2
Jul
2018

სამკაულებით მოთხრობილი ამბები და ექსპერიმენტული მაღაზია სასტუმრო „სტამბაში“ – ObjectNews

2 Jul 2018

Startauperi
Startauperi


ObjectNews ექსპერიმენტული სამკაულის მაღაზიაა, რომელიც სასტუმრო „სტამბას“ ფოიეში „იმალება“. უჯრებში მოთავსებულ სამკაულებს, როგორც საგანძურს, როგორც სეიფებში ჩამალულ ძვირფას ამბებს, განახებთ და მოგიყვებათ სპეციალური გიდი. მაღაზიაში „ჩაძრომისას“ კი აღმოაჩენთ, რომ ის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული შინაარსის სამკაულს აერთიანებს. წარმოდგენილი პროდუქციის ერთი ნაწილი დიზაინერ თამარ ხოშტარიას – ხოშტრიკას ნამუშევრებია, მეორე კი „სადარისმელიას“, ანუ არტისტების მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის კოლაბორაცია.

ხოშტრიკა და სადარისმელია არიან არტისტები, რომლებიც მომხმარებელთან საკომუნიკაციო არხად სიზმრებს იყენებენ – „ვცდილობთ სიზმრებში შევაღწიოთ და იქ შევატყობინოთ ადამიანებს ჩვენი სამკაულის შესახებ“, – გვიყვებიან ისინი. ხოშტრიკა გეომეტრიულ ფიგურებზე მუშაობს და მარტივი ფორმებისა და კონსტრუქციების სინთეზით, სხვადასხვა მეტალისგან სამკაულს ქმნის.

გეომეტრიული სამკაული, ადამიანის სხეულს მორგებული სხვადასხვა ფორმა, მატარებელს იმ ნაწილს მატებს, რომელიც თითქოს აქამდე დაკარგული ჰქონდა, ან ვერ აცნობიერებდა. სამკაული – როგორც ობიექტი, ცოცხლდება სწორედ მაშინ როდესაც ადამიანი მის ტარებას იწყებს, ჩემი სამკაულის მთავარი იდეა სწორედ ეს კოლაბორაციაა – დიზაინერსა და მატარებელს შორის. მინიმალიზმის და მდიდარი კავკასიური ოქრომჭედლობის მეხსიერების შერწყმით, სწორი ხაზები ვერცხლსა და სხვადასხვა მეტალში ახალ, ადამიანს მორგებულ საკრალურ გეომეტრიას ქმნის“, – თამარ ხოშტარია

როგორც მარიამი და დეთუ ამბობენ, მათთვის სამკაულის კეთება სიტყვებით და ტექსტზე დაფუძნებული სახელოვნებო პროექტით – „საშინაო დავალება“ დაიწყო. სიტყვები, რომლებიც არ იხატება, თამაშად გადააქციეს და სხვადასხვა სივრცეში გადაწერეს. ის, რომ „სიტყვა ვერცხლია, დუმილი ოქრო“ მათი გასამკაულების შთაგონება გახდა. მარიამის და დეთუს ნაკეთობები ხშირად ამბის თხრობაზეა აწყობილი – ვერცხლის სამკაულად, თილისმად გადაქცეული სიზმრები და ზღაპრებია. სამკაულით ამბის თხრობა, ზღაპრის მოყოლაა, არტისტებს კი ზღაპრის ძალის შემდეგნაირად სჯერათ: „ის თილისმად, მცველად, მესაიდუმლედ იქცევა და მომავლის, ბედისწერის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს“.

მართალია, ამ ეტაპზე ექსპერიმენტულ მაღაზიაში მოხვედრა მხოლოდ სასტუმრო „სტამბაშია“ შესაძლებელი, თუმცა, არტისტები ვარაუდობენ რამდენიმე ექსპერიმენტის სხვა ლოკაციებზე ჩატარებასაც. რას უყვებიან სამკაულები მნახველებს და როგორ შეიქმნა ObjectNews – ამ საკითხებზე მარიამ ნატროშვილს ვესაუბრეთ:

M: ვინ შექმენით ObjectNews, რა გამოცდილება გქონდათ?
ხოშტრიკა დიდი ხანია სამკაულს აკეთებს, ჩვენ ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. სამკაული ძალიან მიყვარს, ვაგროვებდი, ვათვალიერებდი, ვიკვლევდი. ბოლოს ჩვენით დავიწყეთ კეთება – ჩვენი პროექტის „საშინაო დავალებისგაგრძელებად. საშინაო დავალება კი საჯარო სივრეში დაწერილი სიტყვებია – მინდოდა, რომ ამ სიტყვების ტარებაც შესაძლებელი ყოფილიყო. თან სიტყვა ხომ ვერცხლია. ჰოდა, ჯერ ჩემთვის გავიკეთე ერთი სიტყვა და მერე ბევრს მოეწონა, ბევრს მოუნდა და დავიწყეთ კეთება.

M: რა იყო ინპირაცია ექსპერიმენტული მაღაზიის შექმნისათვის და როგორ, რა საჭიროებაზე დაყრდნობით შეიქმნა მისი კონცეფცია?
ექსპერიმენტული  მაღაზიის არსებობის იდეა თვითონ გახდა ინსპირაცია მისი შექმნისათვის.. საწყის იდეაში ეს მაღაზია-საცავი უნდა ყოფილიყო, სადაც მნახველს შესაძლებლობა ექნებოდა უჯრები თავად გამოეღო და დაეთვალიერებინა სხვადასხვა (არამხოლოდ ჩვენი) კოლექცია. საბოლოოდ, მოგვიწია ამ იდეის მორგება „სტამბის“ მოცემულობაზე, რაც ვფიქრობთ, საინტერესოდ გამოვიდა. ამ შემთხვევაში მივიღეთ ძალიან მცირე ზომის ალტერნატიული მაღაზია-საცავი-სეიფი, სადაც მნახველებს სამკაულზე ამბებს გიდი უყვება და სადაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ჩვენი ნამუშევრები იყიდება.

M: რას უყვებიან მომხმარებლებს თქვენი სამკაულები და რა არის თქვენი, როგორც ბრენდის მთავარი სათქმელი?
ObjectNews სამკაულით მოთხრობილი სხვადასხვა ამბავია. ყუთში დამალული ვერცხლის ნაკეთებობი სხვადასხვა ფიქრს, სიზმარსა თუ კანონზომიერებას აერთიანებს. სიტყვები და გეომეტრია, სიზმარში ნანახი ფიგურები, წრე და კვადრატი, მინიმალიზმი და ამბის თხრობა, თილისმები და სხეულის თითქოს დაკარგული ნაწილები მთლიანობაში ქმნის მოგზაურობას, რომელიც ერთ ყუთშია თავმოყრილი. 

განხილვა