18
Oct
2019

ამიერიდან, ამანათის ვინმესთვის გატანება უხერხულია – #ნუშეაწუხებლუკას

18 Oct 2019

კამპანიების წარმართვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ის პოზიტიური გავლენაა, რომელმაც შესაძლოა, რაიმე პროცესისა თუ ადამიანების ქცევის შეცვლას შეუწყოს ხელი. და როცა კომპანია, სააგენტოსთან ერთად, იმ თემაზე დაიწყებს საუბარს, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ყველასთვის ძალიან ახლობელია, უფრო ზუსტად კი, ბევრს აწუხებს, აქედან იწყება ხოლმე არსებული რეალობის გარდაქმნის პირველი ეტაპი.

მთავარია, ამ შემთხვევაში, სათქმელის ისე გადმოცემა, რომ არავინ გაღიზიანდეს. იუმორი კი ამისთვის საუკეთესო ინსტრუმენტია.ჩვენს ცნობიერებაში მყარად რომ აქვს ფესვები გადგმული აზრს, რომ თუ როგორმე მოვახერხეთ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ, ავტომატური ვალდებულება გვეკისრება, რომ მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, დაქალის ძმის შეყვარებულს, ნათლულის ბიცოლას და მრავალ სხვას უნდა დავეხმაროთ იმისთვის, რომ ჩვენი ჩემოდნით, მათთვის სასურველ ადრესატამდე, ადრესატისთვის სასურველი ნივთი მივიდეს…

პრობლემა საყოველთაოა, თუმცა ამაზე ისე მასშტაბურად საუბარი, როგორც ეს საქართველოს ფოსტამ დაიწყო, არავის უცდია. თავის მხრივ, კომპანიისთვის ამ პრობლემაზე აქცენტი შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა იმის შესახსენებლად, რომ საქართველოს ფოსტით ამანათის გაგზავნა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი.

იდეის კონცეფცია სააგენტო Mr.Wolf-ში დაიბადა, მისი ციფრულ არხებში გაშლა კი, საკუთარ თავზე ონლაინ მარკეტინგულმა კომპანია Advertwise-მა აიღო. კამპანიის ფარგლებში, ყველა ჩვენგანის პროტოტიპი ლუკა შეიქმნა, გზავნილით: #ნუშეაწუხებლუკას.

დარწმუნებული ვარ, არცერთ ადამიანს არ უმოგზაურია საზღვარგარეთ ისე, მისთვის ვიღაცას რამის გატანება რომ არ ეთხოვოს. ამ კამპანიის მიზანი იყო, მომხმარებლებისთვის ჩვენს შესაძლებლობებზე კიდევ ერთხელ გვეთქვა და მათთვის შეგვეხსენებინა, რომ ახლობლების შეწუხების იქით გზა არსებობს, თანაც მარტივი და მას საქართველოს ფოსტასთან მივყავართ, – ნოკა ბაინდურაშვილი, საქართველოს ფოსტა, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

ნატალია თარხან მოურავი და თამარ გოგორიშვილი, Mr.Wolf: კამპანიაზე რომ ვმუშაობდით, მაშინვე საკუთარი თავები გაგვახსენდა და პირველი, რაც თავში ამოგვიტივტივდა, სტატუსი იყო: „ბერლინში არავინ მიდიხართ? რაღაცას გაგატანთ მეგობართან“… ძალიან გვინდოდა, რომ მომხმარებელს ლუკაში საკუთარი თავი ამოეცნო და მემგონი, გამოგვივიდა. იდეის შემდეგ სავარაუდო ნივთების სიაც ჩამოვწერეთ, რაც ლუკას ახლობლებისგან გასაგზავნი ამანათის სახით უნდა მიეღო“.

როგორც იდეის ავტორები გვიყვებიან, კამპანიას ძალიან დადებითი უკუკავშირი მოჰყვა. დაახლოებით, ერთწუთიან სატირაში საკუთარი თავი გარედან დაგვანახეს… რამხელა უხერხულობას ვქმნით იმით, როცა ჩვენი გზავნილებით ვტვირთავთ სხვებს. პირობითად, თითო ჩურჩხელას ნათესავს ვატანთ.

როგორც უკვე ვახსენეთ, კამპანიის ციფრულ არხებში გაშლაზე ონლაინ მარკეტინგულმა კომპანია Advertwise-მა იზრუნა:

ლუკა, რეალურად ჩვენი, ჩვენი მეგობრებისა თუ სხვა უამრავი ადამიანის პროტოტიპია, რომელსაც ცხოვრებას ურთულებენ. როგორც კი „ბიგ აიდია“ („დიდი იდეა“) გაჩნდა, „ფეისბუკზე“, „იუთუბსა“ თუ „გუგლში“ ამ თემის გაშლა უკვე მარტივი საკითხი იყო. ჩვენი მთავარი პერსონაჟი ლუკაა, ამიტომ კრეატიული პოსტები იქნება, თუ „გუგლის“ ბანერები, სწორედ მის გარშემო ტრიალებს. მომხმარებელს საშუალება აქვს, ლუკას ურჩიოს, როგორ ჩაატიოს ამდენი ბარგი, ან ამ თემაზე საკუთარი ისტორიები გაგვიზიაროს და კიდევ უამრავი სხვა კითხვა-პასუხით ჩაერთოს ინტერაქციაში საქართველოს ფოსტის ფეისბუკგვერდზე, – თინა კიკალიშვილი, Advertwise, სოციალური მედიის ხელმძღვანელი

#ნუშეაწუხებლუკას მხოლოდ ვიდეორგოლს არ მოიცავს. კამპანიის ფარგლებში ბილბორდებიც მომზადდა და ამჟამად, პოსტები ლუკაზე, სოციალურ ქსელებში აქტიურ ვრცელდება. ლუკას დახმარებით, საქართველოს ფოსტა მომხმარებლებს პირდაპირ აწვდის ინფორმაციას იმ სერვისებზე, რომელიც კომპანიას საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით აქვს.

ავტორი: თიკა გეგენავა

[R]

განხილვა