ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა „ალიანს ჰაილაინის“ მენეჯერის უმცროსი თანაშემწის პოზიციაზე, „ალიანსის“ გუნდს შევუერთდი.
თავდაპირველად, სამშენებლო ობიექტის გარემო ძალიან უცხო იყო ჩემთვის – გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე. თუმცა, უნიკალურ პროცესში ყოველდღიურმა უშუალო მონაწილეობამ, სფეროსა და საქმის ფასეულობათა მოზიარე გამხადა.
ჩემთვის, პროფესიის მრავალმხრივობა კიდევ უფრო გამოიკვეთა მაშინ, როცა დაგროვებული გამოცდილების პარალელურად, „ალიანსის“ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების უფრო სიღრმისეულ პროცესებში ჩავერთე, რომლის ფარგლებშიც ისეთი სხვადასხვა ეროვნების, კულტურისა და გამოცდილების მქონე გლობალურ კომპანიებსა და ბრენდების ექსპერტ/კონსულტანტებთან მიწევდა ყოველდღიური თანამშრომლობა, როგორიც Doka, Bauer, Arup, Windtech, Alucobond-ია. ეს კიდევ უფრო დამეხმარა სამშენებლო სფეროსა და მსოფლიო სტანდარტების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში.

საქმის სიყვარულითა და პროფესიული დრაივით, დღეს, უკვე ჩართული ვარ „ალიანს ფრივილიჯისა“ და „ალიანს ცენტროპოლისის“ უნიკალურ პროექტებში, სადაც სამშენებლო პროცესი ინოვაციური მეთოდებით მიმდინარეობს. თითოეულ ტექნიკურ გადაწყვეტილებას, კომპლექსური მიდგომით, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები იღებენ.
გარდა ტექნიკური მიმართულებისა, „ალიანსის“ ფართომასშტაბიანი პროექტების ფარგლებში, ასევე, ჩართულები არიან სტუმარმასპინძლობის სფეროს წამყვანი ბრენდების – Hyatt-ისა და Marriott-ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კონსულტანტებიც. ეს სამუშაო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რადგან პროექტის სრულყოფილად განხორციელება მათ მიერ მკაცრად გაწერილი სტანდარტებისა თუ რეკომენდაციების შესაბამისად ხდება. გარდა ამისა, მუდმივი კოოპერაციით, სისტემატურად ვაორგანიზებთ ვორქშოფებს, სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
გამორჩეულ გამოცდილებათაგანია საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს ესპანურ მენეჯმენტ კომპანია Castiel-თან მუშაობაც. კომპანიასთან კოლაბორაციამ, ახალი პროექტის, „ალიანს ცენტროპოლისის“ დაგეგმარების ეტაპზე მოლაპარაკებების, პროექტირების, ბიუჯეტირებისა და შესყიდვების სწორი სტრატეგიის განსაზღვრის საერთაშორისო, თანამედროვე პრაქტიკას გამაცნო და შესაძლებლობა მომცა მათთან მიღებული გამოცდილება და ცოდნა მიზნობრივად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო პროცესებში გამომეყენებინა.
აღსანიშნია, რომ თითოეული საკომუნიკაციო თუ ტექნიკური პროცესი ქმნის გარემოს, რომელშიც მუდმივად ვითარდები, არასდროს ჩამორჩები თანამედროვე მართვის პრაქტიკის ტემპს და გამოიმუშავებ გუნდურობისა და რთულ გარემოში გადაწყვეტილების მიღების უნარს. სწორედ, საქმის კომპლექსურობამ და მასში მრავალმხრივი გამოცდილების მიღების მუდმივმა შესაძლებლობამ აქცია პროექტის მენეჯმენტი ჩემს საყვარელ საქმიანობად.
შესაბამისად, ჩემთვის პროექტის წარმატებული მენეჯმენტი გამოუვალ მდგომარეობაში სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და კოორდინირებული, კონტროლირებადი აქტივობების სწორ დროსა და მოცემულობაში შესრულების ერთიანობაა.
საბოლოო შედეგის მისაღებად, სამშენებლო სფეროში ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაფრის საწყისი სწორი დაგეგმვა, შიდა გუნდში ფუნქციების ადეკვატური გადანაწილება და პროექტის ლოგიკური შეფასებაა. ამასთანავე, მასშტაბურ სამშენებლო პროექტებში ძალიან რთულია წინასწარ განსაზღვრო და გააკეთო პროგნოზი, რომელსაც ხელს არ შეუშლის კლიმატური პირობები, ან გაუთვალისწინებელი გარემოებები.
მაშინ, როცა შენი ცოდნითა და კრეატიულობით ამ მასშტაბის პროექტების ნაწილი ხარ, უზრუნველყოფ ხედვისა და სამუშაო პროცესის თანხვედრას, გიჩნდება ემოცია, რომელიც გაძლევს შედეგისთვის ბოლომდე დახარჯვისა და დაბრკოლებების უშიშრად დაძლევის სტიმულს… და თუ მკითხავთ, რა არის ჩემთვის მოტივაცია ვიყო „ალიანსის“ გუნდის წევრი, გარდა შესანიშნავი გარემოსა და მონუმენტური პროექტებისა, გიპასუხებთ, რომ „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა მხოლოდ აშენებულით ტკბობაში“.
ნუგზარ ტაბაღუა – „ალიანს ჯგუფის“ პროექტების მართვის უფროსი სპეციალისტი.













