თუ ადრე პოლაროიდმა სურათების ნახვის შესაძლებლობა მოგვცა, ახლა ხელოვნური ინტელექტი 2D სურათებს 3D-ში მხოლოდ წამებში გარდაქმნის. NVIDIA-ს მკვლევართა ჯგუფმა ახალი ტექნოლოგია წარმოადგინა, სახელწოდებით Instant NeRF.
ტექნიკა სპეციალურ ხელოვნურ ინტელექტს — Neural Radiance Fields-ს იყენებს, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული 2D სურათებიდან 3D ვერსიის აწყობა შეუძლია. მათივე თქმით, ეს ყველაზე სწრაფი ტექნიკაა მათ შორის, რაც აქამდე არსებულა — 3D სურათების გადასაღებად მხოლოდ ათობით მილიწამია საჭირო.
მეტიც, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, იგი სურათებს შორის დარჩენილ სიცარიელესაც აღადგენს, ამას კი 3D სივრცის ნებისმიერი წერტილიდან გამოსხივებული სინათლის ფერის პროგნოზირებით ახერხებს. მას ისეთ შემთხვევებშიც შეუძლია დაგვეხმაროს, როცა ერთი გამოსახულება, მეორეს ფარავს.
Instant NeRF-ის გამოყენებას ავატარებისა და ვირტუალური სამყაროსთვის კონკრეტული სცენების შესაქმნელად, 3D ციფრული რუკების რეკონსტრუქციისთვის, ვიდეო კონფერენციის მონაწილეებისა და მათი გარემოს 3D-ში გადასაღებად შეძლებთ.
„შესაძლოა, ახალი ტექნოლოგია ისეთივე მნიშვნელოვანი იყოს 3D-სთვის, როგორც 2D ფოტოგრაფიისთვის ციფრული კამერები და JPEG ფორმატია. ეს 3D გადაღებას გაამარტივებს, გაზრდის სიჩქარეს და მას მეტად ხელმისაწვდომს გახდის“, — ამბობს დევიდ ლუბკე, NVIDIA-ს გრაფიკული კვლევის ვიცე პრეზიდენტი.











