in

“პრობლემას უნდა შეხედო, როგორც გამოწვევას, რომელიც გადალახვის შემდეგ გაძლიერებს” – ამბავი ნუცა მიქაბერიძეზე

ვიღაცამ წყალი ხომ უნდა მოგაწოდოს?” – ეს ნუცა მიქაბერიძის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, რომელიც Oxygen 2020-ზე გამოიფინა და ალბათ ბევრიც საკმაოდ დააფიქრა. მას მერე, რაც კონცეფციის ახსნა ვთხოვეთ, აღმოჩნდა, რომ მისი შთაგონება ნამუშევრის შექმნის პროცესში ერთად დგომა/ერთიანობა იყო. ერთგვარად მან ამ ნამუშევრით წყლის მომწოდებლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სუბიექტური შეფასებით კი, ეს ერთიანობა არამხოლოდ მის ამ კონკრეტულ ნამუშევარში, არამედ სხვა დანარჩენებშიც მკაფიოდ იგრძნობა. თითქოს მისი ნამუშევრები რაღაც ერთი იდეითაა გადაჯაჭვული, რომლებიც ბავშვობაში გვაბრუნებენ. ნუცას შემოქმედება თან ზუსტად ბავშვურად ფერადია და თან – საკმაოდ დახვეწილი. ვიტყოდი, რომ ნუცა მედიუმების ქაოსში ტრიალებს და ყველაფერს, რასაც ეხება, ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის. მის შემოქმედებაში ხშირად შეხვდებით სიტყვებს, რომლებიც ისე ჟღერენ და იმ ფორმით არიან გამოხატულნი, რომ ნახვის მერე რთულად შეიძლება, დაგვავიწყდეს.

ვინ არის ნუცა

საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია. თუმცა, მგონია, რომ ყველა ძალიან ვგავართ მათ, ვინც ბავშვობაში ვიყავით. ალბათ, რამდენადაც ვგავართ, იმდენად ნამდვილები ვართ, შეუფუთავები. ამიტომ ვცდილობ, სწორედ ბავშობის მუხტი იყოს ჩემი მამოძრავებელი.

ბავშვობა

ძალიან ლაღი ბავშვობა მქონდა. ხშირად დავყავდით მშობლებს მეგობრებთან და მათ შვილებთან ერთად ბოტანიკურ ბაღში, იპოდრომზე, ლისის ტბაზე.. მახსოვს ბამბუკებისგან ქოხს ვაშენებდით ყველა ერთად. ეს ერთიანობის შეგრძნება ძალიან კარგი იყო და დღემდე მომყვება.

პატარაობიდან მოყოლებული, ვცდილობ, ყველაფერში დადებითი მხარე დავინახო. შუქი რომ მიდიოდა, მიხაროდა -გასართობივით ვუყურებდი, თამაშივით. ბავშვობაშივე მასწავლეს, რომ პრობლემას უნდა შევხედო როგორც გამოწვევას, რომელიც გადალახვის შემდეგ გვაძლიერებს. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ბევრ რამეში მეხმარება.

წარსულის შთაბეჭდილებები და ზოგადად ნოსტალგია ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს დღევანდელობაში, განწყობებსა და ქმედებებში. აქედან გამომდინარე, ნამუშევრები წარსულს უხილავი ძაფით თითქმის ყოველთვის ებმის.

ბევრია დამოკიდებული გარემოზე, რომელიც გვიყალიბებდა ღირებულებებს, ფასეულობებსა და რწმენებს. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი რეაქცია და ქმედება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, უკვე არსებულზე ჩვენი შეხედულებაა. ადამიანებიც ხო სამყაროში არსებული ნაწილებისგან ვიქმნებით და ნებისმიერი უჯრედიც უკვე არსებული უჯრედისგან იბადება.

განათლება

ბევრი სკოლა გამოვიცვალე, რატომ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უნივერსიტეტში ძალიან გამიმართლა. 2015 წელს ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტზე, რომელიც ჯერ მხოლოდ ერთი წლის გახსნილი იყო. ამის გამო, ზუსტად არ ვიცოდი, რა მელოდა, მაგრამ ჩაბარებამდე გაცნობით ლექციებზე დავდიოდი და თანდათან უფრო და უფრო მომწონდა VAADS-ი. შეიძლება ითქვას, იქ ჩაბარებისას გავიცანი საკუთარი თავი. საერთო ინტერესების მქონე ხალხთან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლამ, ერთმანეთის მუშაობაზე დაკვირვებამ და გამოცდილების გაზიარებამ დიდი როლი ითამაშა. აღმოვაჩინე უამარავი ახალი რამ, რისი კეთებაც თურმე მიყვარდა და ეს VAADS-ის დამსახურებაა. ძალიან დიდი მადლობა ამითვის ირინა პოპიაშვილს და ყველა ლექტორს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ სკოლის არსებობაში.

მომწონდა, რომ ზოგად საგანმანათლებლო საგნებსაც ვსწავლობდით. ამან უფრო საინტერესო გახადა ის 4 წელი. ზოგადად უნივერსიტეტის გარემოში ყოფნა ძალიან მიყვარდა და მენატრება.

პროფესიას რაც შეეხება, მეორე კურსზე გრაფიკული დიზაინის განხრა ავირჩიე. საინტერესო ლექციები იყო და ბევრი ვისწავლე, მაგრამ საბოლოო ჯამში კომპიუტერთან მუდმივად ჯდომას და ციფრული ნამუშევრების კეთებას, სხვადასხვა მასალაში მუშაობა ვარჩიე.

ოცნებები

მახსოვს, პირველ კურსზე მინდოდა, შემექმნა ისეთი რამ, რაც ბევრ ადამიანს მოეწონებოდა და ეს ძალიან არასწორი შეხედულება იყო. მალე მივხვდი, რომ ნამუშევრის კეთების პროცესი იყო ყველაზე მნიშნელოვანი და სასიამოვნო.

ხელოვნებასთან კავშირი

ისეთ გარემოში გავიზარდე, სადაც ხელოვნება თავისთავად სულ იყო. მეც სულ ვხატავდი. დილაობით ბაბუაჩემის სახელოსნოდან ჩამოსული კლასიკური მუსიკა მაღვიძებდა და იმ პერიოდში თავადაც ვუკრავდი. იმდენად ყოველდღიური და სასიამოვნო იყო ყველაფერი ჩემთვის, არ აღვიქვამდი რომელიმეს მომავალ პროფესიად, ჰობები უფრო იყო. აქედან გამომდინარე, მქონდა პეროდი, როცა ყველაფერს ერთად შევეშვი და ისეთ საქმეს ვეძებდი, რომელზე დაყრდნობაც შესაძლებელი იქნებოდა – რაღაც სხვას და ახალს. პროტესტიც გამიჩნდა ხატვის მიმართ. მაგრამ მალევე დავუბრუნდი. სტრესულ სიტუაციაში მივხვდი, რომ ზუსტად ხელოვნებით შემეძლო სათქმელის გადმოცემა და ემოციებისგან დაცლა.

ადრეული გამოცდილებები

ყველაზე ადრეული რაც მახსოვს, სკოლის პერიოდში ნატა ბუაჩიძესთან ხატვაზე სიარულია. მაგრამ არ იყო ეს მარტო ხატვა. ვკითხულობდით მოთხრობებს, ან ვყვებოდით ჩვენს ისტორიებს. შემდეგ ყველანაირი მასალის გამოყენებით, ვქმნიდით ამ ამბებზე ნამუშევრებს. პირველი გამოფენების გამოცდილებაც ამ დროს მივიღე.

ზუსტად ამ გამოფენებზე გაიყიდა ჩემი პირველი ნამუშევარი. ალბათ 10 წლის ვიყავი. ერთმა უცხოელმა კაცმა იყიდა თავისი შვილისთვის. 20 ლარი იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო, მით უმეტეს, ბავშვისთვის. მახსოვს ძალიან გახარებული ვიყავი.

სტუდენტობიდან კარიერამდე

VAADS-ში ყოფნისას ყოველთვის გვქონდა სემესტრული გამოფენები სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში, რაც ძალიან კარგია იმ მხრივ, რომ დიდი გამოცდილება მოვაგროვეთ ყველამ.

ალბათ, პირველი ნამუშევარი, რომელიც ახლა მახსენდება არის „Gestures“, ვიდეო, რომელიც ასახავს საკონტაქტო ფორმას და სხეულის ენით ურთიერთობის სისტემას მძღოლებსა და მგზავრებს შორის. ძალიან საინტერესო იყო პროცესი, სრულიად უცხო ადამიანებთან საუბარი. აღმოჩენა, რომ თითოეული „მარშრუტკის“ გაჩერების მანერა სრულიად ინდივიდუალურია, რაც ადამიანის ხასიათს მკაფიოდ გამოხატავს. ნამუშევარი ჯერ OPEN SPACE-ში იყო გამოფენილი, შემდეგ ბერლინში გამოფენაზე, ამის მერე OXYGEN_Tbilisi No Fair-ზე 2019 წელს VAADS-ის ჯგუფურ ოთახში. ამ წელს კი ესპანეთში, ალიკანტეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში უნდა გამოფენილიყო ვიდეო-არტ ფესტივალზე, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო. ეს იყო პირველი ნამუშევარი, რომელიც უფრო ფართო საზოგადოებამ ნახა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი.

ამ ვიდეოს შემდეგ ისევ გავარგძელე „მარშრუტკების“ თემაზე მუშაობა და კიდევ ორი ნამუშევარი გავაკეთე, რომლებშიც პირველად გამოვიყენე საქსოვი ძაფი მასალად.

ფოტოები: გურამ კაპანაძე

დაახლოებით ამავე პერიოდში გავიმარჯვე ფრანკფურტის წიგნის ფესტივალისათვის განკუთვნილ პოსტერების კონკურსში და მოვხვდი სამ რჩეულს შორის. თემა იყო „Welcome to Georgia“.ჯერ „თბილისის წიგნის საერთაშრისო ფესტივალზე“ გამოიფინა 2018 წელს, ასევე საქართველოს გაეროს შენობაში, შემდეგ კი „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე“ გერმანიაში.

ბოლოს ყველაზე დიდი გამოხმაურება OXYGEN 2020 – Know Thy Neighbor გატანილ ნამუშევარს „Each Other-ს” მოჰყვა, რაც ძალიან მახარებს. ასევე, დამიკავშირდნენ ASTEROID B612-დან და ამ ნამუშევრის დეტალები პოსტერებად დაბეჭდეს.

მიღწევა

I კურსის მეორე სემესტრში გადავიღე ვიდეო „წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა“, რომლის დავალებაც კამერის მოძრაობა იყო. ვეცადე, ისეთი რამ გადამეღო, რაც კამერის მოძრაობას არ ასახავდა, თუმცა სწორედ ეს ქმნიდა საჭირო ილუზიას. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მახსოვს, ამ დროს პირველად დამეუფლა შეგრძნება უნივერსიტეტში იმის, რომ რაღაც მართლა კარგად გამომივიდა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ხარისხით არის, რადგან ტელეფონით მომიწია გადაღება ღამის განათებაზე, მაგრამ იდეამ გაამართლა და სტიმული მომცა მეტი და მეტი გამეკეთებინა.

შემოქმედების პროცესი

შემოქმედების პროცესი შთაგონებებიდან მოდის, ზოგი გააზრებულად, ზოგიც გაუაზრებლად. სძინებელში ყოველთვის გვერდით მიდევს „სქეჩბუქი“, რომ თუ რამე კონცეფცია მომაფიქრდება, მაშინვე ჩავწერო და არ დამავიწყდეს. თუ გარეთ ვარ და რაიმე სიტყვაც კი იმ მომენტში განსაკუთრებულად მომეჩვენა, ტელეფონის note-ებში ვიმახსოვრებ. ზოგიერთზე იმ მომენტში ფიქრობ, რომ კარგია და მერე აღმოაჩენ, რომ არ გაამართლა. მაგრამ ხანდახან კარგი გამოდის – ამიტომ ყოველი ფიქრი რომელიც თუნდაც ერთი წამით მაინც მნიშვნელოვნად მეჩვენება, ვიწერ და რამდენიმე დღეში ვუბრუნდები.

თუ რაღაც მინდა რომ გავაკეთო, ვცდილობ არ გამაჩეროს იმ ფიქრებმა, რომ შეიძლება არ გამოვიდეს. პირიქით, შეიძლება, რაღაც მომენტში ზუსტად ვიცოდე რომ არ გამოვა კარგი, მაგრამ დაცლა მჭირდება იმ აზრებისგან, მოქმედება და მიყოლა.
მუშაობის დროს თითქმის სულ კარგ განწყობაზე ვარ და მნიშვნელოვანია, თუ მარტო არ ვარ, გარშემომყოფებიც იმავე ხასიათზე იყვნენ. ყველაზე კომფორტულად მაინც უფრო მშვიდ გარემოში ვარ.

პირობებს რაც შეეხება, შეიძლება ერთ მომენტში ფურცელი და ფანქარი იყოს ჩემი სამუშაო გარემო, მაგრამ დიდ ნამუშევრებზე მუშაობისას, გამოყოფილი სივრცეა საჭირო, სადაც მოწყვეტილი ხარ ყველას და ყველაფერს. ამიტომ, ახლა, სახელოსნოს ძიების პროცესში ვარ.

მედიუმები

თავიდან ვხატავდი, მერე აქტიურად გადავედი ვიდეოებისა და ფოტოების გადაღებაზე. შემდეგ, სხვადასხვა მასალის ერთმანეთთან შეთავსებამ და ინსტალაციებმა დამაინტერესა, ბოლოს ძერწვამ. ახლა ვცდილობ, ყველა მედიუმს დავუთმო საჭირო დრო და ახლებშიც ვცადო თავი.

ბოლო ნამუშევარი

სულ ბოლოს სანთლისგან ვცადე ნამუშევრების შექმნა, თუმცა, ჯერ პროცესში ვარ. მრგვალი სანთლის სიბრტყეებზე ისეთი სიტყვები და ფრაზებია ამოტვიფრული, რომლებიც ამ პანდემიის პერიოდშია აქტუალური. ზოგი შეკითხვად ისმის, ზოგი გამამხნევებელია.

ჰობი

მიყვარს სეირნობა და გარემოზე, სამყაროს პატარა შემადგენელ ნაწილებზე, სხვადასხვა ფაქტურებზე დაკვირვება. ალბათ ისევ ინსპირაციებისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში ეს თითქმის შეუძლებელია. მაინტერესებს ყველანაირი გამოფენა; ამ დროს ცდილობ მოწყდე შენ შეხედულებებს და სხვისი გაიზიარო, ან არ გაიზიარო. ყველა გამოფენა რაღაცის მომცემია. მიყვარს მთაში სიარული და თხილამურებზე სრიალი, წყალიც ძალიან მიყვარს. ზოგადად, ახალ გარემეობებში აღმოჩენა და ცოტახნით მათ ნაწილად ყოფნა, მათი კულტურის გაცნობა ძალიან დიდი სიმდიდრეა; ისევე, როგორც სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ფილმების ყურება, წიგნები და მუსიკა… თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენ, ხასიათების მიხედვით. ყოველდღიურობა და რიტუალებიც ინსპირაციის წყაროდ იქცევა ხშირად. ეს ყველაფერი საკუთარი თავის გაცნობის ნაწილებია.

რომ არა ხელოვანი..

იმ პერიოდში, როდესაც ვწყვეტდი სად ჩამებარებინა, ყველა ვარიანტი მაინც ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომ არ ვიცი, რა პროფესიის ვიქნებოდი, რომ არა ხელოვანი. ის ნამდვილად ვიცი, რომ ისეთი სასიამოვნო არ იქნებოდა სამუშაო პროცესი, როგორიც ახლა არის. სავარაუდოდ, იქნებოდა მეტად სტაბილური, მაგრამ ნაკლებად საინტერესო ჩემთვის.

ცხოვრების საუნდტრეკი

ბევრნაირი. ზოგჯერ რიტმული, ზოგჯერ მელოდიური.

პანდემია

თავიდან, „ლოქდაუნის“ პერიოდში ვცდილობდი, მარტო დადებით მხარეზე ვკონცენტრირებულიყავი და დრო მაქსიმალურად გამომეყენებინა ახალი ნამუშევრების შესაქმნელად. საკუთარ ოთახში მოვიწყვე სახელოსნო და ერთი პერიოდი სულ ვმუშაობდი. მაგრამ, ცოტა ხანში გამოკეტილობამ ძალიან იმოქმედა და ნელ-ნელა ისევ დავიწყე სეირნობა, ვაგროვებდი ნივთებს, რომლებიც შეიძლებოდა ნამუშევრების ნაწილად მექცია. რაღაც რიტუალივით იყო, ხელთათმანებით და პირბადით სიარული, სახლში ყველაფრის დასპირტვა. უკვე ჩვევად გვექცა ყველას ეს წესები. ახლაც, რამე ფილმს რომ ვუყურებ, სულ იმაზე ვფიქრობ, პირბადეები რატომ არ უკეთიათ. ბევრ რამეზე იმოქმედა ამ სიტუაციამ. ყველაზე ცუდი გავლენა ახლაგახსნილ თანამედროვე გალერეებზე აქვს, რომლებიც ძალიან მნინელოვანია ზოგადად ხელოვანებისთვის.

იმედი მაქვს, მალე გადაივლის ეს პერიოდი და ყველა ისევ აქტიურად შეძლებს მუშაობას და ჩვეულ რიტმში ჩადგება კიდევ უფრო დიდი მოტივაციით.

სამომავლო გეგმები

მინდა, ცოტა ხნით საზღვარგარეთ წავიდე სასწავლებლად და ნამუშევრები ვაკეთო ახალ გარემოში, ვნახოთ რა იქნება.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ინდუსტრიული მემკვიდრეობის კვლევა – თბილისის ჩვენთვის უცნობი შენობები

როდის ვიწყებთ ფრაქტალების აღქმას?