უკვე ცხრა წელია, რაც საქართველოში კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალის ადგილობრივი ტარდება. გამარჯვებული გუნდები შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან და საქართველოს სახელით იბრძვიან პირველობის მოსაპოვებლად. წლევანდელი ახალგაზრდა ლომების კონკურსი კატეგორიების სიმრავლით გამოირჩევა – პირველად, ადგილობრივი შეჯიბრი 6 კატეგორიაში ტარდება, შესაბამისად, 6 გუნდი გაემგზავრება კანის კრეატიულ ფესტივალზე საასპარეზოდ. წელს, კონკურსზე 250-ზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა. დავალებები მიღებულია, გამარჯვებულები კი 20 აპრილს გამოვლინდებიან. წელს, დაჯილდოების ცერემონიას TBC Inspirational Stage-ზე საერთაშორისო სპიკერები სტუმრობენ: Frankey, Odile Breffa და Jorg Riommi. ისინი კანის ახალგაზრდულ სცენაზე წარდგებიან ქართველი მონაწილეებისა და გულშემატკივრების წინაშე.
სანამ სპიკერებს დაჯილდოების სცენიდან იხილავთ, მათ ახლოდან გაგაცნობთ.
ოდილ ბრეფა, იგივე „მოაზროვნე ნინძა“, როგორც მას უწოდებენ ხოლმე, ხუთ წელზე მეტია, INNOCEAN Berlin-ის უფროსი კრეატიული სტრატეგია. მისი გამოცდილება აერთიანებს შემდეგ სფეროებს – კრეატიული სტრატეგია, კონცეფცია, ბრენდის გამოცდილება, ხარისხობრივი კვლევა, ღონისძიების ორგანიზება, PR, დამკვეთებთან ურთიერთობა.
ის გახლავთ 2022 წლის გამარჯვებული კანის გერმანულ ადგილობრივ კონკურსზე, ციფრულ კატეგორიაში, იმავე წელს, მისი ნამუშევარი PR & Glass Lion 2022-ის შორთლისთში მოხვდა. 2023 წელს კვლავაც გამოცადა ძალები ახალგაზრდულ კანის ლომებზე გერმანიაში და PR კატგეგორიაში გაიმარჯვა, შემდეგ კი, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა. ამავე წელსვე ADC Germany-ზე სამი გრან პრი და ოქრო მოიპოვა მისმა კამპანიამ The Vulva Spaceship. 2023-შივე კანის ვერცხლი აიღო Nothing Comic About Dyslexia-მ. არის ADC Germany-ის საბჭოსა და ჟიურის წევრი.
ოდილ ბრეფა ევროპის დედაქალაქ სტრასბურგში დაიბადა, რამაც მოგვიანებით შთააგონა ეცხოვრა რამდენიმე სხვა დედაქალაქში: პარიზში, ბერლინსა და ლონდონში. მრავალმხრივი ინტერესების დამსახურებით, არაერთი მიმართულებით გამოცადა შესაძლებლობები. მამამისის მარმარილოს ატელიეში გაიზარდა და სწორედ იქ აითვისა, როგორ დაეპროექტებინა და გაეყიდა ნამუშევრები. შემდეგ, არტისტების მენეჯერობითა და მათი პოპულარიზაციით დაინტერესდა. შემდეგ, მისთვის საინტერესო ახალი სფერო აღმოაჩინა – სოციოლოგიისა და ეთნოგრაფიის სწავლის შედეგად, სტრატეგიაში გადაინაცვლა. ოდილის პროფესია ჰიბრიდულია – ის აერთიანებს ბიზნესს, სტრატეგიასა და შემოქმედებითობას, რაც საერთაშორისო სარეკლამო ნეთვორქში თვითდამკვიდრებაში დაეხმარა.