in

როგორ გააერთიანეს ძალები Le Monde-მა და The New York Times-მა

ფრანგულმა მედიაგიგანტმა Le Monde-მა The New York Times-თან ერთად, ჯვარედინი შეთავაზებები შექმნა გამომწერებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, Le Monde-ის, ასევე მისი შვილობილი გამოცემების – Courrier International-ისა და Le Nouvel Obs-ის გამომწერებს საშუალება ეძლევათ დამატებითი ხარჯის გარეშე გამოიწერონ New York Times. სტრატეგიული თვალსაზრისით, ეს შეთავაზება არ წარმოადგენს კლასიკურ პარტნიორობას. ის არ იქნება ხელმისაწვდომი Le Monde-ის ყველა მკითხველისთვის. ფრანგული გამოცემა მიზნობრივად წარუდგენს პაკეტს მხოლოდ იმ გამომწერებს, რომლებიც საერთაშორისო განყოფილებას აქტიურად კითხულობენ და მაღალია მათ მიერ ამ შეთავაზებაზე დადებითი რეაგირების ალბათობა.

Le Monde-ის თქმით, ეს ინიციატივა საცდელია, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მსგავსი პაკეტური შეთავაზებები წარმატებული აღმოჩნდა. ამ მიდგომის ფილოსოფია იგივეა, რაც მათ წარმართავს OpenAI-სა და Perplexity-სთან თანამშრომლობისას – რაც უფრო სწრაფად განახორციელებენ ტესტირებას, მით უფრო მალე გაიგებენ, რა მუშაობს რეალურად.

მასშტაბური მიზნების მიღწევის სტრატეგია

ამ ინიციატივით, Le Monde აგრძელებს საკუთარი გამოწერის ბიზნესის მასშტაბირებას. დღეისათვის ფრანგულ მედიაგიგანტს 665,000 გამომწერი ჰყავს, რომელთაგან 600,000 ციფრულია. Le Monde in English-ის გამომწერთა რაოდენობა კი 13,000-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2025 წლისთვის დასახულ 150,000-იან მიზანს.

საერთო ჯამში, Le Monde Group-ის 2024 წლის შემოსავალმა €310 მილიონი ($360 მილიონი) შეადგინა, რომლის დაახლოებით ნახევარი – €150 მილიონი – უშუალოდ Le Monde-დან მოდის. გამოწერები ამ ბიზნესის 50%-ს შეადგენს (€75 მილიონი), რაც თავის მხრივ იყოფა ციფრულ (35%) და ბეჭდურ (15%) გამოწერებად. 2025 წლის ბოლოსთვის კომპანია ვარაუდობს, რომ ციფრული გამოწერებიდან მიღებული შემოსავალი €70 მილიონამდე ($81 მილიონი) გაიზრდება, რაც 33%-იან ზრდას წარმოადგენს.

ურთიერთსარგებლიანი პარტნიორობა

The New York Times-ისთვის ეს ინიციატივა რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. ერთი მხრივ, კომპანია იღებს წილს გენერირებული შემოსავლიდან. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი სარგებელი კი ისაა, რომ ამერიკულ მედიაგიგანტს საშუალება ეძლევა შეაგროვოს ღირებული მონაცემები საკუთარი პროდუქტის მიმართ საერთაშორისო ინტერესის შესახებ – ეს კი განსაკუთრებით ფასეულია კომპანიისთვის, რომელიც 2027 წლისთვის 15 მილიონი გამომწერის მოზიდვას გეგმავს. ამ შეთავაზებით The New York Times ახალ ბაზარზე წვდომას იღებს მომხმარებელთა შეძენის ხარჯების გარეშე. ამასთანავე, კომპანია უფასოდ აგროვებს საერთაშორისო მკითხველების ქცევისა და ჩართულობის მონაცემებს, რაც მას დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, ღირს თუ არა მსგავსი გაფართოების სხვა ბაზრებზეც განხორციელება.

AI-ის როლი და სამომავლო პერსპექტივა

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, ენობრივი ბარიერების გადალახვა მედიაკომპანიებისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება. Le Monde in English-ის შემთხვევა ამის ნათელი ილუსტრაციაა – პროექტი ეკონომიკურად მოგებიანი გახდა მხოლოდ AI-ის წყალობით, რომელმაც თარგმნის პროცესის ავტომატიზაცია შესაძლებელი გახადა, თუმცა საბოლოო ვერსიას კვლავ რედაქტორთა გუნდი ამოწმებს.

აქამდე The New York Times საერთაშორისო ბაზრებზე უთარგმნელი პროდუქტით შედიოდა, რადგან მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის ინგლისურენოვანი მკითხველი არსებობს. თუმცა, თარგმნის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა გაცილებით უფრო ამბიციური სტრატეგია განავითაროს – შესთავაზოს პროდუქტი მომხმარებლების მშობლიურ ენაზე და მნიშვნელოვნად გაზარდოს სამიზნე აუდიტორია. AI-ის ეფექტურ გამოყენებას შეუძლია კომპანიის გრძელვადიანი შემოსავლისა და მოგების პოტენციალის გაორმაგება ფართო აუდიტორიის მოზიდვის, მეტი მკითხველის გადახდისუნარიან გამომწერად ქცევისა და ახალი, შემოსავლიანი წყაროების შექმნის გზით.

მიუხედავად AI-ის დიდი პერსპექტივისა, The New York Times, Le Monde-სა და სხვა ტრადიციულ მედიაკომპანიებთან ერთად, ფრთხილად და თანმიმდევრულად ნერგავს AI-ზე დაფუძნებულ თარგმნის ტექნოლოგიებს, რათა არ დაზარალდეს შინაარსის ხარისხი. მაშინ, როდესაც Bloomberg-ის მსგავსი უფრო პროგრესული კომპანიები უკვე აწყდებიან გამოწვევებს AI-ით გენერირებული შეჯამებებისა და ლოკალიზაციის ინტეგრირებისას, The New York Times-ის მიდგომა ხაზს უსვამს, რომ „აუცილებელი გამოწერის“ სტატუსის მოსაპოვებლად არაინგლისურენოვან სამყაროში, პირველ რიგში, ნდობის მოპოვებაა საჭირო.

წყარო: Adweek

ახალი M5 ჩიპი iPad Pro-ს, MacBook Pro-სა და Vision Pro-ს დაემატა!

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით – გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე