17
Jun
2019

საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზი ფილმს „საქართველო ღვინის სამშობლო“

17 Jun 2019

ქართულმა ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ მეღვინეობა – მევენახეობის საერთაშორისო კონკურს “Oenovideo”-ს პარტნიორთა სპეციალური პრიზი მიიღო.

„ ეს არის მეცნიერებისა და კულტურის პრიზი, რომელიც გადაეცემა ფრანგულ ან უცხოურ ფილმს და წარმოაჩენს ღვინისა და ვაზის მემკვიდრეობის კულტურულ თუ მეცნიერულ მიდგომას, მეთოდს“, – ამბობს ფილმის იდეის ავტორი და ერთ-ერთი პროდიუსერი დავით ტყემალაძე.
მისი თქმით, ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და მევენახეობის მსოფლიოს მასშტაბით  პოპულარიზაციისთვის.
„თუმცა, არანაკლებ სასიხარულო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ფილმი შექმნა – იდეიდან დაწყებული, მასზე მუშაობითა და საბოლოო პროექტით დასრულებული“.
დავით ტყემალაძე ამბობს, რომ ასეთ ფესტივალებში მონაწილეობა, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს დიდ სარგებელს მოუტანს.

„ ასეთ ღონისძიებებზე ბევრი ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი მეღვინეებსა და მეღვინეობაზე. ვისურვებდი, საქართველოში, როგორც ღვინის სამშობლოში, რაც შეიძლება მეტი პატარა თუ დიდი დოკუმენტური, მხატვრული, თუნდაც, მულტიპლიკაციური ფილმი შექმნილიყოს და ჩვენი ქვეყანა აქტიურად ჩართულიყოს საერთაშორისო საფესტივალო ცხოვრებაში“, – ამბობს დავით ტყემალაძე.

ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ იდეის ავტორი და ერთ-ერთი პროდიუსერი დავით ტყემალაძეა

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, დავით ტყემალაძის აზრით, ამ ფაქტს საერთაშორისო დონეზე განმტკიცება სჭირდება.

„ამიტომ, აქტიურად უნდა ჩავებათ მეღვინეობა – მევენახეობის მსოფლიო ინდუსტრიაში. იქნება ეს მარკეტინგული რეალიზაცია, თუ ლიტერატურის შექმნა ან ფილმების გადაღება და დისტრიბუცია. მით უფრო, რომ საამისოდ არაჩვეულებრივი მასალები გვაქვს“.

ფესტივალი “Oenovide” ქალაქ მარსელში, 13-16 ივნისს ჩატარდა. „საქართველო ღვინის სამშობლო“ ფინალში მოხვედრილ 37 რჩეულ ფილმს  შორის ერთ-ერთი იყო.

განხილვა