ბირთვულ ენერგიას, სულ მცირე, ემისიის გზით, შეუძლია გარემოზე სითბური ეფექტის მქონე აირების გამოყოფის გარეშე, აწარმოოს იაფი ელექტროენერგია. თუმცა, მას შეუძლია საგანგაშოდ მაღალი რადიაციის მქონე ნარჩენების დატოვება, რომელიც ათასობით წლის განმავლობაში, სასიკვდილო ხასიათს შეინარჩუნებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბირთვული ენერგიის ალტერნატიულ ენერგიის წყაროდ მასობრივად გამოყენება, შესაძლოა, კაცობრიობას არსებობად დაუჯდეს…
2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფრანგი ფიზიკოსი – ჟერარ მურუ ამბობს, რომ მისი გამოგონების – მაღალი ინტენსივობის ლაზერების მეშვეობით, ბირთვული ენერგიისგან მიღებული რადიაციული ნარჩენების უტილიზაციის დრო ათასობით წლიდან რამდენიმე წუთად შეიძლება შემცირდეს.
დეკემბერში, ნობელის პრემიის ფარგლებში გამართულ ლექციაზე მურუმ აღნიშნა: „ატომური ენერგეტიკა შესაძლოა იყოს საუკეთესო კანდიდატი მომავლისთვის, თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ვუვლით მას გარშემო, საშიშროებიდან გამომდინარე. ჩემი იდეა გულისხმობს ბირთვული ნარჩენების ახალი ფორმის ატომებად გარდაქმნას, რომლებსაც რადიოაქტიურობის პრობლემა არ ექნებათ“.
რამდენიმე დღის წინ, The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ესსე, სათაურით – „მხოლოდ ბირთვულ ენერგიას შეუძლია დედამიწის გადარჩენა“. ესსეში, ენერგოინჟინერი სტაფან ქვისტი და პოლიტიკის მეცნიერი ჯოშუა გოლდსტეინი თანხმდებიან, რომ გლობალური კლიმატის პრობლემას, იმ ტემპში, რა ტემპითაც საჭიროა, მხოლოდ მზისა და ქარის განახლებადი ენერგიების გამოყენებით ვერ მოვაგვარებთ. ერთადერთი გამოსავალი კი ბირთვული ენერგიის გამოყენებაა.
ექსპერტების შეფასებით, გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარებაში ატომური ენერგეტიკის როლი დიდია, რადგან ეს არის გზა, სითბური აირების გამოყოფის გარეშე მივიღოთ ელექტროენერგია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ატომური ენერგეტიკის პრაქტიკა მსოფლიოში უკვე არსებობს. თუმცა, ამ მიმართულების განვითარებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით, ბირთვული ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა უშლის ხელს. Greenpeace-ის შეფასებით, მსოფლიოს 14 სახელმწიფოში 250 ათასი ტონა ნარჩენია. ყველაზე დიდი რაოდენობით რადიაქტიული ნარჩენები საფრანგეთის ტერიტორიაზეა, რადგან ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის 71% ატომურ ენერგეტიკაზე მოდის.
შეცვლის თუ არა ჟერარ მურუს გამოგონება სიტუაციას? ამის შესახებ, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გავიგებთ.