17
Oct
2019

ქართულმა სტარტაპმა NVIDIA-სგან 150 000$-იანი ინვესტიცია და ინკუბატორის წევრობა მიიღო

17 Oct 2019

Alta
Alta


ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე ქართულმა სტარტაპმა SYSTEM CORP. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია NVIDIA-სგან 150 000$-იანი ინვესტიცია მიიღო და მისი ინკუბატორის წევრი გახდა. NVIDIA Inception Incubator-ში მანქანური ინტელექტის მხრივ შემდგარი სტარტაპები ერთიანდებიან. SYSTEM CORP. კი არის AI კომპანია, რომლის თანამშრომელთა საშუალო ასაკი 20 წელია.

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ძალიან ახალგაზრდა გუნდით ვაკმაყოფილებთ იმ უზარმაზარ აკადემიურ და კომერციულ მოთხოვნებს, რაც მაგალითისათვის, ამ ინკუბატორს აქვს. ასევე, ის ფაქტი, რომ აქ ვართ კომპანიებს შორის, რომლებიც დაარსდნენ სილიკონ ველიზე, ლონდონში, მასაჩუსეტსში – გვეუბნება იმას, რომ არ უნდა შეგვეშინდეს არაფრის და მუხლჩაუხრელი შრომით მართლა შეგვიძლია ოცნებისკენ სწრაფი ნახტომებით გავიწიოთ“, – ამბობს SYSTEM CORP.-ის დამფუძნებელი – ლუკა ჩხეტიანი. 

AI-ს კუთხით, როგორც აკადემიური, ასევე, კომერციული კვლევების მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი კომპანიისთვის NVIDIA-სთან თანამშრომლობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან კორპორაციის ინკუბატორში ყოფნა, ინვესტიციის მიღმა, კლიენტების მოძიებაში დახმარებასა და თანამშრომლების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას გულისხმობს. გარდა ამისა, NVIDIA-ს ინკუბატორის წევრობა არის ერთგვარი „სტატუსი“ SYSTEM CORP.-ის მსგავსი ახალბედა სტარტაპისთვის და ეს შესაძლოა, მსოფლიო ბაზარზე წარმატების მოსაპოვებლად გადამწყვეტიც იყოს.  

M: კონკრეტულად, რა შესაძლებლობას გაძლევთ NVIDIA-ს ინვესტიცია და მათთან თანამშრომლობა? 
NVIDIA-სგან მიღებული ინვესტიცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევეჭიდოთ აქამდე მიუღწეველ კვლევებს, რამდენიმე ათეული ტერაბაიტის მოცულობის მონაცემთა ბაზებს და გამოვიყენოთ მათი უძლიერესი გამოთვლითი სისტემები სამედიცინო, საინჟინრო და საყოფაცხოვრებო კვლევებისათვის. დამატებით, გადმოგვეცა წვდომა ძალიან ძვირიან მენტორშიფ კურსებზე, რომლებსაც გამოვიყენებთ ჩვენი გუნდის წევრების განსავითარებლად, რათა მანქანური ენის დონეზე შევძლოთ მუშაობა, რაც შეუდარებლად სწრაფი, მოქნილი და აკურატული ინტელექტუალური სისტემების აგებაში დაგვეხმარება სამომავლოდ.

აპრილში, SYSTEM CORP. Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამა AI Guardian-ის ფინალში, მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ 5 გუნდს შორის იყო. პროექტი, რომლითაც მაშინ, SYSTEM CORP.-ის გუნდმა Microsoft-ის ექსპერტების ყურადღება მიიქცია, AI-ს სმენადაქვეითებულების საუნივერსიტეტო განათლების მიცემის მიმართულებით გამოყენებას ეხებოდა. დღეს, NVIDIA-ს ინკუბატორის წევრობა სტარტაპს დიდ შესაძლებლობებთან ერთად, ახლებურ თავდაჯერებულობასაც სძენს.

ის, რომ NVIDIA-მ შეგვარჩია, ჩვენთვის კიდევ ერთხელ იყო ერთგვარი „ვალიდაცია“ ბაზარზე, რადგან აქამდე მისასვლელად დაგვჭირდა ღრმად ჩაეხედა NVIDIA-ს ჩვენს ტექნოლოგიაში, კვლევებში, ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, კომპანიის კომერციულ საქმიანობაში“. 

ლუკა ჩხეტიანი

M: როგორ შეაფასებდით NVIDIA-ს როლს მანქანური ინტელექტის განვითარების საკითხში?
NVIDIA წარმოადგენს უმსხვილეს კორპორაციას, იმ ერთეულ კომპანიებს შორის, რომელთა „კისერსზეც დგას“ დღევანდელი მანქანური ინტელექტის განვითარება და შესაძლებლობები. მათი ტექნოლოგიის გარეშე ვერ შეძლებდნენ Google, IBM, DeepMind, Facebook ისეთი ინტელექტუალური სისტემების ქონას, როგორიც დღეს აქვთ. და ეს კარგად ჩანს ამ სფეროს განვითარების ხაზზე – ყველაზე მეტად ავსწრაფდით როცა NVIDIA-მ მაღალგანზომილებიანი ვექტორების გამოთვლებზე ორიენტირებულ ტექნოლოგიაში ჩადო უზარმაზარი ძალა და ამ ტექნოლოგიას იყენებს დღეს აბსოლუტურად ყველა მანქანური ინტელექტის კომპანია – და არამარტო, იყენებენ აკადემიური და კვლევითი ცენტრები, როგორიცაა: MIT, Stanford, Boston Dynamics, CERN და ა.შ.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა