3D მოდელირების შემთხვევაში კონკრეტული იდეის განხორციელებას მხოლოდ რამდენიმე საათი ან დღე შეიძლება დასჭირდეს. Nvidia-მ იდეის მყისიერად დაკმაყოფილებისთვის უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა — თქვენ რეალურ სამყაროში არსებულ ობიექტებს 3D აპლიკაციებისთვის მოქნილ ობიექტებად გარდაქმნით.
კომპანიამ Nvidia 3D MoMa შექმნა ტექნოლოგია, რომელიც სურათებს სიცოცხლეს ანიჭებს და მას 3D ობიექტებად გადააქცევს. მისი მიზანი შემქმნელებისთვის პროცესების გამარტივებაა, მათ 3D სურათების შექმნა დაახლოებით იმ დროში შეეძლებათ, რაც მუსიკოსებისთვის ერთი სესიის ჩასატარებლად არის საჭირო.
დიახ, Nvidia 3D MoMa-ს ისე წარმოიდგენს, როგორც ჯაზს მუსიკის სამყაროში, იქ, სადაც იმპროვიზაცია ყველაფერია… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგია გამოსახულების სიღრმისა და განზომილების შესაქმნელად შეიმუშავეს, მიუხედავად იმისა, თუ საით მიჰყავს ეს ინსპირაციას.
„ტექნიკა არქიტექტორებს, დიზაინერებსა და თამაშის დეველოპერებს საშუალებას აძლევს, სწრაფად შემოიტანონ ობიექტი გრაფიკულ ძრავაში, რათა დაიწყონ მასთან მუშაობა, შეცვალონ მასშტაბი თუ მასალა და განსხვავებული განათების ეფექტებით ექსპერიმენტებიც კი ჩაატარონ“, — განმარტავენ Nvidia-ში.
ამის საილუსტრაციოდ დაახლოებით 100 სურათი შეაგროვეს, რაშიც ჯაზ-ბენდის 5 ინსტრუმენტი — საყვირი, ტრომბონი, საქსოფონი, დრამი და კლარნეტი მრავალი კუთხიდან იყო ასახული და ისინი 3D ობიექტებადაც გარდაქმნეს.
ტექნოლოგია იმგვარად არის მოწყობილი, რომ ხელოვანებმა თამაშის ძრავებში, 3D მოდელებსა და ფილმების რენდერებში 3D ობიექტები შეუფერხებლად დაამატონ. შემდეგ კი მათი 2D ტექსტურებით გადაფარვაც მარტივად შეიძლება — კომპანიამ ეს პლასტმასის საყვირის ოქროს, მარმარილოს თუ ხის საყვირად გადაქცევით დაამტკიცა.
3D მოდელების უნივერსალური ჩონჩხი ცნობილია, როგორც სამკუთხედის ბადე, რომელსაც Nvidia „სამკუთხედებისგან აგებულ 3D ფორმის პაპიერ-მაშეს მოდელს“ ამსგავსებს.
შთამბეჭდავია ისიც, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს, როგორ განათდება ობიექტები. ხოლო ის თუ როგორ მუშაობს ტექნოლოგია, ეს ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ.