in

ნუგზარ ლოლაძე – #პირველისამსახური

ჩემი პირველი სამსახური იყო Big Four-ში შემავალი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ernst & Young. CSB-ის მესამე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც Ernst & Young-მა სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოაწყო და შერჩევა დაიწყო. პირველ ეტაპზე, ტესტირება იყო, რის შემდეგაც, დამირეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს. იმ დროს, თბილისში არ ვიმყოფებოდი და გასაუბრებაზე დროულად მისვლა ვერ მოვასწარი და კომპანიის ოფისში მისულმა ვნახე, რომ უკვე ბოლო კანდიდატებთან მიმდინარეობდა შეხვედრები. გასაუბრებაზე მაინც მოვხვდი. საუბარი ღია უშუალო გარემოში მიმდინარეობდა. მეგონა, HR მენეჯერს ვესაუბრებოდი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სინიორ მენეჯერთან მოვხვდი გასაუბრებაზე და შედეგად, მის გუნდში სტაჟიორად ამიყვანეს.

ამ სფეროსთვის უჩველოდ მრავალფეროვანი აღმოჩნდა ჩემი საქმე – მომიწია როგორც საბანკო, ასევე, არასაბანკო პროექტებზე მუშაობა. ამ საქმისთვის რუტინულობაც არის დამახასიათებელი, თუმცა, მე ამაშიც გამიმართლა და მოვხვდი ეროვნული ბანკის პროექტში. იქამდე არასოდეს მიფიქრია, რომ ეროვნულ ბანკს კერძო აუდიტი შეიძლება ამოწმებდეს. დოკუმენტების ტესტირებისა და ვაუჩინგის ნაცვლად, ჩამბარდა სამი მნიშვნელოვანი თემა – ფულის მასის მიმოქცევა ქვეყანაში, დაბეჭდილი და დაუბეჭდავი საკასო ოპერაციები და სახაზინო ოპერაციების აღწერა. ფაქტობრივად, სინიორ აუდიტორის ფუნქციის შესრულება მომიწია, რაც ძალიან კარგი გამოცდილება იყო და აღიარებაც მომიტანა კომპანიაში. საკმაოდ რთული იყო პირადი და სამსახურებრივი დროის ბალანსი. Ernst & Young-ის შიგნით, თანამშრომლებში ძალიან დიდი იყო კონკურენცია. მიღებული იყო ტრენდი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყავი ე.წ. Hard Worker, გემუშავა გვიანობამდე და ყოველგვარი დასვენების გარეშე. ეს საკმაოდ გამომფიტველი იყო და სტრესულ გარემოს ქმნიდა. სტაჟიორებიც ამ ქარ-ცეცხლს გავდიოდით და ეს იყო პირველი დაბრკოლება, როცა ვიგრძენი, რას ნიშნავს სტრესული და დატვირთული სამუშაო გარემო. დროთა განმავლობაში, ეს შეიცვალა და პირადი და სამსახურებრივი დროც უფრო დაბალანსდა.

შემდეგ, ორმაგად დამაწინაურეს – ფაქტობრივად, ორ საფეხურს გადავახტი. აქაც გამიმართლა და მრავალფეროვან პროექტებზე ვიმუშავე, მათ შორის, მსხვილ ბანკებთან. ამას გარდა, აღმომაჩნდა რთული ტრანზაქციების გაანალიზებისა და სტრუქტურირების უნარები და როდესაც Ernst & Young-მა საკონსულტაციო სერვისების მიმართულება გახსნა, მე დავინიშნე ხელმძღვანელად.

აუდიტორულ კომპანიაში 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, დავდექი არჩევანის წინაშე, გამეგრძელებინა აუდიტორული ცხოვრება და სამომავლოდ, პარტნიორი გავმხდარიყავი ან მსხვილ კორპორაციაში გადავსულიყავი და გამეგრძელებინა კარიერა.

2014 წელს, თიბისი ლიზინგიდან მივიღე შემოთავაზება ფინანსური დირექტორის პოზიციაზე და აქ გადმოვედი. იმ დროისთვის, კომპანიაში სულ 25 თანამშრომელი იყო, დღეს – 150-ნი ვართ. სალიზინგო პორტფელიც, 20 მლნ-დან 350-მლნ-მდე გაიზარდა. ამ კომპანიამ მომცა საშუალება მასთან ერთად გავზრდილიყავი და ბიზნეს-გარემოში მეკეთებინა ჩემი საქმე.

ვფიქრობ, პროფესიონალად ჩამოყალიბების მხრივ, ორივე სახის გამოცდილება ძალიან სასარგებლია. ერთი მხრივ, აუდიტორული კომპანიაში გამოცდილების მიღება ფინანსისტისთვის ძალიან სასარგებლოა და ერთგვარი ტრამპლინია შემდგომი კარიერული წინსვლისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მსხვილ კორპორაციაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობა ბიზნესის წინა ხაზზე დგომისა და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმდინარე რეჟიმში მიღების საშუალებასა და გამოცდილებას იძლევა.

ნუგზარ ლოლაძე – თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

მნიშვნელოვანი სიახლეები Google Pixel 6-ის ღონისძიებიდან

ფუდშოპი „მეგობარი“ : „გთავაზობთ უნიკალურ ლანჩს და საუზმეს, რაც მთავარია – ძალიან სწრაფად“