„მაი როის იქნება?!“ – თუკი გაბზარული ხმით ნათქვამი ეს ფრაზა გურიაში თქვენც მოგისმენიათ, უფრო ადვილად მიხვდებით, რას ნიშნავს, როდესაც დედაქალაქიდან ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი საცხოვრებლად გადადის და მიწის დამუშავებას აქტიურად იწყებს. სალომე კალანდაძემ და ირაკლი გიკაშვილმა სამსახურები მიატოვეს და საკუთარი მეურნეობის მოშენება დაიწყეს. ნიგოითში, სალომეს დიდი ბებიისეული სახლი და ნაკვეთი, ადრე, ვარდებისა და ციტრუსის სათბურებით იყო ცნობილი. მისმა დანატოვარმა, დღეს, სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა და უკვე ახალი ძალებითა და შემართებით, შვილიშვილი მეუღლესთან ერთად ცდილობს აგროტურისტული მეურნეობის შექმნას. ამაში კი, ერთი მხრივ, სალომეს ტურისტული გამოცდილება, მეორე მხრივ – ირაკლის მცირეოდენი პრაქტიკა ეხმარებათ და ბევრ ახალსაც სწავლობენ. თავიანთ კარმიდამოს „ოდაში“ დაარქვეს.
ნიგოითში გადასასვლელად, სალომემ და ირაკლიმ მთელი დანაზოგი და საკრედიტო რესურსი გაიღეს და იჭვნეულად მაცქერალ ადგილობრივებს ცდილობენ აჩვენონ მაგალითი, როგორ შეიძლება ხელთ არსებული რესურსების მოქნილად გამოყენება და მისგან დოვლათის მიღება. უამრავი სირთულის, მოუწყობელი ინფრასტრუქტურის, საჭირო მასალებისთვის სხვა ქალაქში სიარულის, სკეპტიკური აზრების საპირისპიროდ, თვლიან, რომ რეგიონის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეუძლიათ შეიტანონ, გამოცდილების გაზიარებით, პრაქტიკული გადაწყვეტით, ტექნოლოგიების შეთავაზებით და მოტივაციითაც კი. საკომუნიკაციოდ სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებენ. მთელ რიგ საკითხებზე ადგილობრივებთან სასაუბროდ TikTok-ს იყენებენ, მომხმარებლებთან ურთიერთობისთვის კი – Facebook-სა და Instagram-ს.
„სოფელი არასოდეს მქონია, ამიტომ, თუკი ბავშვობის მეგობრების სოფლებში რამდენიმე დღით ჩასვლას არ ჩავთვლით, საერთოდ არ ვიცოდი, როგორი იყო ეს განცდა,“ – გვიყვება ირაკლი გიკაშვილი.
M: გურიაში ხანგრძლივი ვადით გადასვლამდე, რას საქმიანობდით?
ირაკლი: ESM-ელი ვარ, პროფესიით – ფინანსისტი, თუმცა ჩემი პროფილით არასოდეს მიმუშავია. ჩემი კარიერის ბოლო 6 წლის მანძილზე ან დირექტორი ვიყავი ან ბიზნესის განვითარების დირექტორი ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებში. Top-level მენეჯერი ვიყავი. ახლაც, ასე ვარ, მხოლოდ არა სხვის კომპანიაში, არამედ – საკუთარ მეურნეობაში. სალომე მუშაობდა Rooms Hotel-ში, რომელიც პანდემიის დროს, დაიკეტა. იმ დროს, მე AgroMotors-ის კომერციული დირექტორი ვიყავი, რომელიც ამერიკული კომპანია JOHN DEERE-ის ოფიციალურ წარმომადგენელია. ჩემი სამსახურიც დისტანციურ რეჟიმზე რომ გადაერთო, გურიაში გადავედით რამდენიმე თვით, სადაც მეტი ღია სივრცე და თავისუფლება დაგვხვდა. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს თავისუფლება მოგვეწონა.
M: სოფლის მეურნეობით, როგორც ბიზნესით, თქვენი დაინტერესება რას უკავშირდება?
ირაკლი: Agro Motors-ში მუშაობისას, ძალიან ბევრი ფერმერი გავიცანი. აღმოვაჩინე, ადამიანები, რომლებმაც ამ სფეროში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს, გაზარდეს მიწათმოქმედების, მეცხოველეობის, მომარაგების არეალი. ამასთან, რაღაც დონეზე თავად სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებიც შევისწავლე. რეალურად, ეს ხალხი ბევრად კარგად ცხოვრობს სოფელში, ვიდრე უამრავი ადამიანი – თბილისში. სოფლები, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, დოვლათიანია და ვითარდება, მაშინ, როცა აქ – ნიგოითში ერთი სკოლაა და ისიც – მე-9 კლასამდეა სწავლა. ამ ადამიანებმა ჩადეს ეს ინვესტიცია თავის საქმეში და ამით არამხოლოდ თავად განვითარდნენ, არამედ მთლიან რაიონს დაეხმარნენ. გურიაში ეს პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა. ამ ხალხის გაცნობის შემდეგ, დამატებით დავიწყე ინფორმაციის მოძიება და შესწავლა.
სალომე: ჩვენამდე, სოფლის მეურნეობით ჩემი მშობლები იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა იმ პერიოდს ფაროსანას შემოსევა დაემთხვა და სრულად გაჩერდნენ. სოფლის დიდი პრობლემა შესაბამისი ტექნიკისა და აგრეგატების არქონაც იყო. ვერც საჭირო ადამიანურ რესურსს მოიძიებდი, საქმეში რომ ჩაგერთო. თანაც, ფაროსანას გამო გაჩერებულმა სამუშაოებმა მიწა გაავერანა. მის დასათეს მდგომარეობამდე მიყვანას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება.
ეს პროექტი ამერიკული ფერმის მსგავსად წარმოგვიდგენია – ცოტ-ცოტა და ყველაფერი რომ არის განთავსებული, მეცხოველეობაც, პერმაკულტურაც… ძალიან ბევრ ვიდეოს ვუყურეთ. მთელი მსოფლიოს გარშემო, უამრავი ადამიანის ამბავი გავიგეთ და დიდი სურვილი გაგვიჩნდა, ასეთი ადგილი ჩვენც შეგვექმნა გურიაში.
M: ბევრისთვის, სამსახურის მიტოვება და სოფელში, მეურნეობის შესაქმნელად გადასვლა მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული. როგორ იყო თქვენ შემთხვევაში?
ირაკლი: რისკებზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და შემიძლია ვთქვა, რომ იმ დროისთვის საკმაოდ კარგად იყო შეფასებული. მაგალითად, ტექნიკა, რაც ჩავიყვანეთ, პირველივე დღიდან იყო შემოსავლის მომტანი. რაც კი ფული გვქონდა გადანახული, რის გამორთმევაც ბანკისთვის შევძელით – ყველაფერს მოვუყარეთ თავი. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ტექნიკა და ინვესტიცია მაქსიმალურად ჩაგვედო საქმეში. ტექნიკის გაქირავებით მიღებული შემოსავლით მიწა გავწმინდეთ. შემოსავლის წყაროდ გვქონდა სიმინდი, რომელიც ჩასვლისთანავე დავთესეთ… დღეს, მიმაჩნია, რომ ასეთ საქმეში სრულად მომზადება წარმოუდგენელია.
ვურჩევდით თუ არა ვინმეს სოფელში გადასვლას? უმეტესობას – არა. ან უნდა ჩახვიდე დიდი ინვესტიციით და დიდ საქმეს შეუდგე დიდი გუნდით – აგრონომებით, მუშახელით… ან მაქსიმალურად ჩართო საქმეში ადგილობრივი მოსახლეობა – პროდუქცია ააგროვო, ერთად მოუყარო თავი და გადაყიდო. აქ ძნელია შესაბამისი მასალების შოვნაც, ის ბანკიც კი არ არის, რომლის კლიენტებიც ვართ, საკმაოდ ხშირად, ბანკომატიც არ მუშაობს.
M: ადგილობრივი მოსახლეობის სკეპტიკური დამოკიდებულება როგორ შეცვალეთ?
ირაკლი: სამწუხაროდ გურია, როგორც რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე სუსტად არის განვითარებული. სხვადასხვა დონორი ორგანიზაცია და სახელმწიფო დახმარების პროგრამებიც, ძირითადად სხვა რეგიონებს ეხმარებოდნენ და გურია არ პროგრამებში ძალიან მცირედით იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, გურიაში ტექნიკის საკმაოდ დიდი დეფიციტი არის, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან უჭირს აგროვადების დაცვით ყველა ოპერაციის ჩატარება.
სანამ ჩვენს ტექნიკას ჩამოვიყვანდით, არავის სჯეროდა, რომ შესაძლებელია მოიყვანონ სიმინდი თოხის გამოყენების გარეშე, თუმცა როდესაც ნახეს სიმინდის ყანა, რომელშიც ფეხიც კი არ ჩაგვიდგავს და მივიღეთ მათზე დაახლოებით 2-ჯერ მეტი მოსავალი, ეს მიდგომა შეიცვალა და ბევრი ადგილობრივი უკვე ამ თანამედროვე ტექნოლოგიებით ცდილობს მოიყვანოს მოსავალი.
სალომე: როდესაც ეზოში, სატესტო ბოსტანში ვთოხნიდი, ყველას უკვირდა სად ვისწავლე ასე მუშაობა. ყველა მოდიოდა რჩევით, გვასწავლიდა. ადგილობრივების ცოდნა დაფუძნებულია მამაპაპისეულ მეთოდებზე, რომლებიც რიგ შემთხვევებში უკვე მოძველებულია. როდესაც ნახეს, რომ ჩვენი მეთოდებით, ბიო-აგროს ბიოლოგიური წამლებით შევძელით მოგვეყვანა მოსავალი, დაიწყეს უკვე კითხვებით გადმოსვლა, თუ როგორ შეწამლონ თვითონ მათი პროდუქტი, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ნიგოითი გახდეს სოფელი, სადაც მაქსიმალურად ბიო პროდუქტებზე ვიქნებით ორიენტირებულები.
პროდუქციის მოყვანა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვენლოვანია მისი გაყიდვა. შესაბამისად, ჩვენ ინტერნეტის საშუალებით ვცდილობთ მოვახდინოთ ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია და ასევე თბილისში, უახლოეს მომავალში გავხსნით მაღაზიას სადაც მოვახდენთ ჩვენი და მეგობარი ფერმერების პროდუქციის რეალიზაციას.
M: როგორ იყენებთ სოციალურ ქსელებს მომხმარებლების მოსაზიდად?
ირაკლი: Facebook-სა და Instagram-ს მომხმარებლებთან საკომუნიკაციოდ ვიყენებთ. აი, მათთან სასაუბროდ, ვინც სოფელში ცხოვრობს, TikTok-ს ვიყენებთ. თუკი რაიმეს თქმა გვინდა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, ეს იდეალური პლატფორმაა. გვეკითხებიან რჩევებს, გვიზიარებენ მოსაზრებებს. ამას გარდა, კომუნიკაციის ეს საშუალება ჩვენი ბიზნესმოდელის რეალიზებაში გვეხმარება. ერთი მხრივ, ჩვენ ვართ მეურნეობა, სადაც პროდუქტები მოჰყავთ, მეორე მხრივ, თავად ჩვენ ვართ პროდუქტი.
სალომე: ვფიქრობ, ჩვენ საგანმანათლებლო როლიც შეგვიძლია შევასრულოთ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ვიდეოების კომენტარებში ხშირად მეკითხებიან, რას და როგორ ვაკეთებ, მთხოვენ ჩავწერო ვიდეო რაიმე კონკრეტულ საკითხებზე. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ის ადამიანები, რომლებიც აგროსფეროს ნიშური ბიზნესისთვის სარეკლამო პლატფორმად იქცევიან და თავიანთ პროდუქტებს ჩვენი საშუალებით გააცნობენ ყველაზე რელევანტურ სამიზნე სეგმენტს.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი