in

ლიდერებო, ნუ შეგეშინდებათ თქვენს შიშებსა და შფოთვებზე საუბრის!

როგორია საუკეთესო გზა ლიდერისთვის, რათა სამსახურში საკუთარ ემოციურ პრობლემებს გაუმკლავდეს?

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყოველი ჩვენგანი ებრძვის სტრესს, შფოთვას და სხვა რთულ ემოციებს. თუმცა შეიძლება რთული იყო იმის ცოდნა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ გრძნობების საწინააღმდეგოდ – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სხვების ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა გვიწევს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: როგორია საუკეთესო გზა ლიდერისთვის, რათა სამსახურში საკუთარ ემოციურ პრობლემებს გაუმკლავდეს?

ამ საკითხის შესასწავლად, მკვლევრებმა აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან 30 ლიდერი მოიწვიეს. თითოეული მათგანი სხვადასხვა გლობალური კორპორაციის წარმომადგენელი იყო. მათ სამი მოთხოვნის საპასუხოდ, ყოველკვირეული ჩანაწერების შედგენა ევალებოდათ. ერთ-ერთმა ლიდერმა დაწერა: “ეს სტრესი იზოლაციამ გამოიწვია, რამაც საბოლოოდ იმაზე დამაფიქრა, ღირს თუ არა ეს ყველაფერი. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემი ემოციები ვაკონტროლო…”; მეორემ კი იმის შესახებ ისაუბრა, თუ პერიოდულად როგორ კარგავდა სიცოცხლის სურვილს და ცხოვრების მიზანს.

მთლიანობაში, მიუხედავად მათი საერთო ემოციური ტკივილისა, ლიდერები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ იმის მიხედვით, თუ როგორ პასუხობდნენ ისინი ამ გამოწვევებს. კერძოდ, კვლევის ფარგლებში სამი განსხვავებული ტიპი გამოვლინდა:

  • გმირები – ლიდერები, რომლებიც ყურადღებას პოზიტივზე ამახვილებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიანთ გუნდს დადებითი მუხტი შეუნარჩუნონ.
  • ტექნოკრატები – ლიდერები, რომლებიც სრულ იგნორირებას უწევენ ემოციებს და მხოლოდ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებზე ფოკუსირდებიან.
  • გამზიარებლები – ლიდერები, რომლებიც ღიად აღიარებენ თავიანთ შიშებს, სტრესსა და სხვა ნეგატიურ ემოციებს.

ცხადია, ხელმძღვანელების თითოეულ ტიპს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, გამზიარებლები განსაკუთრებით დახელოვნებულები არიან მაღალი დონის, შეკრული გუნდების ფორმირების თვალსაზრისით. ამის რამდენიმე მიზეზი სწორედ სტატიაშია განხილული.

ტექნოკრატები და გმირები ისეთი გმირულები არ არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

ადამიანთა უმეტესობა მხოლოდ იმ მოსაზრებას ეყრდნობა, რომ პოზიტივი მუშაობის დონეს აუმჯობესებს. თუმცა, კვლევების თანახმად, ნეგატიური ემოციების იგნორირების მცდელობა რეალურად უარესად გაგრძნობინებთ თავს. როგორც ერთმა ლიდერმა თქვა: “დავიღალე კითხვით, თვითმოტივაციით, სწავლით, ოპტიმისტურად ყოფნით და ასე შემდეგ, როდესაც რეალურად სულ გადაღლას და შიშს ვგრძნობ”. ამ განწყობასვე ეხმიანება კიდევ ერთი ხელმძღვანელის სიტყვები: “ჩემი პოზიტივი, გამძლეობა და გარეგნულად ძლიერი აზროვნება გარშემოყოფებისთვის აღმართული სვეტებია… აღარ შემიძლია ყველას მოვაჩვენო, თითქოს ყველაფერი კონტროლის ქვეშ და რიგზეა”. 

გარდა ამისა, გმირის ტიპის ლიდერს შეუძლია, გუნდის წევრებს განყენებულად აგრძნობინოს თავი. ხშირად პოზიტიურ ფასადს გუნდის წევრებისა და ლიდერების კეთილდღეობის, მათ შორის კავშირისა და პროდუქტიულობის შეფერხება მოსდევს.

ანალოგიურად, მიუხედავად იმისა, რომ მიზნებზე ფოკუსირებისას ემოციებზე ფიქრის დრო ნაკლებად გვრჩება, ტექნოკრატებისთვის ამ განცდების იგნორირება უბრალოდ არ გამოდგება. უპირველესად, ამან ლიდერების მენტალური ჯანმრთელობა შეარყია. როგორც ერთმა აღმასრულებელმა აღნიშნა, პანდემიის დაწყებისთანავე საკუთარი თავისთვის გამონახა დრო და ემოციების თვითანალიზს შეუდგა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის.

მართალია, ზოგიერთისთვის ემოციები “არასერიოზულ” ფაქტორად აღიქმება, მაგრამ რეალურად ისინი მართავს ყველაფერს – დაწყებული სამსახურებრივი ურთიერთობებით, დასრულებული პროდუქტიულობით.

საუკეთესო ლიდერები გამზიარებლები არიან

ნეგატიური ემოციების გაზიარებამ, შეიძლება, მათი გავლენა მნიშვნელოვნად შეამციროს და ლიდერებსა და თანამშრომლებს შორის თანაგრძნობა წარმოშვას. ასევე, სხვებს საკუთარი უარყოფითი ემოციების გამოვლენისა და დაძლევისკენ უბიძგოს, რაც საბოლოოდ კომპანიაში მორალსა და პროდუქტიულობას გაზრდის.

ამის შესახებ არაერთი ლიდერი საუბრობს, თუ როგორ მყარდება გაზიარების შემთხვევაში უფრო ღრმა და მტკიცე კავშირი. ბუნებრივია, გულწრფელი საუბრები და თანადგომა ადამიანებს ყველა სირთულის გადალახვაში ეხმარება… ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა პანდემიურ პერიოდში, როცა ყოველი ჩვენგანის ცხოვრება ატრაქციონს დაემსგავსა – ერთ მომენტში ამაღელვებელი, ენერგიული და ოპტიმისტური, შემდეგ გარკვეული დროით დეპრესიული და დუნე.

საგულისხმოა, რომ ერთმა ლიდერმა იმაზეც კი ისაუბრა, თუ როგორ დაეხმარა საკუთარი ემოციური არასტაბილურობის გაზიარება მათ თანამშრომლებს. კვლევა ადასტურებს – შინაგანი მღელვარების გამოვლენა გუნდებს ეხმარება, უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ ნეგატიურ ემოციებს და მთლიანობაში ფსიქოლოგიური სიახლოვე შექმნან.

ძნელია, გახდე გამზიარებელი, მაგრამ არა – შეუძლებელი

რა თქმა უნდა, ბევრი რამ თეორიულად უფრო ადვილია, ვიდრე პრაქტიკულად განხორციელებისას. კვლევის ფარგლებში მოგროვებული ჩანაწერების საფუძველზე აშკარა გახდა, რომ ბევრ ლიდერს მტკიცე ცრურწმენები გააჩნია გმირისა და ტექნოკრატიული ტიპის მიმართ. ეს კი იმ რწმენით არის განპირობებული, თითქოს ჭეშმარიტი ლიდერები ყოველთვის ამბიციურები და შედეგებზე ორიენტირებულნი არიან… და რომ უარყოფითი ემოციების აღიარება სისუსტის ნიშანია.

ამის ფონზე, ემოციების გაზიარების კარგად ჩამოყალიბებული სარგებლის მიუხედავად, ბევრმა ლიდერმა უხერხული საუბრების შიშსა და თავიდან აცილებაზე გაამახვილა ყურადღება. შიშზე, რომ ნეგატიური ემოციების გაზიარება გუნდის მოტივაციას შეარყევს და პესიმიზმის, შფოთვის დანერგვას შეუწყობს ხელს. ნაწილი კი დროისა და სივრცის ნაკლებობაზე საუბრობს, რის თანახმადაც საქმის პარალელურად ამ ემოციური საუბრების დრო არ რჩება.

ამოცანა მარტივია – გმირი და ტექნოკრატი ლიდერი ეტაპობრივად გამზიარებელი უნდა გახდეს. ბევრ ორგანიზაციას არ აქვს კულტურა ან სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს გახსნილობას, მაგრამ ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე სტრატეგია ყველაზე “ჯიუტ” ლიდერებსაც კი დაეხმარება ამ ნაბიჯის გადადგმაში:

1. თვითრეფლექსია

როდესაც მრავალი საათის განმავლობაში მუშაობთ და სამსახურში ხართ ჩაფლული, ძნელია, საკუთარ თავთან სასაუბროდ დრო გამონახოთ. მაგრამ გააცნობიერეთ, ვერ შეძლებთ საკუთარი ემოციების სხვებისთვის ღიად გაზიარებას, ვიდრე თავად არ დაიწყებთ მათ აღიარებას. თუ არ იცით, საიდან დაწყოთ, რომელიმე მეთოდი სცადეთ:

  • ყოველდღიურად ადევნეთ თვალი თქვენს ემოციებს.
  • დრო დაუთმეთ ემოციების წერას ან გაზიარებას. შეგიძლიათ, ჩანაწერები საკუთარი თავისთვის დაწეროთ, ან მეგობრის სახელზე გააფორმოთ (ან გაუგზავნით, ან არა). შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანს თუ ფსიქოლოგსაც გაესაუბროთ.
  • შექმენით ყოველდღიური რუტინა. კვლევებმა აჩვენა, რომ თხუთმეტწლიანი “გაზიარების კულტურა” საგრძნობლად ზრდის პროდუქტიულობას და ემოციურ ცნობიერებას.

2. დაიწყეთ მცირედით

კოლეგებთან უფრო ღია და გულწრფელი ურთიერთობების დამყარება ერთ ღამეში შეუძლებელია. სინამდვილეში ამას მეტნაკლებად დიდი დრო სჭირდება. თუ თანამშრომელთან შეზღუდული ურთიერთობა გაქვთ ან უფრო გახსნილ ურთიერთობაზე ნერვიულობთ, მცირედით დაიწყეთ, ვიდრე სერიოზული გამოწვევის ან ძლიერი ემოციის გაზიარებისთვის იქნებით მზად.

3. წინასწარ დაგეგმეთ გაზიარების პროცესი

რა თქმა უნდა, ყველა “ბნელი აზრი”, რომელიც თავში გიტრიალებთ, არ უნდა გაამჟღავნოთ. უაზროდ ბევრმა საუბარმა, შესაძლოა, ემოციური დაბინძურება გამოიწვიოს – ეს არის ფენომენი, როცა ზედმეტი ნეგატიური ემოცია საბოლოოდ სხვებს გადაეცემა. თქვენი ემოციების ნაყოფიერად გაზიარებისთვის იმ პირადი პრობლემების ჩამონათვალი შექმენით, რომლებსაც განიცდით და რომელთა გაზიარებაც ნამდვილად გსურთ.

ასე რომ, ნაცვლად შემთხვევით გაზიარებული ნეგატივისა, კარგად დაფიქრდით, რისი გაზიარება ღირს სხვებისთვის.

4. გამოყავით დრო და სივრცე ემოციების გასაზიარებლად

ისე როგორც გადაჭარბებულმა გაზიარებამ, არასწორ დროს ან ადგილსაც შეუძლია კონტრპროდუქტიული შედეგის წარმოქმნა. არასასიამოვნო ან შეუსაბამო გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ლიდერებმა დრო უნდა დაუთმონ პოტენციურად რთულ საუბრებს. მაგალითად, განიხილეთ ყოველკვირეული მიმოხილვა ან შეხვედრის ბოლო რამდენიმე წუთი დაუთმეთ ემოციების გაზიარებას.

5. ემოციების ეფექტური რეგულირების მოდელირება

თქვენი ნეგატიური ემოციების გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი ის არის, რომ სხვა ადამიანებს შეუძლიათ, თავიანთი ემოციების უკეთ მართვა ისწავლონ. ეფექტური ემოციური რეგულირებისთვის რამდენიმე კონკრეტული სტრატეგია არსებობს, რომლის მოდელირებაც შეგიძლიათ:

  • დაეყრდენით თქვენს დამხმარე ქსელს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მეუღლე, სანდო კოლეგა თუ პროფესიონალი მრჩეველი – სირცხვილი არ არის დახმარების თხოვნა. აჩვენეთ თქვენს თანამშრომლებს, რომ დახმარებას ითხოვთ, როდესაც ეს გჭირდებათ.
  • დაეხმარეთ საკუთარ თავს სხვების დახმარებით. კვლევამ აჩვენა, რომ სხვებისთვის გამოხატულ მხარდაჭერას თქვენი განწყობის გაუმჯობესება შეუძლია, ისე როგორც თავდაჯერებულობისა და ფიზიკური ჯანმრთელობაც კი.
  • შეცვალეთ თქვენი პერსპექტივა. მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური ემოციების აღიარება მნიშვნელოვანია, მათი დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სიტუაციის დადებით ასპექტებზე კონცენტრირებაა. მაგალითად, თუ იმედგაცრუებული ხართ პანდემიის თქვენს ცხოვრებაზე ზემოქმედებით, მომავლის პერსპექტივაზე იფიქრეთ – ამ სიტუაციამ უკეთესი სამუშაო ადგილების შესაძლებლობა შექმნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • დრო გამონახეთ ენერგიის მოსაკრებად. კვლევების თანახმად, სამუშაო საათებს მოწყვეტა სტრესს ამცირებს და კეთილდღეობას უწყობს ხელს. ნუ შეგეშინდებათ ხალხისთვის იმის ჩვენების, რომ ისვენებთ, საღამოებს თავისუფლად ატარებთ და შაბათ-კვირას განტვირთვით ხართ დაკავებული.

6. გაიზიარეთ კარგი და ცუდი

არავინაა სრულყოფილი. თუ არ ხართ ამაყი იმით, თუ როგორ გაუმკლავდით ნეგატიურ ემოციებს ან რთულ სიტუაციას, ნუ დაიმალებით. როდესაც თქვენი თანამშრომლები დაინახავენ, როგორ ცდილობთ ქმედების თუ მოვლენის ანალიზს, ისინი კიდევ უფრო მეტად განაგრძობენ საკუთარ ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლას.

მაშინაც კი, როდესაც გლობალური პანდემიის შუაგულში არ ვიმყოფებით, უარყოფითი ემოციები ცხოვრების თანმდევი ფაქტორია. ყველაზე ეფექტური ლიდერი ის არის, ვინც თავის ემოციებს არ მალავს, არამედ ღიად და გულწრფელად აღიარებს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც იმყოფება.

წყარო: HBR



მეცნიერებმა კარტოფილში ადამიანის ცხიმის გენი დაამატეს!

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება