დაუსრულებელი ბრძოლა ოფისში არსებულ ტემპერატურაზე – თემა, რომელიც მუდმივად საკამათოა და მუდმივად იწვევს თანამშრომლების ნაწილის უკმაყოფილებას – ლელა სალაყაია, „ვიონი საქართველო“ (ბილაინი), პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი კომპანიის გამოცდილებას გვიზიარებს და საერთაშორისო კვლევებზე დამყარებულ გამოსავალსაც გვთავაზობს:
რა თქმა უნდა, ეს თემა ჩვენც შეგვეხო და ჩვენს ღია სივრცეშიც ხშირად იხილავთ თანამშრომლებს ზამთარში მოკლემკლავიანი მაისურებით ან ზაფხულში თბილი ქუდებით! (შენიშვნა: სტატია დაწერილია კომპანიის მიერ, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის ინიციატივამდე).
ჩვენთან ამ საკითხს ე.წ. მეზანინის (ანტრესოლის) არსებობაც ამძაფრებს, რადგან ქვემოდან წამოსული ცხელი ჰაერის ნაკადი საკმაოდ „ათბობს“ მეზანინის თანამშრომლებს.
დიდ ბრიტანეთში ბოლო დროს ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ სამუშაო დროის 2% ტემპერატურულ ბრძოლებზე იხარჯება, რაც ბრიტანეთის ეკონომიკას 13 მილიარდი ფუნტი უჯდება. არ ვიცი, რამდენად აზარალებს ეს ბრძოლები „ვიონი საქართველოს“ და საქართველოს ეკონომიკას, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ კომფორტული ტემპერატურა სამუშაოთი კმაყოფილებას, პროდუქტიულობასა და კოლაბორაციას ზრდის.
როგორც წესი, ტემპერატურის შეგრძნება ძალიან სუბიექტურია და, აქედან გამომდინარე, იდეალური ტემპერატურის მოძებნა ნამდვილად რთულად მისაღწევი და ალბათ, მიუღწეველი ამოცანაცაა. ამას ემატება მეცნიერულად დადგენილი ის ფაქტიც, რომ ქალების მეტაბოლიზმი უფრო ნელია, ვიდრე მამაკაცების, შესაბამისად, ქალებს უფრო მაღალი ტემპერატურა მიაჩნიათ იდეალურად, ხოლო მამაკაცებს კი – პირიქით. თუმცა ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებშიც გვხდება სხვადასხვა მოსაზრება. მარკ ზაკერბერგისთვის გონებრივი მუშაობისთვის იდეალური 15 გრადუსია, მაშინ როდესაც ობამას სამუშაო ტემპერატურა ოვალურ კაბინეტში ისეთი მაღალი იყო, რომ მისმა მრჩეველმა „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტთან იხუმრა კიდეც, აქ ორქიდეების გამოყვანაც კი შეიძლებაო.
აღმოჩნდა, რომ ოფისის ტემპერატურა შედეგებზეც დიდი გავლენას ახდენს და კვლევებიც (1) ადასტურებს, რომ იდეალური ტემპერატურა „ტიპური“ საოფისე სამუშაოსთვის 22 გრადუსია, თუმცა ეს შედეგები, როგორც წესი, არ მოიცავს დიდ პოპულაციას. ასევე, გასათვალისწინებელია სამუშაოს ტიპი – კრეატიული გარემოსთვის უფრო მაღალი, ხოლო ანალიტიკური და თვლადი სამუშაოებისთვის კი პირიქით – უფრო დაბალი ტემპერატურაა რეკომენდებული.
მაინც რა არის იდეალური ტემპერატურა ოფისში? ამის თქმა მართლაც შეუძლებელია, თუმცა ალბათ, ისევ მეცნიერულ, თუნდაც, მცირე რაოდენობის რესპონდენტიან კვლევებს თუ დავეყრდნობით, 22-24 გრადუსი იდეალურია ტიპური საოფისე გარემოსთვის. თუ ამას დავუმატებთ ფანჯრების გაღებისა და, შესაბამისად, ოფისების ხშირი განიავებისა და ამით ტემპერატურის ასე თუ ისე ცვლის შესაძლებლობას, ზაფხულში ოფისის გარეთ (ვერანდაზე) მუშაობის შესაძლებლობასაც, დარწმუნებული ვარ, ტემპერატურაზე ბრძოლის დრო შემცირდება და ამით ნაკლები ზიანი მიადგება კომპანიის შედეგებსა და შესაბამისად, ქართულ ეკონომიკასაც.
შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის – იმავე კორონავირუსისგან თავიდან ასარიდებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოციალური დისტანცირების რეკომენდაციაც გასცა. იმისთვის, რომ საკუთარი გუნდის წევრები კორონავირუსის საფრთხისგან დაეცვათ, ქართულმა ორგანიზაციებმა დისტანციურ სამუშაო ფორმატზე გადასვლა გადაწყვიტეს, მათ შორისაა „ბილაინიც“.
*Effect of Temperature on Task Performance in Offfice Environment
Olli Seppänen; , William J Fisk; QH Lei; Helsinki University of Technology, Laboratory for Heating Ventilating and Air‐conditioning, PO Box 4100, FIN‐02015 HUT, Finland
Lawrence Berkeley National Laboratory
Environmental Energy Technologies Division
Indoor Environment Department
Berkeley, CA 94720