Nvidia ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელზე მუშაობს, სახელწოდებით Project GR00T. მიზანი კი ჰუმანოიდი რობოტების მეტად დაჭკვიანებაა — სისტემა ერთგვარი AI ტვინი იქნება, რაც მოწყობილობას საშუალებას აძლევს, ახალი უნარები შეიძინოს და ეფექტურად იურთიერთოს გარე სამყაროსთან.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მოდელს სხვადასხვა მოთხოვნის დამუშავება შეუძლია — მათ შორის სალაპარაკო ინსტრუქციებისა და წარსული ურთიერთქმედების. დავალების რამდენიმე შემთხვევის დაკვირვებით, რობოტს ისეთი არსებითი უნარების ათვისება შეუძლია, როგორიცაა კოორდინაცია და მოხერხებულობა. გარდა ამისა, GR00T-ს ადამიანის მოქმედებების შემცველი ვიდეოების შესწავლა შეუძლია. დაკვირვების უნარის გაუმჯობესებაზე კი Nvidia-ს სიმულაციურ გარემოში იზრუნეს, სადაც რობოტებს სხვადასხვა ექსპერიმენტში რთავდნენ.
მთლიანობაში, ეს ზოგადი დანიშნულების ოპერაციული სისტემა Nvidia-ს Jetson Thor კომპიუტერთან სინთეზში მუშაობს. ძლიერი AI სისტემა სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის მოდელების ასამუშავებლადაა შექმნილი, როგორიცაა GR00T. შესაბამისად, კომბინაცია რთული ამოცანებისთვის საჭირო დამუშავების ძალას უზრუნველყოფს.
უფრო მეტიც, პროექტი გამოიყენებს Nvdia-ს Isaac-ის რობოტების პლატფორმას, რომელმაც მნიშვნელოვანი განახლებები მიიღო GR00T-ით აღჭურვილი რობოტების განვითარების მხარდასაჭერად. „დღეისათვის ზოგადი ჰუმანოიდი რობოტებისთვის AI ტვინის შექმნა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური გამოწვევაა. ხელშემწყობი ტექნოლოგიები წამყვან პროფესიონალებს აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა გიგანტური ნაბიჯებით წავიდეთ პროგრესისკენ“, — განმარტავს Nvidia-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი.