30
Aug
2018

როგორ გავზარდოთ თანამშრომელთა პროდუქტიულობა?! – ოფისის მოწყობის უახლესი ტრენდები

30 Aug 2018

როცა საქმე ოფისის მოწყობას ეხება, ყველა კომპანიას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუმცა, არსებობს ტენდენციები, რაც მოცემულ მომენტში უფრო აქტუალურია და მეტად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. წარმოგიდგენთ 2018 წლის 5 ტრენდს, რომელიც, ექსპერტების მტკიცებით, თანამშრომლების პროდუქტიულობას აუცილებლად გაზრდის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 შეხვედრების ცალკე ოთახი თითოეული გუნდისთვის 

რატომ უნდა ჰქონდეს ოფისის ყველა თანამშრომელს შეხვედრების ერთი, საერთო ოთახი? როდესაც ჯგუფს საკუთარი სივრცე აქვს, ისე მოაწყობს და გააფორმებს, როგორც თავად სურს. მაგალითად,„ვანსის“ სამხრეთ კალიფორნიის ოფისში პროდუქციისა და დიზაინის ჯგუფს საკუთარი შეხვედრების ოთახი აქვს, რაც მათი თქმით, თანამშრომლობის პროცესს აუმჯობესებს.

„ამ სივრცეში პროდუქციის განვითარების მთელი ციკლის მოგონებებია თავმოყრილი“, – ამბობს Rapt Studio-ს აღმასრულებელი დირექტორი დევიდ გალულო. სწორედ ამ კომპანიამ იმუშავა „ვანსის“ ოფისის დიზაინზე.

არაფორმალური, ინდივიდუალური სამუშაო სივრცეები 

დისტანციური მუშაობის პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მეტად პროდუქტიულია, თუ ერთ კონკრეტულ მაგიდას არ არის მიჯაჭვული. ამიტომ, ოფისები ნელ-ნელა აერთიანებს ბიბლიოთეკებს, კაფეებსა და „ლაუნჯებს“ ინდივიდუალური სამუშაოსთვის. იდეალურ შემთხვევაში, ეს ადგილები სტრატეგიულადაა განლაგებული და არა შუა გზაზე, რაც ყურადღების გაფანტვის ალბათობას ამცირებს.

„ასეთ სივრცეს თავისი წესები აქვს. ეს არის ჩუმი ადგილები. სხვა ადამიანებთან ერთად ხარ, მაგრამ ტელეფონში არავინ იყურება, არც ერთმანეთში საუბრობენ“, – ამბობს დევიდ გალულო. 

მნიშვნელოვანია აკუსტიკის კონტროლი 

კოლაბორაცია ძალიან კარგია და ხშირად აუცილებელიც, მაგრამ მათთვის, ვისაც ინდივიდუალური მუშაობა ურჩევნია, ცოტა რთულია. ამიტომ, როგორც წესი, კომპანიები ცდილობენ, აკონტროლონ ოფისის აკუსტიკა. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა ოთახებსა და დერეფნებში ხალიჩების დაგებაა. ხმაურის შთანთქმა მცენარეებსა და ავეჯსაც შეუძლია. ასევე, არსებობს აკუსტიკური ეკრანები, რითიც, თუნდაც, შეხვედრების ოთახის გამოყოფა შეიძლება.

არანაირი მონოტონურობა! 

მაგიდის გრძელი რიგები დღეს უკვე ძალიან მოსაწყენია. დაარღვიეთ მონოტონურობა ჩამოსაჯდომი სივრცეებით ან შეკრების ადგილებით. ოფისის სხვადასხვა ნაწილი განსხვავებულად აითვისეთ. BCG Digital Ventures – ის ნიუ იორკის ოფისში, კონფერენციის ოთახებს და „ლაუნჯებს“ შორის, თანამშრომლებს ნამდვილი ლაბირინთი აქვთ.

„იმდენად რთულია, რომ შესაძლოა, თანამშრომლებს, თავიდან, რუკაც დასჭირდეთ. სამაგიეროდ, მათში დიდ ინტერესს იწვევს“, – ამბობს R&A-ს თანადამფუძნებელი, ქრისტიან რობერტი. სწორედ ამ კომპანიამ იმუშავა BCG Digital Ventures-ის ოფისის დიზაინზე.

თანამშრომლები თავს ოფისის მნიშვნელოვან ნაწილად უნდა აღიქვამდნენ 

როცა საქმე სამსახურს ეხება, თანამშრომლების უმეტესობას სურს, ოფისთან ვიზუალურად, რაღაცნაირად, დაკავშირებული იყოს. Ancestry.com – ის იუტას ოფისის დიზაინზე მუშაობისას, Rapt Studio-მ, გასაფორმებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი გობელენის ქსოვილი გამოიყენა, კედლებზე თანამშრომლების პორტრეტები ჩამოკიდა.

მილენიალებს განსაკუთრებით მოსწონთ, როცა სამსახურში მოდიან და თავს რაღაც დიდის ნაწილად გრძნობენ. ინტერიერის ასეთი გაფორმებით, შანსი გეძლევათ, თანამშრომლებს შეახსენოთ, რატომ არიან აქ და რატომაა ბრენდი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი.“

წყარო: Inc.com



განხილვა