in

„AI კი არ ჩაგანაცვლებს, უამრავ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის” – ამბობს Nvidia-ს CEO

Lenovo
Lenovo

იმ დროს, როდესაც საუბარია ხელოვნური ინტელექტის მიერ სამუშაო ადგილების ჩანაცვლების პოტენციალზე, ჯენსენ ჰუანგი ფიქრობს, რომ მუშახელს არაფრის არ უნდა ეშინოდეს. MSNBC-ის ერთ-ერთ ცნონობილ გადაცემაში Nvidia-ს მხიარულმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ AI არის სამუშაო ადგილების გენერატორი ინდუსტრიული მასშტაბით და არა მასობრივი უმუშევრობის მომასწავებელი, როგორც ამას ე.წ. „AI დუმერები“ (არაფორმალური ტერმინი იმ ადამიანების აღსაწერად, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს აკრიტიკებენ და სკეპტიკურად უყურებენ) ხშირად ამტკიცებენ.

ამ თემაზე საუბრისას ჰუანგი და გადაცემის წამყვანი სხვადასხვა თემას შეეხნენ, თუმცა ცენტრალური საკითხი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა შფოთვას, რომელიც AI-ინდუსტრიას უკავშირდება.

„AI ქმნის სამუშაო ადგილებს,“ განაცხადა ჰუანგმა და დაამატა, რომ „ის არის საუკეთესო შესაძლებლობა ხელახალი ინდუსტრიალიზაციისთვის”.  ჰუანგის თქმით, AI-ინდუსტრია ეფუძნება ახალი ტიპის ინდუსტრიულ ქარხნებს, ისეთებს, რომლებიც აწარმოებენ იმ აპარატურას, რომელიც AI ბიზნესისთვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს (ჰუანგის კომპანია, სხვათა შორის, სწორედ ამ აპარატურის დიდ ნაწილს ყიდის). ასეთ ქარხნებს აუცილებლად სჭირდებათ მუშახელი, ისევე როგორც მთლიანად მზარდ AI-ინდუსტრიას.

ის ფაქტი, რომ კონკრეტული ამოცანა ავტომატიზდება, არ ნიშნავს, რომ ადამიანის მთელი სამუშაო ადგილი გაქრება, ამტკიცებდა ჰუანგი. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ვერ აცნობიერებენ, რომ სამუშაოს მიზანი და მისი ამოცანები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინაც კი, როცა AI კონკრეტულ ამოცანას აიღებს თავის თავზე, თანამშრომლის ფუნქცია, რომელიც მას გააკონტროლებს, ორგანიზაციაში მაინც საჭირო იქნება.

ამასთან, ჰუანგი აკრიტიკებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ AI კაცობრიობას დაჩრდილავს ან ეკონომიკის დიდ სექტორებს გაანადგურებს. როგორც მან აღნიშნა, მანამ, სანამ სხვები AI-ს გამო შფოთავენ, თავად მისი შეშფოთება ის არის, რომ ჩვენ ვაშინებთ ხალხს, სამეცნიერო ფანტასტიკის ისტორიებს ვუყვებით იმაზე, რომ AI ყველას ჩაგვანაცვლებს და ამის გამო ბევრი საერთოდ უარს ამბობს ხელოვნურ ინტელექტზე.

ირონიულია, მაგრამ „დუმერული“ რიტორიკის დიდი ნაწილი თავად AI ინდუსტრიიდან მოდის. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მარკეტინგული ხრიკია, რომელიც მიზნად ისახავს იმ პროდუქტების მიმართ ინტერესისა და აღტაცების გაზრდას, რომლებიც რეალურად ჯერ კიდევ შორს არის რეალური შესაძლებლობებისგან.

ჯერ კიდევ გასარკვევია, რა გრძელვადიანი გავლენა ექნება AI-ს მთლიან ეკონომიკაზე. მიუხედავად ამისა, ფინანსური და აკადემიური ორგანიზაციები ჯიუტად ვარაუდობენ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების დაახლოებით 15% შეიძლება გაქრეს AI-ს გავლენის შედეგად.

ახალი პრემიუმ ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი Terrametric კრწანისი

როგორ ითანამშრომლებს პენტაგონი AI-ს სამხედრო მიზნებისთვის გამოსაყენებლად, Google-თან, Nvidia-სა და სხვა კომპანიებთან