Nvidia $100 მილიარდამდე ინვესტიციას დებს OpenAI-ში და უზრუნველყოფს მას მონაცემთა ცენტრის ჩიპებით, როგორც ორშაბათს კომპანიებმა განაცხადეს. ეს გარიგება აერთიანებს გლობალური ხელოვნური ინტელექტის ორ უმსხვილეს ლიდერს. 2026 წლის ბოლოდან დაწყებული, Nvidia ჩიპების მიწოდებას დაიწყებს. გარიგება ორ ურთიერთდაკავშირებულ ტრანზაქციას მოიცავს – სტარტაპი Nvidia-ს ჩიპებისთვის ნაღდ ანგარიშსწორებას განახორციელებს, ხოლო Nvidia OpenAI-ში არამაკონტროლებელ წილს შეიძენს.
Nvidia-ს პირველი $10 მილიარდის ინვესტიცია $500 მილიარდად შეფასებულ OpenAI-ში მაშინ დაიწყება, როცა ორივე კომპანია საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს Nvidia-ს ჩიპების შესყიდვის თაობაზე.
Nvidia-მ თავი შეიკავა შეთანხმების დეტალებზე დამატებითი კომენტარისგან. ეს პარტნიორობა წარმოადგენს ნაწილს იმ ფართო თანამშრომლობების სერიისა, რომელიც მოიცავს Microsoft-ის მრავალწლიან ინვესტიციას OpenAI-ში და გასულ კვირას Nvidia-სა და Intel-ს შორის დადებულ შეთანხმებას AI ჩიპებზე თანამშრომლობის შესახებ.
კომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რაც გულისხმობს მინიმუმ 10 გიგავატი Nvidia-ს ჩიპების განთავსებას OpenAI-ს ინფრასტრუქტურისთვის. პარტნიორობის დეტალების დასრულება მომდევნო კვირებში იგეგმება, ხოლო პირველი ფაზის ამოქმედება 2026 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
OpenAI-ს გენერალური დირექტორი სემ ალტმანი აღნიშნავს, რომ გამოთვლითი ინფრასტრუქტურა მომავლის ეკონომიკის საფუძველი იქნება და Nvidia-სთან ერთად შექმნილ ტექნოლოგიებს როგორც ახალი AI მიღწევებისთვის, ისე ადამიანებისა და ბიზნესების გასაძლიერებლად გამოიყენებენ.
Nvidia-ს აქციები 4.4%-ით, ხოლო Oracle-ის აქციები, რომელიც OpenAI-სთან, SoftBank-თან და Microsoft-თან $500 მილიარდიან Stargate AI პროექტზე თანამშრომლობს, თითქმის 5%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ინვესტიცია რამდენიმე დღის შემდეგ ხორციელდება, რაც Nvidia-მ $5 მილიარდი გამოყო სირთულეების წინაშე მდგარი Intel-ისთვის.
ამავდროულად, OpenAI-მ და Microsoft-მა თვის დასაწყისში განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს არასავალდებულო შეთანხმებას, რაც OpenAI-ს მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად რესტრუქტურიზაციის საშუალებას მისცემს.
Nvidia-მ OpenAI-ს ასევე მხარი დაუჭირა 2024 წლის ოქტომბერში $6.6 მილიარდიანი დაფინანსების რაუნდის დროსაც. თუმცა, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მორიგი მნიშვნელოვანი ინვესტიცია შესაძლოა ანტიმონოპოლიური ზედამხედველობის საგანი გახდეს.
ტრამპის ადმინისტრაცია ბევრად უფრო ლმობიერად ეკიდება კონკურენციის საკითხებს ბაიდენის ადმინისტრაციის ანტიმონოპოლიურ პოლიტიკასთან შედარებით. 2024 წლის ივნისში იუსტიციის დეპარტამენტმა და ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელმაც გზა გაუხსნა პოტენციურ გამოძიებებს Microsoft-ის, OpenAI-სა და Nvidia-ს დომინანტურ პოზიციებზე ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში.
წყარო: Fastcompany












