გაიცანით LATTE3D — Nvidia ინოვაციური ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც ტექსტებს 3D გამოსახულებებად გარდაქმნის, თანაც წამზე ნაკლებ დროში… ამგვარად, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, თავიანთი იდეები 3 განზომილებაში გააცოცხლონ.
LATTE3D-ს, რომელიც მხოლოდ ერთ GPU-ზე მუშაობს, შეუძლია, ობიექტებისა და ცხოველების დეტალური 3D სურათები წამზე ნაკლებ დროში აწარმოოს. დროზე კი ამხელა ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ აქამდე არსებულ სხვა ტექნოლოგიებს ამისთვის 12 წამამდეც კი შეიძლება დასჭირდეს… ხოლო Nvidia-ს ახალი AI პროდუქტით ვიდეო თამაშების დიზაინიდან დაწყებული, გაგრძელებული რეკლამებითა და დამთავრებული რობოტექნიკის სწავლებით, ყველაფერს გააკეთებთ.
„ერთი წლის წინ AI მოდელებს ამ ხარისხის 3D ვიზუალების დასაგენერირებლად ერთი საათი დასჭირდებოდა, ხოლო ხელოვნების ამჟამინდელი მდგომარეობა 10-12 წამამდე მერყეობს. ახლა კი შედეგები ბევრად სწრაფად შეგვიძლია მივიღოთ, თითქმის რეალურ დროში გარდავქმნათ ტექსტები 3D ვიზუალებად“, — აცხადებს სანჯა ფიდლერი, Nvidia-ს ვიცე-პრეზიდენტი.
მეტიც, LATTE3D სიჩქარის გარდა, მრავალფეროვნებასაც სთავაზობს მომხმარებლებს — საშუალებას აძლევს მათ, ერთი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე 3D ობიექტის ვარიანტი მიიღონ და მათგან სასურველი ამოირჩიონ. თანაც ამ მოდელების დახვეწა და ინტეგრირება სხვადასხვა პროგრამაშიც შეიძლება, მათ შორისაა NVIDIA Omniverse-იც.
მოდელი გადამზადებულია NVIDIA A100 Tensor Core GPU-სა და ChatGPT-ის ტექსტურ ბრძანებებზე, რითაც მას კიდევ უფრო ზუსტად შეუძლია გაიგოს, რას ითხოვთ და ასე მიღებული შედეგიც გააუმჯობესოს. ამგვარად, LATTE3D ცდად ნამდვილად ღირს, თუმცა ჯერ მხოლოდ დემო რეჟიმია ხელმისაწვდომი.












