ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა. გაიცანით ნუცა ანდღულაძე, სააგენტო „მოზაიკას“ ივენთების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
M: რას მოიცავს ივენთ მენეჯმენტი?
ივენთი მარკეტინგული კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელიც მომხმარებლებს ბრენდთან უფრო მჭიდროდ აკავშირებს. ივენთი ბრენდის მიმართ ლოიალურობის ზრდას უწყობს ხელს და მომხმარებლებს ბრენდის კარგად გაცნობაში ეხმარება.
ივენთის მენეჯმენტის მიზანი პოზიტიური და დასამახსოვრებელი გამოცდილებების შექმნაა, როგორც სტუმრებისთვის ასევე დამკვეთებისთვის. ივენთების მენეჯმენტის პროცესში სწორი დაგეგმვა, ხარისხიანი შესრულება და კოორდინაცია იყრის თავს, რაც საბოლოოდ წარმატებულ ღონისძიებას ქმნის.
M: რით იყო მიმზიდველი ივენთების მიმართულება თქვენთვის და როდიდან ხართ ამ სფეროში?
2009 წლიდან, კრეატიულ სააგენტო „მოზაიკაში“ სხვადასხვა მიმართულებაზე ვმუშაობდი, 2018 წლიდან კი ივენთების მიმართულება ჩავიბარე. მიმზიდველი ალბათ ის არის, რომ ყოველ პროექტზე განსხვავებულ და მრავალფეროვან გზას გადიხარ – იდეიდან აღსრულებამდე და ბოლოს, შედეგს ხედავ, ეცნობი სხვადასხვა ბრენდს და მათი მომხმარებლებთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტურ და დასამახსოვრებელ გზას პოულობ.
M: რა უნარები უნდა ჰქონდეს კარგ ივენთ მენეჯერს?
კარგი ივენთ მენეჯერი სრულ სურათს უნდა ხედავდეს. თანმიმდევრულად და სწორად უნდა დაგეგმოს პროცესი და მართოს ყველა ის ეტაპი, რაც წარმატებული ივენთისთვის არის აუცილებლი. ასევე, სწრაფად და ეფექტურად უნდა შეეძლოს კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალის მოძებნა.
M: როგორია ივენთის იდეის ფორმირების და შემდეგ უკვე, მზადების პროცესი?
ჩვენ შემთხვევაში, როგორც კრეატიულ სააგენტოში, დამკვეთის ბრიფი რამდენიმე ეტაპს გადის. თავდაპირველად, ვსწავლობთ ბრენდსა და პროდუქტს, რომელსაც აღნიშნული ღონისძიება ეხება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ე.წ ბრეინშტორმინგი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები გამორჩეული და უნიკალური იყოს, ემსახურებოდეს ზუსტად იმ მიზანს, რომელიც დამკვეთმა ჩაიფიქრა.
კონცეფციის შემუშავების და არტ დაირექშენის განსაზღვრის შემდეგ, იქმნება ივენთის დრამატურგია, იწერება სცენარი, ირჩევა ლოკაცია რაც ივენთის მენეჯმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. შემდეგი ეტაპი ივენთის ბიუჯეტირება და თაიმლაინის გაწერაა. იდეის დამტკიცების შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი – სწორი დაგეგმვა და ჩანაფიქრის რეალობად ქცევა. ამ პროცესში ბევრ საინტერესო ადამიანს და სიახლეს აწყდები და მუდმივად ახალ გამოწვევებს ეჭიდები – ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია ჩემთვის.
M: რა გამოწვევების წინაშე დამდგარხართ ამ სფეროში მუშაობის განმავლობაში?
გამოწვევები თითქმის ყველა პროექტს ახლავს თან, რადგან ჩვენი მიზნები ყოველთვის არასდანდარტულ და რთულ სეტებთან შეჭიდებაა, შესაბამისად, ეს გზაც რთული და დაბრკოლებებით სავსეა ხოლმე. თუმცა საბოლოო ჯამში, შედეგით ყოველთვის კმაყოფილები ვართ და ვხვდებით, რომ ეს ამად ღირდა.
M: გაგვიზიარეთ საინტერესო პროექტები, რაზეც გიმუშავიათ…
ჩემთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან მუშაობისას ყოველთვის სიახლეს აწყდები, ახალი გამოწვევის წინაშე დგები და მათი გადაჭრის პროცესში ბევრ ახალ რამეს სწავლობ. ყველაზე გამორჩეული პროექტები ალბათ ისინია სადაც ბევრი ან რთული გამოწვევა იყო გადასაჭრელი.
ჯითი მოტორსის – BMW & Mini Launch ღონისძიება გამახსენდა, სადაც არასტანდარტული სეტ-დიზაინი შევქმენით და საინტერესო აუდიო-ვიზუალური გადაწყვეტები მოვიფიქრეთ. კონკრეტულად ამ პროექტისთვის შეიქმნა მუსიკალური კოლაბორაციაც.
ძალიან საინტერესო იყო აჭარაბეთის ღონისძიებაზე მუშაობა, სადაც apeople champions playground კონცეფცია გავშალეთ, ამ შინაარსს სეტ-დიზაინი მოვარგეთ და ღონისძიება სუფერ ბოულის შოუს ელემენტებით გავაფორმეთ.
ახლა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით სამთო კურორტებზე გართობის ფესტივალ გიზ-გიზს ვქმნით, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებებაა რაზეც მიმუშავია, ბევრ კომპლექსურ ასპექტს მოიცავს და თითოეულის აღსრულება უმნიშვნელოვანესია რომ საბოლოო შედეგით ჩვენც კმაყოფილები ვიყოთ, დამკვეთიც და რათქმაუნდა სტუმრებიც.
M: როგორ წარმართავთ გუნდის წევრებთან ურთიერთობებს, როგორია მათთან ერთად მუშაობის პროცესი და როგორ არჩევთ გუნდის წევრებს?
თითოეულ პროექტზე მუშაობა ცალკე თავგადასავალია, ამ ხანგრძლივ და შრომატევად პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის შეკრულობა, პროფესიონალიზმი და ამ საქმის სიყვარული, სხვაგვარად ეს ყველაფერი შეიძლება საკმაოდ რთული და სტრესულიც მოგვეჩვენოს. ვფიქრობ ჩვენი გუნდის მოტივაცია სწორედ ამ საქმის სიყვარული და ერთად მუშაობის სიამოვნებაა.
M: რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს პროფესიას და ივენთ მენეჯერობას აპირებს?
ვინც ახლა ირჩევს პროფესიას ვურჩევდი რომ კარგად დაფიქრდეს, რამდენად არის მისი ძლიერი მხარე დაგეგმვის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, რთულ სიტუაციებში სხარტი გამოსავლის პოვნა და რამდენად მზადაა თავდაუზოგავი შრომისთვის. გვერდიდან ივენთ მენეჯერის პროფესია საკმაოდ მიმზიდველი და სახალისოც შეიძლება იყოს, რეალურად კი ამის უკან უდიდესი პროცესია.
ვურჩევდი, იყვნენ თამამები იდეებში, ორგანიზებულები ყველა დეტალში, რადგან სტუმრების, დამკვეთის ბედნიერ სახეებს უდიდესი ენერგიის მოცემა შეუძლია, მაგ დროს ხვდები რომ ზუსტად იმ საქმეს აკეთებ რაც გიყვარს და რასაც უნდა აკეთებდე. ვურჩევდი რომ თუ ამ მიმართულებას გაჰყვებიან პროცესში ბოლომდე ჩავიდნენ, რადგან სწორედ ამ გზით შეიძლება დასახული მიზნების მიღწევა.
M: რა პერსპექტივა აქვს ამ პროფესიას?
ივენთ მენეჯმენტი დინამიკური სფეროა და მუდმივად პროგრესირებს. ამის გამო, ივენთ მენეჯერის პერსპექტივა შესაძლებლობების დიდ განზომილებად იშლება. პიროვნულ და პროფესიულ ზრდასთან ერთად, ივენთ მენეჯერს თავისი უნიკალური სტილით და საინტერესო პროექტებით შეუძლია გლობალურ ასპარეზზეც მოხვდეს. ბევრი დასამახსოვრებელი ღონისძიების შექმნით კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ სფეროს განვითარებაში.