in

Odysseus-ის მთვარის ლენდერი გადაბრუნდა!

გასულ კვირას წარმატებული კოსმოსური მისიის მომსწრენი კი გავხდით, მაგრამ ახლა ვიგებთ, რომ Intuitive Machines-ის Odysseus-ის ლენდერი გადაბრუნდა. დიახ, მას შემდეგ, რაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვების ისტორიული პროცესი გვაჩვენა. თუმცა პესიმისტურად ნუ განეწყობით, რადგან იგი მაინც შეძლებს ჩვენთვის მონაცემების გამოგზავნას. 

M2
M2

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისიის მენეჯერები, როგორც Intuitive Machines-ში, ისე NASA-ში, 118 მილიონ დოლარს იხდიან ოდისევსის მხარდასაჭერად, რათა მან მომდევნო დღეების მანძილზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მეცნიერებს. 

დანადგარი სტაბილურია, ან ახლოსაა, ან უკვე იმყოფება სამიზნე დაშვების ადგილზე. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ლენდერთან, ასე რომ დასაწყისისთვის ეს ფენომენალურია, — აცხადებს სტივ ალტემუსი, Intuitive Machines-ის CEO. 

თუმცა მარტივი ამბავი ნამდვილად არ ყოფილა, მისიის მენეჯერებმა დაშვებამდე აღმოაჩინეს, რომ ოდისევსის ლაზერული საძიებო სისტემა 15 თებერვლისთვის არ იყო გამორთული, რაც მას უმოქმედოს ხდიდა. ეს იმასაც ნიშნავდა, რომ კოსმოსური ხომალდი ავტონომიურად უნდა დაშვებულიყო… ბუნებრივია, საკმაოდ დიდ რისკებს უკავშირდებოდა, მათ შორის მისიის ჩავარდნაზეც საუბრობდნენ, რაც უკვე მეორე მარცხი იქნებოდა Intuitive Machines-ისთვის. 

საბედნიეროდ, მისიის გუნდის წევრებმა ოდისევსის გადაპროგრამების გზას მიაგნეს, გამოიყენეს ექსპერიმენტული ლაზერის საძიებო სისტემა, რომელიც ნასას ტვირთში შედიოდა. 

„ჩვეულებრივ შემთხვევებში, როცა კოსმოსური ხომალდის პროგრამულ გამართვაზე ვზრუნავთ, ამგვარ რაიმეს თვეზე მეტი დასჭირდებოდა, მათემატიკური გამოთვლები, შემოწმებები კოლეგებთან, გამოთვლები თეორიების დასამტკიცებლად სიმულაციების გზით, შემდგომ ამ სიმულაციების 10 000-ჯერ ჩატარება, მისი ეფექტურობის გამოსაცდელად… ჩვენმა გუნდმა კი ეს საათნახევარში გააკეთა და ამან იმუშავა. დაშვებამდე 5 წუთით ადრე გავიგეთ ამის შესახებ, რაც ნამდვილად საბედისწერო ამბავი იყო“, — აცხადებს ტიმ კრეინი, მისიის ხელმძღვანელი. 

თუმცა მეცნიერები მხოლოდ ამ გამოწვევის წინაშე არ აღმოჩენილან, ოდისევსი იმაზე სწრაფად დაეშვა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ, შედეგად კი ლენდერის ერთ-ერთი ფეხი რაღაც ისეთს შეეხო, რამაც მისი გადაბრუნება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ანტენა იმგვარ პოზიციაშია, რომ დედამიწაზე არსებულ სახმელეთო სადგურებთან კომუნიკაცია შეძლოს. ასე რომ, ჯერჯერობით სანერვიულო არაფერია… 

HMD ბარბილენდის სმარტფონს ქმნის

Balenciaga-მ ჩიფსის ჩანთები გამოუშვა!