სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციისას არსებული ბარიერი რომ გააქრონ, Nvidia AI პლატფორმა Signs-ს გვთავაზობს და ასე თამამ ნაბიჯს დგამს დამხმარე ტექნოლოგიებში. მომხმარებლებს ამერიკულ ნიშნების ენას (ASL) ასწავლის. 3D ავატარს გვაცნობს და რეალურ დროში AI უკუკავშირსაც გვთავაზობს, რათა ჟესტური ენის სწავლა გაგვიმარტივოს.
AI მოდელი 400 000 ვიდეოზე გაწვრთნა, რითაც დაახლოებით 1000 ჟესტურ სიტყვას ფარავს. ამ ამბავში კი Nvidia-მ American Society for Deaf Children და შემოქმედებით სააგენტო Hello Monday დაიხმარა. აღსანიშნავია, რომ ASL მესამე ყველაზე ხშირად გამოყენებულ ენებს შორისაა ამერიკაში, რითაც ინგლისურსა და ესპანურს ჩამორჩება…
ვებგვერდის სამიზნე სეგმენტი სმენადაქვეითებული ბავშვების ოჯახებია, ხელმისაწვდომ ხელსაწყოს სთავაზობს მშობლებსა და დედმამიშვილებს, რათა ჟესტების ენას სახლში დაეუფლონ. საინტერესოა, რომ სმენადაქვეითებულ ბავშვთა უმეტესობის მშობლებს არ აქვთ სმენის პრობლემა, ჟესტების ენაზე ადრეული კონტაქტი კი მათი კომუნიკაციის ხარისხსაც გააუმჯობესებს და ემოციურ კავშირზეც დადებითად აისახება.
პლატფორმა მომხმარებლებს კონკრეტული სიტყვების მოძებნის საშუალებასაც აძლევს, რათა იგი ყოველდღიურად გამოსაყენებლად მეტად პრაქტიკულ ხელსაწყოდ აქციოს. მართალია, ამჟამინდელი ვერსია მხოლოდ ხელის მოძრაობასა და თითების განლაგებას ეფუძნება, მაგრამ ASL ენაში სახის გამომეტყველებები და თავის მოძრაობაც მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე კი NVIDIA, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, უკვე მუშაობს.
დაბოლოს, გარდა სასწავლო ინსტრუმენტისა, Signs ჟესტების ენას მეტად ხელმისაწვდომს გახდის — NVIDIA საჯარო ჩაშვებას გეგმავს, რითაც დეველოპერებს მისი ინტეგრირების საშუალებას მისცემს AI ხელსაწყოებში, ვიდეოზარების პროგრამებსა თუ სხვა პლატფორმებში.