შესაძლოა, Nvidia-ზე ბევრს გასული წლის შემდეგ არაფერი გაუგია, თუმცა ახლა მსოფლიოში იმ ექვსეულში იკავებს ადგილს, რომლის ღირებულებაც 1 ტრილიონ დოლარს აღემატება. თუ The New York Times-საც დავესესხებით, „ის არის ხელოვნური ინტელექტის ბუმის ყველაზე თვალსაჩინო გამარჯვებული“. Nvidia-ს ტრანსფორმაცია გაურკვეველი ტექნოლოგიური კომპანიიდან მანქანური სწავლების ეპოქის ლიდერამდე, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას.
Wall Street-ის პროგნოზებსაც კი გადაუსწრო და ერთ დღეში დიდი ნახტომი შემოგვთავაზა ბაზარზე. საუბარია მეორე კვარტლის მოსალოდნელ შემოსავალზე, რომელიც 7-11 მილიარდამდე მერყეობდა, თუმცა რეალურად 13.5 მილიარდ დოლარს მიაღწია! მეტიც, ამ დროს Nvidia-მ განაცხადა, რომ 40 000-ზე მეტი კომპანია იყენებდა მის ჩიპებს სხვადასხვა მანქანური სწავლებისა თუ AI პროდუქტებისთვის.
კომპანიამ გაასამმაგა თავისი ღირებულება და S&P-ს 500 რჩეულს შორისაც მოხვდა… ფაქტია, რომ Nvidia რომელზეც საუბარი 1990 წლებიდან შეგვიძლია დავიწყოთ, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გენერაციული AI-ის პოტენციალი შეამჩნია. უფრო კონკრეტულად გასულ ათწლეულში შექმნა ჩიპი, რომელიც მანქანური სწავლების ამოცანების შესასრულებლად იყო გამიზნული…
დროთა განმავლობაში კი ისეთი ჩიპების ბრენდად იქცა, რომელზეც დეველოპერები და სხვა მომხმარებლები დამოკიდებულნი გახდნენ. მისი დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი ყოველთვის საუბრობდა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე, რითაც Nvidia-მ თავის მომხმარებელთა ბაზაში კიდევ უფრო მეტი სანდოობა შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია მკვეთრად გაიზარდა, Nvidia ბაზრის წილის 70%-ს ფლობს.
კომპანიის სტრატეგია სხვა მანქანური სწავლების მეწარმეებთან გაერთიანებასაც მოიცავს, რასაც, შესაძლოა, მომხმარებლები სულაც არ შეხვდნენ კარგად… არც იმის გარანტია არსებობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმი არ შენელდება — მითუმეტეს, რომ უკვე არსებობს ეჭვები AI-ის განვითარების ტემპსა და სხვა მსგავს საკითხებზე…
იმ დროსაც დავუბრუნდეთ, როცა ტექნოლოგიურ სამყაროში .com-ის ბუმი არსებობდა, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ Cisco პირველი კომპანია გახდებოდა, რომელიც 1 ტრილიონ დოლარად შეფასდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა… მიუხედავად ამისა, დღეს კომპანია მაინც წარმატებულია ბაზარზე. ეს კი Nvidia-მ მაგალითად უნდა ჩათვალოს, რომ რაღაცების მიღწევაზე რთული, მათი შენარჩუნებაა.