in

როგორი შეიძლება იყოს ონლაინ სწავლება კორონავირუსისას – ნუცა კობახიძის ჰონგ კონგური გამოცდილება

ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და განათლების საკითხების მკვლევარი – ნუცა კობახიძე, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში, ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადართვის გამოცდილებას აზიარებს. აღნიშნული პრაქტიკის მიღების საჭიროების წინაშე ჰონგ კონგის უნივერსიტეტი, დაახლოებით, ერთი თვის წინ დადგა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში უმაღლეს სასწავლებლებში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე, სწავლება 16 მარტამდე შეწყვეტილია, შესაძლოა, ონლაინ სწავლების რეჟიმზე სწრაფად გადართვის უცხოური გამოცდილება ბევრ დაწესებულებას დაეხმაროს. გთავაზობთ ნუცა კობახიძის პოსტს, უცვლელად:

„ჰონგ კონგში ონლაინ სწავლების არაერთი პლატფორმა შემოგვთავაზა უნივერსიტეტმა და მოგვცა საშუალება აგვერჩია ის, რაც უფრო კარგად ერგება ჩვენს კურსებს. რაც მთავარია, უნივერსიტეტმა სასწრაფოდ შექმნა პროფესორ-მასწავლებლებისთვის ონლაინ-ტრენინგები სხვადასხვა პროგრამაში. ფაკულტეტზე არსებული ონლაინ-სწავლების ცენტრი 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა. IT სპეცილისტები ჩვენს კითხვებს სწრაფად პასუხობენ Whatsapp-ით, Skype-ით, Zoom -ით, Google hangout-ით და სხვა პლატფორმებით. 24 საათიანი იმიტომ, რომ ბევრი ჩემი კოლეგა ამჟამად იმყოფება ამერიკაში, კანადაში და დროის სხვა ზონიდან უწევთ სწავლება.

არსებობს სინქრონული და ასინქრონული მიდგომა და ამათი შერეული ფორმა. სინქრონულია, როდესაც რეალურ დროში, „ლაივში“ მიმდინარეობს ლექცია. სტუდენტებს საშუალება აქვთ მასწავლებელს დაუსვან შეკითხვა და მიიღონ უკუკავშირი. უარყოფითი ის არის, რომ ხანდახან ტექნიკური პრობლემები იქმნება პროგრამასთან და ინტერნეტთან დაკავშირებით. ასევე, რთულია სტუდენტების დიდ ჯგუფთან ერთად მუშაობა, როცა ერთდროულად ბევრი იწევს ხელს კითხვის დასასმელად.

ასინქრონულია, როდესაც მასწავლებელი სასწავლო მასალას ხელმისაწვდომს ხდის ინტერნეტში და სტუდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს ისწავლოს, დაუბრუნდეს მასალას, გაიმეოროს ა.შ. უარყოფითი ის არის, რომ მასწავლებელი ბევრ დროს ხარჯავს მასალის მოსამზადებლად, ვიდეობის ჩასაწერად, სტუდენტი შეიძლება პასიურად უსმენდეს და აქტიურად არ მონაწილეობდეს.

შერეული ფორმაა, როდესაც „ლაივ“-ლექციებთან ერთად, მასწავლებელი ინტერნეტით ატვირთავს სასწავლო მასალებს, სადისკუსიო ფორუმებს ხსნის, სადაც სავალდებულო საკითხავ მასალასთან დაკავშირებით სტუდენტებს აძლევს შეკითხვებს (მაგალითად, Moodle-ით). ამას ემატება ონლაინ და ოფლაინ ჩეტები (მაგ. Whatsapp, Messages, Zoom chat, Skype chat) სადაც მოსწავლეებს დამატებითი კითხვების დასმა შეუძლიათ.

Zoom და Skype for business ვიდეო და აუდიო ლექციის საუკეთესო საშუალებაა. Zoom-ით ასევე შესაძლებელია სტუდენტების ონლაინ ჯგუფებად დაყოფა და ჯგუფური დავალებების მიცემა, ინტერვიუების აღება, ონლაინ კონფერენციების და ვებინარების მოწყობა. აქვს ასევე საჭირო ფუნქცია, რაც გულისხმობს ბექგრაუნდის დაფარვას. ბევრი ადამიანი საძინებლიდან და სამზარეულოდან ერთვება და არ სურს სახლის სიტუაციის გამოჩენა, რაც ბუნებრივია. ინტერაქტიული ლექციებისთვის კარგი პროგრამებია Kahoot!, Mentimeter და Pollev (ბოლო ორი სწრაფი ინტერაქტიული გამოკითხვების ჩატარების საშუალებას იძლევა).

იმისთვის, რომ ონლაინ სწავლება არ იყო მოსაწყენი და სტუდენტები რაც შეიძლება მეტად ჩაერთონ სწავლაში, თავი იზოლირებულად არ იგრძნონ და ეს დრო ხარისხიანი სწავლისთვის მაქსიმალურად გამოიყენონ, უნივერსიტეტმა სწავლების არაერთი სტრატეგია შემოგვთავაზა. მაგალითად, როგორ გამოვიყენოთ ვიზუალიზაციის მეთოდი, იმისთვის, რომ შევქმნათ კონცეპტუალური რუკები. ამისთვის საუკეთესო პროგრამაა Cmap. ასევე ძალიან შემოქმედებითი პლატფორმაა LucidChart, რომელიც საშუალებას იძლება ონლაინ თანამშრომლობისთვის, ერთად დახატვის, ცხრილების და დიაგრამების შექმნის.

Mindmaster და Coggle ბრეინსტორმინგისთვის შესანიშნავი პროგრამებია, შესაძლელებია იდეების ხის დახატვა, ერთ ვიზუალურ იმიჯზე ბევრი ადამიანის ერთდროულად მუშაობა.

სადისკუსიო ფორუმები კარგია იმის შესამოწმებლად, წაიკითხეს თუ არა სტუდენტებმა სავალდებულო საკითხავი მასალა ლექციისთვის. ასევე შეიძლება peer review-ს ნაწილის დამატება, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს აფასებენ, ერთმანებს შეკითხვებს უსვამენ და ა.შ. Moodle საშუალებას გაძლევთ ხმოვანი უკუკავშირი მისცეთ სტუდენტებს აუდიო ფუნქციის გამოყენებით.

პროგრამები Panopto და Camtasia საშუალებას იძლევა ლექცია ჩაწეროთ, სადაც მასწავლებელი ვიდეოს საშუალებით გამოჩნდება და თან კომპიუტერის ეკრანსაც გააზიარებს. ეკრანის ჩაწერა შესაძლებელია ასევე უმარტივესი პროგრამით Screencastify ან უბრალოდ PowerPoint-ით, რომელსაც ყველა სლაიდზე შეუძლია ჩაიწეროს აუდიო ფაილი.

სტუდენტებთან და თანამშრომლებთან საკომუნიკაციოდ და შეხვედრების დასაგეგმად შეგიძლიათ გამოიყენოთ: When2meet და Doodle. დოკუმენტების გასაზიარებლად საუკეთესოა Google docs.

რაც შეეხება ონლაინ შეფასებას, შესაძლებელია ქვიზების შექმნა (მაგ. Moodle-პროგრამაში). კითხვები შეიძლება იყოს ღია და დახურულ-ბოლოიანი. არსებობს ასევე ონლაინ გამოცდის პლატფორმა Online Examination System (OLEX). შეფასების ფორმად მე ასევე ვიყენებ 2-3 წუთიან Youtube ვიდეოებს, რომელებიც სტუდენტებმა თემატურად უნდა მოამზადონ და ჩაწერონ. აღსანიშნავია, რომ Youtube-ს აქვს დახურული ვიდეობის გაზიარების ფუნქცია, რომელსაც სხვა მომხმარებლები ვერ ხედავენ. ასევე კარგი იდეაა ონლაინ ჟურნალის წარმოება Google doc-ში, სადაც სტუდენტები თავიანთ რეფლექსიებს ტვირთავენ, აახლებენ და ერთმანეთს აფასებენ (peer review).

ეს არის იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც ჰონგ კონგის უნივერსიტეტში ვიყენებთ. აქედან ზოგიერთს ისედაც ვიყენებდით, მაგრამ არა ამ მასშტაბით და ინტენსივობით.

ახლა, როდესაც 16 მარტამდე საქართველოში არდადეგებია გამოცხადებული, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებს კარგი საშუალება აქვთ ონლაინ სწავლებისთვის მოემზადონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სწავლა დროულად განახლდება, ამ პროგრამების დანერგვა და პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება უნივერსიტეტებს მომავალში გადმოადგებათ“.

„გადაწყდა, რომ უკან დავბრუნებულიყავით: უკან, ბავშვობაში!“

Southpawer 16 წლის ნინი ჩილაჩავას ემინემის გამოწვევაში „გამარჯვებულად“ ასახელებს