in

ნუცა ხვედელიძე ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მოხვდა!

ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ბევრი მუსიკოსის საოცნებო ადგილია — ის ხომ თანამედროვე მუსიკის უდიდესი დამოუკიდებელი კოლეჯია მსოფლიოში. ახლა კი ნუცა ხვედელიძე არა მხოლოდ მიიღეს საბაკალავრო პროგრამაზე, არამედ სწავლის საფასურის ნაწილი თავად კოლეჯმა დაუფინანსა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ მიღწევას წარმოადგენს, რადგან ბერკლის მუსიკალური კოლეჯი ერთ-ერთი მოწინავეა ამ სფეროში. მისი კურსდამთავრებულთა შორის არიან: ალან სილვესტრი, ქვინსი ჯოუნსი, ჟან ჰამერი და სხვები.

M: ნუცა, მოგვიყევი, საიდან იწყება შენი მუსიკალური თავგადასავალი? 

მუსიკასთან დიდი ისტორია მაკავშირებს… თავდაპირველად, სიმღერაზე დავდიოდი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. მოგვიანებით, სწავლა გავაგრძელე კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში, ვოკალის მიმართულებით. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში, სამსახიობო ოსტატობის პროგრამაზე და ილიაუნის თეატრში ვმონაწილეობდი სპექტაკლებში. 

ბერკლის ონლაინ მოსმენამდე კი ხათუნა ლეჟავასთან ვემზადებოდი, რაც ძალიან დამეხმარა… მომზადების გარდა, მისმა წახალისებამ თავდაჯერებაც შემმატა, რადგან მართლა ძალიან ვღელავდი.

M: როგორ მოხვდი ბერკლის საბაკალავრო პროგრამაზე? რა პროცესები გაიარე და რამდენად დიდ სირთულესთან იყო ეს დაკავშირებული?

ბერკლიში მიღების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ნაწილი იყო განაცხადის გაგზავნა, რისთვისაც საჭირო გახდა დოკუმენტების თარგმნა, დამოწმება, შეგროვება -— რეალურად, ეს იყო ყველაზე მოსაწყენი ნაწილი. განაცხადის გაგზავნის შემდეგ ჩაინიშნა ჩემი ონლაინ მოსმენა. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, მე კი ლორენ ჰილის სიმღერა “His Eyes on the Sparrow” შევასრულე. საინტერესოდ დაემთხვა, რომ ეს გამომცდელის საყვარელი სიმღერაც იყო…

გარდა მუსიკალური ნაწარმოებისა, მოსმენის დროს რამდენიმე სხვა დავალებაც უნდა შემესრულებინა, მათ შორის იმპროვიზაცია და მუსიკის თეორიის კითხვებზე პასუხის გაცემა თუ სავარჯიშოები.

მოსმენა 5 იანვარს იყო, ხოლო გადაწყვეტილება მიღების შესახებ 31 იანვარს შემატყობინეს — საკუთარ დაბადების დღეზე, რაც ჩემი ცხოვრების ყველა კარგი საჩუქარი იყო.

M: როგორც აღვნიშნეთ, სწავლის ნაწილი კოლეჯმა დაგიფინანსა… როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება?

დაფინანსების გადაწყვეტილება მიღების გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად მიიღება და ერთდროულად ითვალისწინებენ აპლიკანტის შესაძლებლობებსაც (merit) და საჭიროებებსაც. შესაბამისად, დაფინანსების გადაწყვეტილება მოგვიანებით მივიღე. სწავლის გადასახადი დაახლოებით ერთი მესამედით (8000 დოლარით) შემიმცირეს: 23475 აშშ დოლარიდან ყოველ სემესტრში 15 475 დოლარის გადახდა მომიწევს. ჩემთვის, რა თქმა უნდა ესეც ძალიან დიდი თანხაა და ამჟამად ჩემი მთელი ძალისხმევა მიმართულია სპონსორების პოვნისკენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

თუმცა უნივერსიტეტის ნაწილობრივი დაფინანსება უმნიშვნელოვანესი იყო ჩემთვის… ერთი მხრივ, იმის გამო, რომ ბერკლის სააპლიკაციო პროცესში გამოცდილების მქონე პირები მეუბნებოდნენ, თუ რამდენად რთულია მათგან დაფინანსების მიღება. 

მეორე მხრივ, წერილი იწყებოდა იმის ხაზგასმით, რომ ამ ტიპის დაფინანსება „არის პატივი და პრივილეგია, რომელიც უკავშირდება მაღალი დონის ტალანტს, რაც აღმოვაჩინეთ ამ სააპლიკაციო პროცესის განმავლობაში“. ეს სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის და ძალიან ბევრი მოტივაცია მომცა ყველა სირთულის წინააღმდეგ, რისი გადალახვაც საჭიროა, სანამ უშუალოდ სწავლას დავიწყებ სექტემბერში.

M: თავად რა მოლოდინები გაქვს ბერკლის საბაკალავრო პროგრამისგან?

ჩემი მთავარი მოლოდინი არის ჩემი თავის მიმართ, რომ სრულად მიძღვნილი ვიქნები ჩემი უნარების და ნიჭების განვითარებისთვის და იმ შეუდარებელი აკადემიური მრავალფეროვნების ათვისებისათვის, რასაც ბერკლი სთავაზობს თავის სტუდენტებს. 

შეგახსენებთ, რომ ბერკლის მუსიკალური სკოლა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან ასწავლიდა სტუდენტებს ჯაზსა და თანამედროვე მუსიკას… მაშინ, როცა იმ დროისთვის არსებული სასწავლებლები ძირითადად კლასიკურ მუსიკაზე იყვნენ ორიენტირებულები.

მალე ლონდონში ბუნება „გაველურდება“

Domus Trimaran — ნულოვანი ემისიის მქონე სუპერიახტა