Talkpal – ქართული სტარტაპის სახელი აშშ-სა და მსოფლიოს გარშემო უკვე 3 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა იცის. პლატფორმაზე, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, 50-ზე მეტი ენის შესწავლა შეგიძლიათ. Talkpal-ს ყოველთვიურად, დაახლოებით 400,000 ახალი მომხმარებელი უერთდება. საინტერესოა, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამდენი ადამიანისთვის სასარგებლო პლატფორმას ქმნიან. ამჯერად, ნუცი კაჭახიძეს გაგაცნობთ, რომელიც Talkpal-ის კონტენტსა და მარკეტინგზე მუშაობს. ის სტარტაპ გარემოში ტრადიციული სამუზეუმო სფეროდან აღმოჩნდა. მისი კარიერული გზა დაიწყო ბავშვობაში ჩამოყალიბებული ინტერესებით უცხო ენების, კრეატიული წერისა და ხელოვნების მიმართ.
Talkpal-ში მისი სამუშაო მოიცავს ენობრივი თავისებურებების კვლევას, სამიზნე აუდიტორიის შესწავლას მარკეტინგული გეგმის შემუშავებისთვის და აპლიკაციის განსხვავებულ რეჟიმებზე მუშაობას. კომპანიასთან უცხო ენებისასდმი ბავშვობისდროინდელმა სიყვარულმა დააკავშირა.
„ბავშვობიდანვე ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. ბევრი სფერო მაინტერესებდა, მაგრამ განსაკუთრებულად მიზიდავდა უცხო ენები, კრეატიული წერა და ხელოვნება – მინდოდა, რაც შეიძლება მეტი უცხო ენა მესწავლა, შესაძლებლობა მქონოდა წიგნები ორიგინალ ენაზე წამეკითხა და მოთხრობები დამეწერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქართულ ენას არ ფლობდნენ.
ენებისა და ხელოვნებისადმი ინტერესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში – ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი სამუზეუმო სფეროში, საერთაშორისო პროექტების მენეჯერად, სადაც საშუალება მქონდა ორგანიზება გამეწია მასშტაბური გამოფენებისთვის და დამემყარებინა საინტერესო კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან, ასევე მონაწილეობა მივიღე მრავალ სამეცნიერო კვლევასა და პუბლიკაციის გამოცემაში, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა ჩემი პროფესიული უნარები.
რაც შეეხება განათლებას, ძალიან მინდოდა ისეთი პროფესიის ათვისება, რომელიც მრავალფეროვანი იქნებოდა და მრავალ თემას მოიცავდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ძირითადი აკადემიური მიმართულება სოციოლოგია ყოფილიყო, ხოლო სამაგისტრო განათლება ორგანიზაციის განვითარების და კონსულტირების კუთხით მივიღე – ეს იყო ავსტრიული პროგრამა, რომელიც იკვლევდა სტარტაპების, დიდი კომპანიებისა თუ ორგანიზაციების შიდა პერსონალური განვითარების სხვადასხვა ასპექტს და განსაკუთრებით მომხიბლა პრაქტიკული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობამ სტარტაპში.
Talkpal-ში გადმოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო – მინდოდა საკუთარი თავი სხვა სფეროშიც გამომეცადა და ტრადიციული ინსტიტუციური ორგანიზაციიდან მუზეუმიდან შედარებით თავისუფალ, პატარა და მრავალპროფილიან კომპანიაში გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, მაგრამ სწორედ Talkpal-ის სპეციფიკამ იქონია გადამწყვეტი გავლენა ჩემს არჩევანზე – აქ მომეცა შესაძლებლობა გავცნობოდი სხვადასხვა ენობრივ მახასიათებლებს, ჩავრთულიყავი კრეატიულ სამუშაო პროცესში და მეფიქრა აპლიკაციის განვითარების შესაძლებლობებზე.
Talkpal-ი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო თავისუფალ და საინტერესო გარემოში – კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად ხშირად საჭიროა სხვადასხვა ენობრივი თავისებურებების კვლევა, სამიზნე აუდიტორიის შესწავლა, რათა სწორად იქნას მარკეტინგული გეგმა შემუშავებული, მიწევს აპლიკაციის განსხვავებულ რეჟიმებზე მუშაობა, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ენის ადვილად შესწავლაში დაეხმარება, და ეს ყველაფერი თავისუფალი და კრეატიული აზროვნების პროცესია, რაც მაძლევს საშუალებას მთელი ეს პროცესი სრული სიამოვნებით შევასრულო – განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც შენი შრომის შედეგი მკაფიოდ გამოჩნდება და თვალშისაცემია, ვინაიდან Talkpal-ის გუნდის ერთობლივი შრომის შედეგია რომ პლატფორმას ყოველთვიურად დამატებით 400 000 ენის შესწავლის მსურველი უერთდება.
ჩვენი გუნდური კულტურა საკმაოდ მეგობრული და გახსნილია – პირდაპირი კომუნიკაცია, ბიუროკრატიის და ხელოვნური დაბროკოლებების გარეშე, ხელს უწყობს კომპანიაში ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას, ხოლო სტარტაპი დაფუძნებულია ჰორიზონტალურ იერარქიულ პრინციპზე, სადაც თანასწორ თანამშრომლობასა და გუნდურად მუშაობას ენიჭება უპირატესობა, შესაბამისად შიდა კომუნიკაცია უფრო სწრაფი და გახსნილია, თავისუფლად ხორციელდება იდეებისა და ინიციატივების მიმოცვლა და თითოეულ თანამშრომელს უფრო მეტი დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა ენიჭება.
ტექნოლოგიურ ტენდენციებთან ფეხის აწყობისთვის ჩვენ მუდმივად თვალს ვადევნებთ სიახლეებს – ვკითხულობთ სტატიებს, ვაკვირდებით ინდუსტრიაში წამყვან კომპანიებს და წარმატებულ კამპანიებს, ვსწავლობთ და იმპლემენტაციას ვახორციელებთ ახალი ინსტრუმენტების, ასევე დიდ ყურადღებას ვუთმობთ მონაცემების ანალიზს – დეტალურად ვაანალიზებთ ყველა კამპანიის შედეგებს, ვაკვირდებით მომხმარებელთა ქცევას და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს.
მომავალში მსურს კიდევ უფრო მეტად გამოვცადო საკუთარი შესაძლებლობები, უკეთ შევისწავლო ტექნიკური დეტალები, გავღრმავო ცოდნა ახალ AI ინსტრუმენტებსა და პლატფორმებში და მუდმივად ვიყო უახლესი ტრენდების კურსში – Talkpal-ის გუნდის წევრობა მაძლევს საშუალებას, სამუშაო პროცესი მუდმივი განვითარებისა და ექსპერიმენტირების სივრცედ ვაქციო, რაც მიმაჩნია პროფესიული ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობად, და დარწმუნებული ვარ, Talkpal-თან ერთად, კიდევ უფრო მეტ ახალ ცოდნას შევიძენ და თანამედროვე ციფრულ ტენდენციებს გავითავისებ.“
[R]