in

„სმა“ გურულად! – „ოდაშის“ მეურნეობა ყოველკვირეულად ჯანსაღი ბოსტნეულით მოგამარაგებთ

ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში ოჯახური მეურნეობა „ოდაშის“ შესახებ, რამდენიმე თვის წინ გიამბეთ, გაგაცანით სალომე კალანდაძე და ირაკლი გიკაშვილი, რომლებმაც თბილისში კარიერა მიატოვეს და თავიანთი მეურნეობის TOP-მენეჯმენტში გადაინაცვლეს. ახლა კი, მათი ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს ყოველკვირეულად, ჯანსაღად მოყვანილი ბოსტნეულის გამოწერა შეუძლიათ, რომლებსაც მარტივად, „სმა“ პაკეტებს უწოდებენ. სანამ მთავარზე გადავიდოდეთ, გეტყვით, რომ „სმა“ აბრევიატურაა და „საზოგადოების მხადაჭერილ აგრომეურნეობას“ ნიშნავს. „სმა“ პაკეტის შეძენა 100 ოჯახს შეუძლია, სანაცვლოდ კი, 22-24 კვირის განმავლობაში, ჯანსაღ ბოსტნეულს ადგილზე მიიღებენ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და დასწრებაზეცაა, თუ გავითვალისწინებთ, ამ ადამიანებმა რამხელა შრომა ჩადეს თავის საქმეში, სოფლის მეურნეობა რომ ამ კუთხით წარმოეჩინათ. სანამ სალომე და ირაკლი დეტალებზე მოგვიყვებიან, „სმა“ პაკეტების შესახებ ამ ვიდეოთი გიამბობთ და აქვე სარეგისტრაციო ბმულსაც დაგიტოვებთ.

M: რას გულისხმობს „სმა“ კონცეფცია?

საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობის კონცეფცია მრავალი წელია არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით დასავლეთ სამყაროში. ეს არ არის უბრალოდ ფერმერსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობა პროდუქციის მიწოდების მიზნით, არამედ ურთიერთობა, რომელიც უნდა გაგრძელდეს მრავალი წლის მანძილზე.

ამ კონცეფციის მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა თავდაპირველად ჩვენ წავედით ყუთების მეთოდით, რადგან არ გვაქვს განვითარებული ქვეყანაში ე.წ. “Farmer’s Market”, სადაც მრავალი მეურნეობა მონაწილეობს და ყიდის თავის პროდუქტს. სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ვიქნებით ერთ-ერთი პიონერები, ვინც ამ მიმართულებასაც განავითარებს. ვიმედოვნებთ, მომავალ წელს შევძლებთ ჩვენნაირი ბიზნესმოდელის გაკეთებაში დავეხმაროთ სხვა ფერმერებსაც და ამ ერთიანი ძალებით შევძლებთ მეტ ოჯახს მივაწოდოთ ორგანული მეთოდებით მოყვანილი ჯანსაღი ბოსტნეული და რაც მთავარია, მისაღებ ფასად.

ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ოდეალური მომხმარებელი არის ის, ვისაც პირველ რიგში, უყვარს ბოსტნეული, ექსპერიმენტები და ახალი გემოები. მისთვის მნიშვნელოვანია ორგანული პროდქუცია. ის მზად არის მხარი დაუჭიროს ადგილობრივ წარმოებას, ჩამოვიდეს ჩვენთან ფერმაში სტუმრად თუ სამუშაოდ და ყოველდღე დააკვირდეს, როგორ იზრდება მისი პროდუქტი, ჩვენთან ერთად უხაროდეს ჩითილების ამოსვლა, გადარგვა და მოსავლის კრეფა. ჩვენთან ერთად იზიარებდეს აგრომეურნეობასთან დაკავშირებულ რისკებს თუ წარმატებებს.

„სმას“ გარდა, ჩვენ გვაქვს სტარტაპი GELA (Grow and Educate Local Agriculture), რომლითაც გავიმარჯვეთ Future Agro Challenge აქსელერაციის პროგრამაზე. „გელა“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ გავხადოთ ჯანსაღი პროდუქტი ხელმისაწვდომი ფერმერსა და მომხმარებელს შორის, შუამავალი რგოლების გარეშე. „სმა“ კი წარმოადგენს ერთ-ერთ მაგალითს, თუ როგორ არის ეს ყოველივე შესაძლებელი.

M: როგორია ყუთის შიგთავსი?

ჩვენი ყუთის შიგთავსი მოიცავს 8-12 სახის ბოსტნეულსა და მწვანილს. მომხმარებელი თავდაპირველად ვერ აირჩევს, თუ რა შევა მის ყუთში, თუმცა ექნება შესძლებლობა მონიშნოს, თუ აქვს ალერგია რომელიმე პროდუქტზე ან არ უყვარს. ყუთში შეხვდებით სეზონური ბოსტნეულის შესაბამის საინტერესო გემრიელ რეცეპტებსა და სხვა სიურპრიზებს.

M: რა პირობებია გათვალისწინებული დაინტერესებული მომხმარებლებისთვის?

ეს პროექტი ითვალისწინებთ მეურნეობის მხარდაჭერას, ამიტომ მომხმარებელი წინასწარ იხდის ავანსს და შემდეგ, დარჩენილი თანხა უნაწილდება თვეებზე. ამასთან, არსებობენ მომხმარებლები, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და მთლიანად დაფარეს სეზონის ღირებულება. რომ გამოთვალოთ, მომხმარებელი, საშუალოდ 50 ლარად, კვირაში 10 კგ ორგანულ ბოსტნეულს ყიდულობს, სახლში მიტანით, რაც ვფიქრობთ, ძალიან კარგი შეთავაზებაა.

ამჯერად, გვაქვს მხოლოდ ორი შეთავაზება: 1200-ლარიანი პაკეტი (22-24 კვირის განმავლობაში, საშუალოდ 10კგ ბოსტნეული ყოველკვირეულად) და 800-ლარიანი პაკეტი (22-24 კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 5კგ ბოსტნეული ყოველკვირეულად). ყველა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მინიმალური ავანსი 200 ლარი და ნარჩენი გადასახადი ნაწილდება თვეების მიხედვით მარტიდან-ოქტომბრამდე. შესაბამისად დიდი ყუთის შემთხვევაში მომხმარებელს მოუწევს თვიურად 125 ლარის გადახდა, ხოლო ნახევარი ყუთის შემთხვევში 75 ლარის. 

ფასი ითვალისწინებს თბილისის მასშტაბით წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე მიტანას. 

გვჯერა, რომ ასეთი ურთიერთობა წარმატების საწინდარია. გვსურს, ორგანული პროდუქტი გავხადოთ ხელმისწავდომი და იმედი გვაქვს, ჩვენნაირი ტიპის ფერმები მალე განვითარდება ქვეყანაში. გვინდა გითხრათ – ჩვენ არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები, რადგან დაახლოებით ჩვენ მიერ მირთმეული პროდუქტის 85% არის იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოება შედარებით პასიურია. ამით იმასაც შევძლებთ, რომ მცირემიწიან ფერმერებს დაუფასდეთ შრომა და მიიღონ მოგება, რადგან თუ არ იცით, მაღაზიაში გადახდილი ბოსტნეულის ღირებულების მხოლოდ 25% რჩება ფერმერს შემოსავლის სახით, დანარჩენი თანხა კი სხვა შუამავალ რგოლებზე ნაწილდება. ამ პროექტის დახმარებით, ჩვენ შევძლებთ მომხმარებელსაც ნაკლებ ფასად შევთავაზოთ პროდუქტი და ფერმერსაც მეტად დაუფასდეს მისი შრომა.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

შესაძლოა, ChatGPT ალცჰაიმერის ადრეული სტადიის პროგნოზირებაში დაგვეხმაროს

NASA-მ მზის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა