როცა სამსახურში დიდი ხნის მანძილზე გიწევთ ჯდომა, ალბათ, ხშირად გეუბნებიან, პერიოდულად ფეხზე წამოდგეთ და გაიაროთ. ახლა კი ჩვენი მეგობრებისა თუ ნათესავების მოსაზრებას უახლესი კვლევაც ადასტურებს — ხანგრძლივად ჯდომის ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგები რომ შეამციროთ, ყოველ ნახევარ საათში 5 წუთით უნდა გაიაროთ.
ამისთვის მკვლევრები 11 ჯანმრთელ საშუალო ასაკის თანამშრომელს დააკვირდნენ, რომლებიც 8 საათი ისხდნენ, რაც მხოლოდ საპირფარეშოში გასვლის აქტივობას მოიცავდა. შემდეგ კი მონაწილეებს საათში 1 წუთით გავლა სთხოვეს და ეს მომდევნო დღეებში 5 წუთით ჩაანაცვლეს.
მიზანი სიარულის საჭირო ოდენობის პოვნა იყო, რითაც შეძლებდნენ ჯდომისგან მიღებული შედეგების შემცირებას. კონკრეტულად კი სისხლში შაქრის დონე და არტერიული წნევა გაზომეს, რაც ორი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია გულის დაავადებისთვის.
დადგინდა, რომ ყოველ ნახევარ საათში 5-წუთიანი მსუბუქი სიარული საუკეთესო სტრატეგია იყო სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. ეს უკანასკნელი კი მთელი დღე ჯდომისას ბევრად უფრო მაღალი იყო. კონკრეტულად, ჭამის შემდგომ შაქრის დონე 60%-ით შემცირდა. ამავე სტრატეგიით არტერიული წნევაც გაუმჯობესდა. 1-წუთიანი გასეირნებაც კი დადებითად აისახებოდა მასზე…
გარდა ფიზიკური შედეგებისა, სიარული მენტალურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახა — სიარულის შემდგომ ძალიან ცოტა მონაწილე საუბრობდა გამოფიტვაზე, ისინი უკეთეს ხასიათზე იყვნენ და მეტი ენერგიაც ჰქონდათ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ალბათ, აქამდე, დიდხანს ჯდომას მხოლოდ ხერხემლის პრობლემებთან აიგივებდით, მაგრამ იგი რეალურად დიაბეტს, გულის დაავადებებს, დემენციასა და სხვადასხვა ტიპის კიბოს აჩენს. უძრავი ცხოვრების სტილს ადრეული გარდაცვალების რისკთანაც აკავშირებენ…
თუმცა ჯდომა მარტო სამსახურებს არ ეხება, დღეს მოზარდების უმეტესობის ცხოვრების წესიც ასეთია, მეტად მწვავე სიტუაცია კი პანდემიის დროს მივიღეთ. უახლესი სახელმძღვანელოებიც მიგვითითებს იმაზე, რომ „მოზარდები ნაკლებად უნდა ისხდნენ და მეტი იმოძრაონ“, მაგრამ იგი არ გვეუბნება, კონკრეტულად, რისი გაკეთებაა საჭირო და რამდენი ხნით. ეს უკანასკნელი კი ზემოთ განხილულ კვლევას მეტად ღირებულად აქცევს.
ისიც მართალია, რომ ზოგიერთი სამუშაო 5-წუთიანი გასეირნების საშუალებას არ გვაძლევს, მაგალითად, ასეა ტაქსის მძღოლების შემთხვევაში და ეს ფაქტი არც მეცნიერებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა — ამ ეტაპისთვის 25 განსხვავებულ სტრატეგიას ცდიან, რათა საუკეთესო ალტერნატივას მიაგნონ.













