20
Nov
2018

საქართველო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, სამოდელო წარმატებულ ქვეყნად დაასახელეს

20 Nov 2018

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) საქართველო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით, სამოდელო წარმატებულ ქვეყნად დაასახელა.

OECD-ის თქმით, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, ასევე, მათი ორგანიზაციის მიერ გაწეული რეკომენდაციები განსაკუთრებით წარმატებით შეასრულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეს განცხადება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარიზში, „OECD ევრაზიის კვირეული 2018“-ის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთეს. როგორც უწყებაში ამბობენ, ევრაზიის კვირეულის მონაწილე ქვეყნებმა მიულოცეს საქართველოს მიღწეული პროგრესი, უმრავლესობამ კი საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებისა და მასთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში და იმავდროულად, ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას. მის განვითარებას დიდი როლი ენიჭება სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ზრდის თვალსაზრისით და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით. მთავრობა მუდმივად მუშაობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავებაზე ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

განხილვა