როდესაც მეგობრებთან ერთად სადმე წასვლას ვგეგმავ, ერთ-ერთი პირველი, საითაც გული მიმიწევს, არის კაფე+კონსეფთ მაღაზია “ო, მოდა მოდა”. ხანდახან გვეცინება კიდეც, რომ სხვა ადგილი არავის მოგვდის თავში. მარტო ჩვენ არა ვართ ასე, “ო, მოდა, მოდას” გახსნიდან დღემდე ძალიან ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. უგემრიელესი კერძები, განსხვავებული ინტერიერი, კომფორტული ეზო და გემოვნებიანი ვინთაჟ ტანსაცმელი იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალია, რის გამოც “ო, მოდა, მოდა” ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი ადგილია.
მარკეტერი გთავაზობთ ინტერვიუს “ო, მოდა, მოდას” თანადამფუძნებელ თინათინ კვინიკაძესთან, რომელმაც გვიამბო “ო, მოდა, მოდას” შექმნის ისტორია, როგორ შეარჩიეს სახელწოდება, როგორ იქცა იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი თბილისში.
M: „ო, მოდა, მოდა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაფეა თბილისში. როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ შეარჩიეთ სახელწოდება?
ზუსტად სამი წლის წინ, ზაფხულში მე და ჩემი მეგობრები ნინო ნოზაძე და ქეთა საკანდელიძე ვსაუბრობდით, რომ კარგი იქნებოდა, გაგვეკეთებინა ვინთაჟ მაღაზია, სადაც, მომხმარებელს ასევე შევთავაზებდით გემრიელ ყავასა და ახალდაწურული ხილის წვენს.
ამისთვის კი, აუცილებელი პირობა იყო გვეპოვნა ეზოიანი სივრცე, რასაც ჩაფიქრებულ კონცეფციას მოვარგებდით.
შესაფერის ადგილს დიდხანს ვეძებდით. შემდეგ ქეთამ აღმოაჩინა, რომ ასეთი სივრცე ბარნოვის 64-ში ქირავდებოდა. იქ ბავშვობაშიც ნამყოფები ვიყავით. ძველი და ლამაზი სახლი იყო, თავის ისტორიით, ამბებითა და ნივთებით. სწორედ არსებულმა სივრცემ გადაგვაწყვეტინა ვინთაჟ მაღაზია + კაფეს გაკეთება.
ნინო ნიუ-იორკში იყო. რომ ჩამოვიდა, რემონტი დავიწყეთ. ჩვენი მთავარი მიზანი სიძველეებისა და სახლის სახის შენარჩუნება იყო. ბაღშიც ვეცადეთ ნაკლებად ჩავრეულიყავით, მოვაწესრიგეთ, დავამატეთ. ძალიან ვუფრთხილდებით ამ შენობასა და ეზოს. რადგან საქმეს მინიმლური თანხებით ვიწყებდით, ავეჯის ძირითადი ნაწილიც შევაგროვეთ. ვყიდულობდით ქუჩაში გამოდგმულ სკამებსა და სხვა ნივთებს, ვაწესრიგებდით, ვარესტავრირებდით. ბევრი რამ სახლებიდანაც მივიტანეთ.
ასე იქცა ეს სივრცე დიდ კაფედ და მაღაზიად.
როდესაც ვხსნიდით, რამდენიმე პირობა გვქონდა – არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა (ერთ-ერთი პირველი კაფე ვიყავით თბილისში, სადაც შენობაში არ ეწეოდნენ), არ გვექნებოდა მავნე გაზიანი სასმელები… ჩვენ მეგობრებს შეეშინდათ, რომ არ გაამართლებდა. მაშინ თბილისში ასეთი კაფეს არსებობა და თან წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელი იყო.
გვერდზე გავხსენით ვინთაჟ ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია, რა თქმა უნდა, კარგად არჩეული, მოწესრიგებული სამოსით, მაგრამ მაინც… თითქოს წარუმატებლობისთვის იყო ყველაფერი განწირული. მაგრამ გაამართლა კი არა, მიმდევრებიც გაგვიჩნდა. სხვებიც მიხვდნენ, რომ თამამად შეგიძლია, თბილისში გახსნა კაფე, სადაც არ ეწვიან და გყავდეს მუდმივი და ახალ-ახალი მომხმარებელი.
რაღაცეებში პიონერები აღმოვჩნდით. ბევრისთვის მიუღებელი იყო მეორადი ტანსაცმლის ჩაცმა. კოსტუმების მხატვარი ვარ, კინოფილმებზე მუშაობისას ხშირად ძველმანებსა და მეორადი მოხმარების ტანსაცმელში მიწევს ქექვა და გადასარევი რაღაცეები აღმომიჩენია. აქედან წამოვიდა ვინთაჟ მაღაზიის გახსნის იდეაც. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენი მომხმარებლების ნაწილიც მიხვდა, რომ მეორადი ტანსაცმლის ჩაცმაც შეიძლება და მოთხოვნაც გაიზარდა.
რაც შეეხება სახელწოდებას, ძალიან მიყვარდა ძველი საბჭოთა ანიმაცია „ო, მოდა, მოდა“ – მოდის ისტორიასავით იყო. რადგან ვინთაჟ ტანსაცმლისა და ნივთების მაღაზიასაც ვაკეთებდით, თან მოდური ადგილი უნდა ყოფილიყო. აქედან წამოვიდა სახელწოდება. ფონტიც სწორედ იმ მულტფილმიდან ავიღეთ.
M: კაფე + კონსეფთ მაღაზია – სხვა ფუნქციებსაც თუ ითავსებს „ო, მოდა, მოდა“?
ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქართველ ხელოვანებს. გამოფენებისთვის, პერფორმანსებისთვის ვუთმობთ სივრცეს. ტარდება მასტერკლასებიც. საბოლოო ჯამში, მაღაზიაც და კაფეც გალერეასავით გამოვიდა. ჩვენთან წარდგენის შემდეგ ესა თუ ის პროდუქტი, აქსესუარი ან ნამუშევარი ძალიან პოპულარული ხდება.
„ო, მოდა, მოდა“ საკუთარ პროდუქციასაც აწარმოებს და საკმაოდ წარმატებით.
M: რა სირთულეებს წააწყდით საქმის დაწყებისას? როგორ გაუმკლავდით მათ?
ასე არ მახსენდება. ერთადერთი, ფინანსური მხარე იყო სირთულე. წინასწარ ვერ გათვლი, რა თანხა დაგჭირდება რემონტის გასაკეთებლად. რადგან სამნი ვართ, საქმე და ფუნქციები ძალიან კარგად გვაქვს გადანაწილებული. ვახერხებთ და ერთად ვერევით პრობლემებს.
როცა საქმეს სიამოვნებით აკეთებ – ყველა სირთულეს მარტივად გადალახავ. სიყვარულით გავაკეთეთ ყველა წვრილმანი. რეკლამა არც ერთხელ გავიკეთებია. კაფეს მინიშნებასაც კი ვერსად ნახავთ. მხოლოდ შემოსასვლელ რკინის კარს აწერია „ღიაა“. ხშირად თვითონ გვიკავშირდებიან უცხოური, ქართული ჟურნალები და წერენ ხოლმე ჩვენს შესახებ. რაც ძალიან გვახარებს.
M: ეს თქვენთვის ჰობია თუ მთავარი საქმიანობა?
სადღაც შუაშია _ თითქმის არავის აქვს საშუალება, რომ ჰობის გამო დაიწყოს საქმე. თან, როდესაც 15-ამდე ადამიანი გყავს დასაქმებული, მარტო ჰობი ვერ იქნება. დიდი პასუხიმსგებლობაა.
M: როგორ შეინარჩუნეთ, გახსნიდან დღემდე, ლოიალური და კმაყოფილი მომხმარებელი?
გახსნის დღიდან დღემდე, სამი წელია, ზუსტად იგივენაირად ვზრუნავთ საკვებისა და მომსახურების ხარისხის არა მხოლოდ შენარჩუნებაზე, არამედ – გაუმჯობესებაზე. გულწრფელად რომ ვთქვა, ხშირად, მთელი ჩვენი შემოსავალი ისევ საქმესი ბრუნდება, რომ განვავითაროთ და ხარისხი არ დავწიოთ.
ზაფხულში კაფე ორი დღით იკეტება, რომ გარემონტდეს და მომხმარებელს განახლებული და მოწესრიგებული დავახვედროთ.
M: გაგვაცანით მომავლის გეგმები
ალბათ ისევ ის, რომ მომხმარებლისთვის მუდმივად გავაუმჯობესოთ საკვებისა და მომსახურების დონე.
ავტორი: ირინა საყვარელიძე