in

ნუ უგულებელყოფთ იღბლის ძალას წარმატებულ ბიზნესში

სრულყოფილებასთან ერთად, იღბალი წარმატების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს

მაიკლ ლუისის წიგნში Moneyball: The Art of Winning an Unfair Game მოცემული დაბალი ბიუჯეტის მქონე ბეისბოლის გუნდის გენერალური მენეჯერის ბილი ბინის განცხადების თანახმად, მისი სტატისტიკური ანალიზი თამაშის ფინალურ სერიებში არ მუშაობს და ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ბინი აცნობიერებს, რომ უსამართლო თამაშში მოგების მცდელობისას იღბალი ან შანსი გარდაუვალი ფაქტორია ცხოვრების ყველა ასპექტში.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ხშირ შემთხვევაში ზემოთ ხსენებული წიგნი მონაცემთა ანალიზის ტრიუმფადაა მიჩნეული, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი წარმატების ასახსნელად. “ფორმულა”, რომელიც ბილის წარმატების სათავისოდ შემობრუნებაში დაეხმარა, ასეთი იყო – თუ მისი გუნდი მეტოქეს ამარცხებდა, ამას იღბალს მიაწერდა. საპირისპირო შემთხვევაში კი იღბლის ცნებას სრულად უგულებელყოფა.

შეუსაბამობა არ შეიძლება კარგი იყოს

წლების განმავლობაში სკაუტებმა და გუნდის მენეჯერებმა შექმნეს სტერეოტიპები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებიან კარგი ფეხბურთელები. კომპეტენტური, მაგრამ კონტრ-სტერეოტიპული მოთამაშეები, როგორიცაა, მაგალითად, ჩად ბრედფორდი, სათანადოდ ვერ იქნა დაფასებული – მენეჯერებმა დაასკვნეს, რომ მისი წარმატება მხოლოდ იღბალზე იყო დამოკიდებული. იღბლის ამგვარმა აღქმამ ბევრი ნიჭიერი, პროფესიონალი ადამიანი დაჩრდილა, ვიდრე ბინის სტატისტიკური მიდგომა ფაქტებს არ გაუსწორდა.

საგულისხმოა ისიც, რომ როდესაც დაბალი ბიუჯეტის მქონე გუნდები აქტიურად იგებდნენ, ამას ყველა იღბალს მიაწერდა. ასეთი მიდგომით კონკურენტები მშვიდად არიან – მათთვის ხომ ყველაფერი უბრალო გამართლება იყო და მეტოქეების სტრატეგიის შესწავლა საჭიროებას არ წარმოადგენდა. შედეგად კი, ყველასათვის ერთი შეხედვით “ცუდი” გუნდები უფრო ძლიერდებოდნენ და საფინალო სერიებამდეც მიდიოდნენ.

ამასთან, თუ დამოკიდებულების ნეგატიური გავლენა ბეისბოლის შემთხვევაში ასე აშკარაა, მისი გათვალისწინება სხვა სფეროებშიც აუცილებელია. მაგალითად, როდესაც მდედრობითი სქესის წარმომადგენელს აწინაურებენ სამსახურში, ხშირად ამ ფაქტს უბრალო გამართლებას მიაწერენ.

სრულყოფილება თუ იღბალი?

არსებობს იდეა, რომ წარმატებული მენეჯერების მსგავსი ქმედებების შესრულება თქვენც წარმატებულს გაგხდით. წიგნში In Search of Excellence წარმოდგენილი იქნა ფორმულა, რომელსაც მრავალი ბიზნეს-ლიდერი იყენებს: შეარჩიეთ რამდენიმე განსაკუთრებით წარმატებული კომპანია; გააანალიზეთ მათი პრაქტიკა, რომლის მეშვეობითაც ჩვეულებრივი კარგიდან საუკეთესოდ იქცნენ. შემდეგ კი ეს პრაქტიკა პრინციპების სახით ჩამოაყალიბეთ.

თუმცა, როგორც კვლევა გვიჩვენებს, “კარგიდან საუკეთესომდე” განვითარებას, სისტემატური ვარდნა მოჰყვა. 50 ფირმიდან მხოლოდ 11-მა შეინარჩუნა ბრწყინვალება, 16-მა წარუმატებლობა განიცადა, 23 კი ვერ ასრულებდა S&P 500 ინდექსს (თავისუფალი მოცულობის შეწონილი საფონდო ბირჟის ინდექსი).

ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზად აღმასრულებელი დირექტორების თვითკმაყოფილება ან ზედმეტი სიამაყე სახელდება. თავის მხრივ, ეს მაშინ ხდება, როცა ლიდერი მოულოდნელად, მხოლოდ იღბლის საფუძველზე აღწევს ისეთ წარმატებას, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა. ამიტომაც საეჭვოა წარმატებული კომპანების პრინციპებზე სწავლა და მათი საკუთარ ორგანიზაციებში დანერგვა – ვიმეორებთ ქმედებებს, მაგრამ იღბალს – ვერა.

როდესაც მეორე საუკეთესო საუკეთესოა

თუ ყველაზე წარმატებული ადამიანი მისაბაძი არ არის, მაშინ ვის ქმედებებს უნდა დაეყრდნონ მენეჯერები? როგორც კვლევები მოწმობს, “მეორე საუკეთესო”, შესაძლოა, კარგი ალტერნატივა იყოს.

მაგალითისთვის, მოვიხმოთ მუსიკის ინდუსტრია. ხშირად არის ისეთი ჰიტები, რომლებიც კონკრეტული ზაფხულის (ან სხვა სეზონის) “საუნდტრეკად” გვამახსოვრდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათი წარმატება იღბალზეა დამოკიდებული – ხალხი ან აიტაცებს მათ და ძალიან ცნობილს გახდის, ან პირიქით. ასეთი სიმღერების “სიცოცხლის ხანგრძლივობა” ძირითადად ძალიან მოკლეა. ამიტომაც, ხმისჩამწერმა კომპანიებმა ისეთ მუსიკოსებთან უნდა ითანამშრომლონ, რომლებიც საუკეთესო ჰიტებში ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ.

ამის კლასიკური მაგალითია კორეელი მუსიკოსის Psy-ის “Gangnam Style” – მუსიკალური ვიდეო, რომელიც მთელ ინტერნეტ სივრცეს ვირუსულად მოედო. თუმცა მუსიკოსის წარმატება არამდგრადი აღმოჩნდა – როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, მისი შემდგომი სიმღერები ნაკლებად აიტაცა საზოგადოებამ.

ამავდროულად, “მეორე საუკეთესოსგან” სამომავლოდ ყოველთვის გაუმჯობესებული პროდუქტის შექმნაა მოსალოდნელი.

რა თქმა უნდა, ზოგიერთ მენეჯერს ნამდვილად არ სურს იმის მოსმენა, რომ ხშირ შემთხვევაში მათ წარმატებას იღბალი განაპირობებს. ყოველ მათგანს სჯერა, რომ ყველაფერი მხოლოდ სწორი შრომისა და მუდმივი მოტივაციის შედეგია.

მართალია, ბევრი პროფესიონალის წარმატებას დაუღალავი მუშაობა აპირობებს, მაგრამ ექსპერტების დეტალური ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ სიტუაციურ ფაქტორებს, რომლებიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ჩოგბურთის მოთამაშისთვის, რომელსაც შესაბამისი მწვრთნელი არ ჰყავს და ობიექტურ შეფასებებს არ იღებს, რთული იქნება საუკეთესო პროფესიონალად ჩამოყალიბება (მიუხედავად იმისა, რამდენს ვარჯიშობს).

ამასთან, ტრადიციული მიდგომა – “რაც უფრო მეტს ვმუშაობ, უფრო მეტ იღბალს ვიღებ”, ყოველთვის არ ამართლებს. როცა საქმე ცუდიდან-კარგზე ტრანსფორმაციას ეხება, რა თქმა უნდა, ეს სიტყვები დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თუმცა კარგიდან-საუკეთესომდე განვითარება სხვა ამბავია – ამ შემთხვევაში საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა, შესაძლოა, ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყოს.

იღბლის როლის შეფასება ბიზნეს განათლებაში

მენეჯმენტის კვლევა და განათლება ხშირად ყურადღებას ამახვილებს დანიშნულ თეორიებზე, რომლებიც კარგიდან საუკეთესოსკენ განვითარებას ეხება. ეს პრობლემური საკითხია, რადგან ბიზნესში იღბალიც საჭიროა. ამიტომ, ბიზნეს-სკოლებში ყველას შეუძლია ცუდიდან კარგ მდგომარეობაში გადასვლისთვის საჭირო პრაქტიკა შეიმუშაოს. მაგრამ ძალიან ცოტა რამის სწავლებაა შესაძლებელი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ განსაკუთრებულ წარმატებას.

მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ყველას საუკეთესოს მიბაძვა სურს – მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე წარმატებულები აღარ წარმოადგენენ საიმედო ეტალონს. შესაბამისად, არავინ უნდა ელოდოს სხვების მსგავსი წარმატების მიღწევას, ყველაფერი ინდივიდუალურ გამოცდილებაზე, შრომაზე და ცოტაოდენ იღბალზეა დამოკიდებული.

წყარო:HBR



ირაკლი გაგნიძე – #პირველისამსახური

Airspeeder-ის მფრინავი მანქანების საჰაერო რბოლა – მოწყობილობა პირველად დატესტეს