in

ნუცა ქირია – #პირველისამსახური

2013 წლის ზაფხული იდგა. ბათუმში ვიყავი გადახვეწილი, როდესაც მეგობარმა ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“ გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიაზე მიამბო. ავბარგდი და პირდაპირ გასაუბრებაზე მივედი, გაყიდვებში ნული გამოცდილებით. საშინლად დაძაბული ვზივარ და ველოდები ინტერვიუს. ყველა შესაძლო კითხვისა და ჩემი პოტენციური პასუხების კომბინაციას ვალაგებ თავში და ჰოი საოცრებავ, იწყება ინტერვიუ და პირველი კითხვა – ნუცა, აბა ვინ ხარ,  რა გაინტერესებს და რით ერთობიო?! მეთქიი, ვაა, რა კარგ ადგილას მოვხვდი. მაშინვე მომეხსნა დაძაბულობა და მივხვდი, აქ ჩემი დიპლომების, განათლების ხარისხისა და გამოცდილების მოსასმენად არავინ მელოდა. აინტერესებდათ ჩემი პიროვნული თვისებები და რამდენად მქონდა ის უნარები, რომელიც ამ პოზიციაზე მუშაობისას გამომადგებოდა.

დავიწყე მუშაობა, მქონდა მოქნილი გრაფიკი, სრული დამოუკიდებლობა და ერთი ამოცანა  – გამეყიდა სარეკლამო განთავსება ჟურნალში.

რამდენადაც კარგია მოქნილობა და თავისუფლება, იმდენად მეტად გიწევს თვითდისციპლინაზე მუშაობა, საკუთარ შეცდომებზე სწავლა, დამოუკიდებლად ალტერნატიული გზების გამოძებნა. ჩემი ამ ყველაფერზე დაფიქრება და პროგრესირება ნამდვილად აქ მოხდა.

მახსოვს, ჩემი მთავარი ბარიერი ტელეფონზე საუბარი იყო: „მერე გადმორეკე“, „ახლა არ მცალია“, „არ ვარ დაინტერესებული“, „მეილზე არაფერი მიმიღია“, „მე თითონ დაგირეკავთ“ და სხვა უამრავი ფრაზა, რომელიც პირდაპირ დემოტივაციაზე მუშაობს. მაშინ მსგავსი შეთავაზებები სატელეფონო ზარებით კეთდებოდა, ახლა ადამიანს შეგიძლია სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიწერო, რაც ბევრად მარტივი და მოქნილია.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი დიდი ცნობადობით სარგებლობდა, ჰყავდა ერთგული მკითხველი და გამომწერები, სარეკლამო განთავსების კუთხით დიდ კონკურენციაში მოდიოდა ალტერნატიული მედია არხები. ციფრული მედიაც აქტიურად იწყებდა ფეხის მოკიდებას, რაც საკმაოდ რთული პირობა იყო იმისთვის, რომ კლიენტი დაგერწმუნებინა, რატომ უნდა განეთავსებინა საკუთარი ბრენდის რეკლამა ბეჭდურ მედიაში.

ერთხელ, ასეთი ამბავი დამემართა. ერთ-ერთ ქართულ ბრენდთან მქონდა მოლაპარაკება სარეკლამო განთავსებაზე. ჩემი პირველი რეალური შანსი იყო გამეყიდა პოზიცია და დადასტურებიდან 5 წუთში აღმოვაჩინე, რომ უკვე გაყიდული პოზიცია მქონდა შეთავაზებული. მახსოვს, მზიურის პარკში ვიდექი და ბოლთას ვცემდი, ღრმა ჩასუნთვებს ვაკეთებდი და ვემზადებოდი კლიენთან დასარეკად. ვრეკავ, ვაცნობ ინფორმაციას და ალტერნატიულ პოზიციას ვთავაზობ, პასუხად ვიღებ – არა, მე მხოლოდ ეს კონკრეტული პოზიცია მაინტერესებს. მახსოვს ჩემ თავს ვუთხარი, ნუცა, თუ ახლა შენ ამ ქეისს შენს სასიკეთოდ ვერ შემოატრიალებ, ე.ი. არაა ეს შენი საქმე და თავი უნდა დაანებო არა მარტო ამ სამსახურს, არამედ ფიქრს იმაზე, რომ საკომუნიკაციო სფეროში განვითარება გინდა. მოკლედ, ჩემი თავი „დავაჩელენჯე“ და სასწორის მხარეს ჩემი მიზანი და მომავალი შემოვაგდე. როგორც მიხვდით, დღევანდელი ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მე ეს შევძელი და დამკვეთი დავითანხმე.

საკუთარი თავის მოსმენა და დაკვირვება, შეცდომების ანალიზი და ალტენრატიული გზების ძიება, პრობლემების გამოწვევებში კონვერტაცია და გადაჭრის გზების ძიების სურვილი, ესაა უნარები რომელიც შევიძინე პირველ სამსახურში და თამამად შეიძლება ვქთვა, დღესაც ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პირველი სამსახური იყო საფუძველი ჩემი სამომავლო კარიერის განვითარების და საკომუნიკაციო ინდუსტრიაზე არჩევანის შეჩერების.

ნუცა ქირია – Socialsharks-ის გენერალური მენეჯერი.

ავტომობილი ყველა გემოვნებისა და სოციალური კლასისთვის – Opel

დანადგარი, რომლის დახმარებითაც 100 წლის აუდიო ჩანაწერების მოსმენა შესაძლებელია