ტომ ჰენკსის Cast Away-ის საკულტო ფრენბურთის ბურთი, რომელიც უილსონის სახელით არის ცნობილი, ახლა საზღვაო ეკოსისტემისთვის მიძღვნილ კამპანიაში იღებს მონაწილეობას. The Odyssey of Wilson Onda Azul Institute-ის, Vivo-სა და Africa Creative-ის პარტნიორობის შედეგია, UNESCO-ს 2024 წლის სამეცნიერო კვლევის შედეგებს ესადაგება და ოკეანის რეალურ მონაცემების ვიზუალიზაციას უილსონის 450-წლიანი მოგზაურობით ასახავს ზღვაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კამპანია პლასტმასით დაბინძურების გრძელვადიან ეფექტებზე გვესაუბრება.
სიუჟეტი ვილსონის მოგზაურობას მიჰყვება ოკეანის დინებებში, ზღვის დონის აწევასა და დაშლის პროცესში მყოფ ეკოსისტემებში. ინტერაქციული პლატფორმითა და დრამატული თხრობით ასახავენ, როგორ გარდაიქმნება ერთი ობიექტი მიკროპლასტმასად საუკუნეების განმავლობაში, რა დროსაც მჟავიანობას, სანაპირო ზოლის დეგრადაციას და საცხოვრებლის დაკარგვას განიცდის. მართალია 4 საუკუნე გრძელდება ეს პროცესი, მაგრამ ბურთი მაინც არ იშლება ისე, როგორც მოსალოდნელია… ეს კი უკვე მიგვანიშნებს, რამდენად ხანგრძლივი შეიძლება იყოს ოკეანის ნარჩენების დაზიანება.
„მხოლოდ მეცნიერება არ ამოძრავებს ადამიანებს, რასაც ვერ ვიტყვით ამბების შემთხვევაში, კომპლექსური მონაცემების ვიზუალურად ძლიერ მოგზაურობად გარდაქმნით, ჩვენ უხილავი ხილულად ვაქციეთ“, — აცხადებენ Africa Creative-ში.
ოკეანის ტემპერატურამ 2023 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ზღვის დონე ბოლო სამ ათწლეულში 9 სანტიმეტრით გაიზარდა, ოკეანეში ჟანგბადის დონე 2%-ით დაეცა 1960-იანი წლების მერე და 500-ზე მეტ სანაპირო ზოლში ზღვის მცენარეებსა თუ ცხოველებს ვეღარ შევხვდებით… სწორედ ამ მონაცემებს დაეფუძნა „უილსონის ოდისეა“ და ამბავი მეტად ხელშესახები გახადა.
„მარტივი ობიექტის მოგზაურობით უხილავი ზიანი ვაჩვენეთ, რომელსაც ათწლეულების მანძილზე პლასტმასით დაბინძურება იწვევს და შეგახსენეთ, თუ რატომ სჭირდება მას გადაუდებლად გლობალური ყურადღება… ჩვენ მონაცემები გარდავქმენით ამბად, რომელსაც ადამიანები შეიგრძნობენ“, — განმარტავს ანდრე ლუის ესტევესი, Onda Azul Institute-ის ხელმძღვანელი.