წარმოიდგინეთ, რაღაც გრძელი მოწყობილობა რომ არსებობდეს, რომელიც დედამიწიდან კოსმოსში რეკორდული სიჩქარით მოგვახვედრებს… რაღაც ასეთს ჰგავს იდეა, რომელსაც კოსმოსური ლიფტის სახელით გვაცნობენ. თუ მეცნიერთა გამოთვლებს დავუჯერებთ, მარსამდე მისვლას 6-დან 8 თვე კი არა, 3-4 თვე ან მინიმუმ 40 დღე დასჭირდება. კოსმოსური ლიფტების კონცეფცია ახალი კი არ არის მაგრამ, აი, აგების ამბავში საქმე მეტად რთულად გვაქვს. ეს მრავალმხრივი გამოწვევის დაძლევას რომ ნიშნავს, აშკარაა, მაგრამ, როგორც ვიგებთ, იაპონური კომპანია Obayashi Corporation ფიქრობს, რომ მას ამისთვის საკმარისი გამოცდილება აქვს.
სამეცნიერო ფანტასტიკას კი ჰგავს, მაგრამ ამბავი ასეთია — იაპონია კოსმოსში 2050 წლისთვის ლიფტის აშენებას გეგმავს! მსოფლიოში ყველაზე დიდი Tokyo Skytree-ის აშენებით კი არიან ცნობილი, მაგრამ 2012 წელს მეტად შორსმიმავალი გეგმები გააცნეს საზოგადოებას. Obayashi Corporation-ში თქვეს, რომ 100-მილიარდიან პროექტს დაიწყებდნენ 2025 წლისთვის, რომელიც 2050 წლიდან შეუდგებოდა ოპერირებას.
გამოდის, თუ ყველაფერი გეგმების მიხედვით განვითარდება, 1 წელში ამ პროექტს უნდა შეუდგნენ, მაგრამ როგორც კომპანიის წარმომადგენელმა იოჯი იშიკავამ განაცხადა, სავარაუდოდ, ასე არ მოხდება. თუნდაც იმიტომ, რომ ამჯერად კვლევისა და განვითარების, დიზაინის შემუშავებისა და პარტნიორების მოზიდვის ეტაპზე არიან…
ეს კოსმოსში გამგზავრების იაფი ალტერნატივა იქნება?!
უნდა ვთქვათ, რომ ადამიანებისა და ობიექტების კოსმოსში რაკეტებით გაშვება წარმოუდგენლად ძვირი ჯდება. მაგალითად ნასას Artemis-ის მთვარის მისიები თითო გაშვებაზე 4.1 მილიარდი დოლარი უჯდება. ბევრი საწვავი სჭირდება, ეს საწვავი კი მძიმეა… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ორივე საკითხს კოსმოსური ლიფტი მოაგვარებს, რომელსაც არც რაკეტები დასჭირდება და არც საწვავი.
ზოგიერთი დიზაინის მიხედვით, კოსმოსური ლიფტები ტვირთს ელექტრომაგნიტური „ქლაიმბერებით“ გადაიტანს, რომლებიც, შესაძლოა, დისტანციურად იკვებებოდეს, ან მზის ენერგიით, ან მიკროტალღებით, რაც კვლავ საწვავის საჭიროებას გამორიცხავს ბორტზე.
ამგვარად, შესაძლოა, კოსმოსში ობიექტების გადატანის ფასიც შემცირდეს. Falcon 9 კი მათ შორის ყველაზე იაფიანია, მაგრამ თუ კოსმოსური ლიფტი რეალობა გახდება, ამჟამინდელი იაფი მაჩვენებელი 5-ჯერ შემცირდება. აღსანიშნავია, რომ შემცირებულ ხარჯებთან ერთად, აღარც რაკეტის აფეთქებისა და აღარც საწვავის გაჟონვის საშიშროება იარსებებს. ამ მიზეზების გამო კი Obayashi Corporation-ს კოსმოსური ლიფტი კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმედ მიაჩნია.
რა აფერხებს კოსმოსის ლიფტის აგებას?
ამ ეტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იმის დადგენაა, თუ რა მასალისგან უნდა დამზადდეს მილები. სქელი უნდა იყოს, რაღაც რკინის მსგავსი — „თუ თქვენ მის აშენებას რკინისგან გადაწყვეტთ, იმაზე მეტი დაგჭირდებათ, ვიდრე დედამიწაზე არსებობს“.
მოხსების მიხედვით, Obayashi Corporation ამისთვის ნახშირბადის ნანომილების გამოყენებას აპირებს, იმ მასალის, რომელიც ფანქრებში გვხვდება, უფრო მსუბუქია და რკინაზე მეტად უძლებს ზეწოლას. თუმცა ყველაფერი არც ასე გვარდება, ნანომილები ძალიან პატარაა, რაც გრძელი ლიფტის შექმნას გამორიცხავს… აქ მეცნიერები სრულიად ახალი მასალის გამოგონებასაც კი განიხილავენ:
„მართალია, ჯერ არ ვართ კოსმოსური ლიფტის აგების დაწყებასთან ახლოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია“, — აცხადებს იშიკავა.