ავტოფარეხში არაერთი მსოფლიო ბრენდის ისტორია დაწერილა და როგორც აღმოჩნდა, Oakley-იც ერთ-ერთი მათგანია. ბრენდი 1975 წელს, ოკლენდში დაფუძნდა, ხოლო თავად სახელდება დამფუძნებლის ძაღლის სახელის მიხედვით შეირჩა. სანამ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ Oakley-ზე გიამბობთ.
სათვალის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, Oakley-ის, ისტორია ჯეიმს ჯანარდით იწყება, რომელმაც საკუთარ ავტოფარეხში, $300-ით წამოიწყო საქმე. მას სურდა შეექმნა პროდუქტები, რითაც სპორტსმენების ყოველდღიურობას გააუმჯობესებდა. კომპანიის პირველი პროდუქტი იყო სახელური BMX ველოსიპედებისთვის. პროდუქტს ჯანარდი თავისი მანქანის საბარგულიდან ყიდდა. 1980 წელს, Oakley-მ წარადგინა O-Frame სათვალე, რომელმაც მოტომრბოლელებში მოიპოვა პოპულარობა. კომპანიამ სპორტსმენებისთვის ახალი პროდუქტების წარმოება განაგრძო და შექმნა სათვალეები, ხელთათმანები და ფეხსაცმელი. დღეს, Oakley არის საერთაშორისო ლიდერი მზის სათვალეების, ლინზებისა და ტანსაცმლის წარმოებისა და დისტრიბუციის მიმართულებით. კომპანია აფინანსებს სპორტსმენებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის გოლფის, სერფინგის, BMX-ისა და მთის ველოსიპედის ჩათვლით. ჯანარდმა პირველი წყვილი სათვალე ცილინდრული ლინზით შექმნა და მას შემდეგ, ინარჩუნებს პოზიციას ინოვაციებისა და ეფექტურობის კუთხით.
1994 წელს კომპანიამ დაახლოებით ოთხი მილიონი დოლარი გადაუხადა თავის რეკომენდატორებს. მაიკლ ჯორდანი გოლფის თამაშისას Oakley-ის სათვალეებს ატარებდა. ბრენდი, ასევე, აწარმოებს სათვალეებს სამ სხვადასხვა კატეგორიაში: H2O, Motocross და Ski. 1995 წლის ოქტომბერში კომპანიის წმინდა ღირებულება 820 მილიონი დოლარი იყო. ჯანარდის ანაზღაურება შეადგენდა $380,695-ს, ხოლო 1995 წელს, მიიღო ბონუსი $9.3 მილიონის ოდენობით. გაყიდვები გაიზარდა თითქმის 40%-ით და $173 მილიონი შეადგინა. ბუნებრივია, ასეთმა პოპულარობამ გაზარდა გაყალბების შანსი, შესაბამისად, Oakley-ს ასეთი გამყიდველების წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წამოწყება მოუწია.
დღესდღეობით, Oakley ტექნოლოგიასა და ინოვაციებზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მაღალი დონის აქტიურ სპორტულ და ყოველდღიურ პროდუქტებს ქმნის. სპორტსმენები და აქტიური ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ სათვალის ხარისხი, დიზაინი და სტილი არის ის, რასაც მომხმარებლები ძალიან აფასებენ Oakley-ის პროდუქტებში.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.