ყოველწლიურად უამრავი საშობაო რეკლამა გამოდის, რომელთა უმეტესობაც გვხიბლავს სადღესასწაულო სიუჟეტით, საინტერესო პერსონაჟებით. ერთ-ერთი პირველი ვიდეო, რომელიც 2024 წლის მიწურულს O2-მა გამოუშვა, წინ სწევს სოციალურ თემატიკას, რის საფუძველზეც კლიპი საკმაოდ ემოციური გამოვიდა.
ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია, როდესაც მობილურ ინტერნეტზე ერთხელ მაინც არ გვქონია წვდომა. ამ რეკლამით ბრენდი ეცადა, ეჩვენებინა იმ ადამიანთა სიტუაცია, ვისთვისაც ინტერნეტი 24/7-ზე მიუწვდომელია. ვიდეო გადაღებულია ჯერ კიდევ 2021 წელს წამოწყებული ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანიცაა, მობილური ინტერნეტით, ზარებითა და მოკლეტექსტური შეტყობინებებით ისეთი ადამიანების უზრუნველყოფა, რომელთაც შეძენის საშუალება არ აქვთ.
სარეკლამო ვიდეოზე VCCP-მ იმუშავა. ის იწყება ემოციურად დატვირთული სიუჟეტით, რომელიც ასახავს სიტუაციებს, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ მობილური ინტერნეტის გამოყენება და ამის გამო ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი ეშლებათ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ბრენდისთვის ეს უკვე მესამე საშობაო რეკლამაა, რომელიც ფოკუსირებულია მსგავს თემატიკაზე. ამით ის ცდილობს, უფრო გამოხატულად დაუჭიროს მხარი ყველა ადამიანს, რათა მათ არ ჰქონდეთ შეზღუდვა მობილურ კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასევე, ის ამ რეკლამით მოუწოდებს ყველას ინფორმაციის გავრცელებისკენ, რომ გაჭირვებულებს შეუძლიათ, მიიღონ უფასო O2 მობილური მონაცემები.