in

ნუკა ბარბარე ჩოხელი — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან

წარმატებულ ქალებზე არაერთხელ მოგვიყოლია, ბევრი ჯილდოც ერთად გვიზეიმია და გამარჯვებაც. თუმცა, რადგან მარტი ქალების თვეა, ახლა შესანიშნავი დროა მათთან პირდაპირ სასაუბროდ, რათა გავიგოთ, რა შექმნეს, რა შეცვალეს, რა შეცდომები დაუშვეს და რას გვირჩევენ დღეს… სწორედ ამიტომ, მარკეტერი წარმატებულ ქართველ ქალ მეწარმეებსა და ხელოვანებს დაუკავშირდა. მათ შორისაა ნუკა ბარბარე ჩოხელი, ამელის დამფუძნებელი, დანარჩენი კი, მოდით, ერთად გავიგოთ:

M: ნუკა, რამდენიმე სიტყვით გაგვაცანით თქვენი სტარტაპი და გვითხარით, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია ბიზნესის წამოწყებისას…

ათი წლის წინ, როდესაც www.amelie.ge გავუშვით, მეგობრებს უბრალოდ გვინდოდა, ჩვენი ყოველდღიურობისგან, იმდროინდელი სამსახურებისგან რამე სრულიად განსხვავებული გაგვეკეთებინა. განცდა გვქონდა, რომ ახალს ვქმნიდით მოჭრილი ყვავილების ბაზარზე და სამომხმარებლო კუთხითაც — ისეთ კომუნიკაციას ვთავაზობდით დაინტერესებულებს, რომელსაც საქართველოში ვერ ვიღებდით. ჩვენი მოტივაცია რისკი, ღამის თენება და დაუსრულებელი მუშაობა იყო, რადგან 20-23 წლის ასაკში ადამიანს თავგადასავლები სჭირდება, მეტი ენთუზიაზმი აქვს და თავსაც ნაკლებად ზოგავს. ერთ კვირაში აგორებულმა მომხმარებლების ტალღამ პასუხისმგებლობები გაგვიღვიძა და გამოგვაფხიზლა. ის, რაც თამაში გვეგონა, რეალური ბიზნესის კეთების წინაპირობა იყო. 

M: როგორ შეცვალა, ან საერთოდ შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება ქალი დამფუძნებლის სტატუსმა?

ამელი ჩემს მეუღლე დავით კუპატაძესთან და ბავშვობის მეგობარ სალომე წილოსანთან ერთად გავაკეთე. ბიზნესის გამართვაში დათუნას დიდი როლი აქვს, მაგრამ, რეალურად, ის წლებია პროცესებში ჩართული არ არის. ბიზნესს მე და სალი ვმართავთ — დიახ, ქალი დამფუძნებლები ვართ, მაგრამ მე ამ ნიშნით იდენტიფიცირებას არ მოვახდენდი. ვიტყოდი, რომ ჩვენ ვართ დამფუძნებლები, რადგან თანასწორობა ბიზნესსა და სხვა სივრცეებშიც, ვფიქრობ, პირველ რიგში, საკუთარი თავის სწორი პოზიციონირებით, სწორი თვითშეფასებით იწყება. 

ჩვენ ვართ ბიზნესის დამფუძნებლები — მნიშვნელობა აქვს ქალი თუ კაცი?! ჩემი ყოველდღიური საქმიანობის ამოსავალი წერტილი მინდა, რომ ადამიანი იყოს, ადამიანი — დამფუძნებელი, ადამიანი — თანამშრომელი, ადამიანი, როგორც მომხმარებელი, მომწოდებელი, პარტნიორი. ადამიანი, რომელსაც ჯერ ამელისთან გადაკვეთა არ ჰქონია და მინდა, რომ მის შესახებ პირველი და შემდეგი შთაბეჭდილებაც დადებითი მიიღოს. 

დამფუძნებლის სტატუსმა არა მგონია, მაგრამ ამელიმ შეცვალა ჩემი ცხოვრება — ერთ დიდ, ილუსტრაციებით სავსე ჟურნალად აქცია. 10 წლის განმავლობაში არც ერთი დღე ერთნაირი არ ყოფილა. იმდენი ამბავი უკავშირდება ყვავილების მიღება/გაგზავნას, იმდენი მიზეზი და ისტორია აკავშირებს ადამიანებს ამელისთან, რომ მათში მონაწილეობა მუდმივი ემოციური ტრანსფორმაციაა. სულ პროცესში ხარ სხვებთან ერთად, მუდმივი მოძრაობის განცდა გაქვს და თან არ იღლები. 

M: როგორ ფიქრობთ, რა იყო/არის თქვენი წარმატების გასაღები?

ყვავილების ბიზნესის სპეციფიკა და ჩვენი გუნდის ხასიათი ერთმანეთთან თანხვედრაშია. ამბების სიყვარულია ჩვენი წარმატების გასაღები — ყველა ახალი დღე ბევრი ახალი ამბავია.

ისეთი ადამიანები ვიკრიბებით ამელის გარშემო ამ წლების განმავლობაში, ვისთვისაც სულერთი არ არის სხვა ინდივიდი. ამელის კიბეზე ამოსვლისთანავე, პირველი ზარით, პირველი წერილით იწყება ახალი ამბავი: იცით, ჩემი შვილი სკოლას ამთავრებს და; თაიგულის გაგზავნა მთხოვა მეგობარმა, თვითონ სამხედრო მისიაშია; თქვენგან ყვავილები მივიღე და ანონიმური იყო ამბები მუდმივი ემოციის წყაროა, დადებითია ეს თუ ნეგატიური და ჩვენ ამ ყველაფერში ჩვენი როლი გაანალიზებული გვაქვს. ძალიან ფრთხილად და სათუთად ვეპყრობით სხვა ადამიანის განცდებს, კონფიდენციალურობას და მოტივს, რომ შეუკვეთონ თაიგული ამელიში.

M: გვესაუბრეთ შეცდომაზე, რომელიც დიდი გაკვეთილი გამოდგა თქვენი სტარტაპისთვის.

ჩვენ საქმის კეთებისას, ზოგადად, სხარტი მიდგომები გვახასიათებს. თუ სხვები ბევრს წონიან და მსჯელობენ, ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ამელის შექმნაც და ყველა შემდეგი ზრდასთან დაკავშირებული ქმედებაც სხარტ რეაგირებას უკავშირდებოდა. 

ამის მიუხედავად, მთავარი შეცდომები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში დავუშვით, ყოყმანს, შიშს და გადაწყვეტილების გვიან მიღებას უკავშირდება. გვიან დავიჯერე, რომ პირველები ვიყავით ბევრ პოზიციაზე ამ ბაზარზე და ამან მნიშვნელოვანი კაპიტალი დაგვაკარგვინა უძრავი ქონების სახით, რომელიც ივენთის ინვენტარისთვის საწყობად და სხვა ოპერაციებისთვის უნდა შეგვეძინა. ვაითუ, პანდემია გაგრძელდეს, ვაითუ ომი დაიწყოს — ყოველთვის, როცა ეს კითხვები დავსვით, ერთი ნაბიჯით დავაგვიანეთ. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეცდომები, რომლებიც ბიზნესის კეთების გზაზე დავუშვით, არასდროს ყოფილა მტკივნეული. პრობლემას კიდევ უფრო მძაფრი შეფასება და გართულება არ სჭირდება, რადგან მწვავე სირთულე რადიკალურ გადაწყვეტის გზებს მოითხოვს და ჩვენი თავი ისეთ მდგომარეობაში არასდროს ჩაგვიყენებია, რომ ემოციურ ფონზე მწვავე გადაწყვეტილებები მიგვეღო. მსუბუქი მიდგომა და იუმორი ჩემი და სალის მთავარი გასაღებია. სალის კარგი იუმორი აქვს და ნებისმიერ დაბრკოლებაში ერთ სასაცილო მიზეზს მაინც პოულობს, რომ გაგვამხიარულოს. პოზიტიურად რომ განვეწყობით, მოვეშვებით, მერე უფრო ადვილად ვპოულობთ ხოლმე გამოსავლის გზებს. 

M: ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ ქალებისთვის სტარტაპეკოსისტემაში, რა იქნებოდა ეს?

რჩევას ვერავის მივცემ, მაგრამ გეტყვით, რას ვახსენებ ხოლმე ჩემს თავს ძალიან ხშირად — Be Bold and have fun! არ დაგავიწყდეთ, რომ სიამოვნება მიიღოთ.

 

ავტორი: მაკუნა ჯუღელი

სინათლე როგორც შთაგონების წყარო – Zeekr საქართველოს კოლაბორაცია NS Product-თან

Red Flags — წითელ დროშებზე ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სიტყვები დაიტანეს