგომას“ გულისხმობენ — იქნება ეს შხაპის შარვლით მიღება თუ ქსოვილის სველი ნაჭრით გაწმენდა.













