გლობალური სააგენტო Ogilvy უკვე ქართულ სარეკლამო ბაზარზეა. სააგენტო, 71 წლის წინ, “რეკლამის მამად” წოდებულმა დევიდ ოგილვიმ დააფუძნა მას შემდეგ, რაც მუშაობას თავი დაანება, ცოლ-შვილისთვის უფრო მეტი დრო რომ ჰქონოდა. მაშინ ის 38 წლის იყო. მომდევნო 11 წელიწადში, ოგილვის ყველაზე სასურველი კლიენტები ჰყავდა: General Foods, Bristol-Myers, Campbell’s Soup, Lever Brothers, Shell, Rolls Royce, IBM… დაარსებიდან 71 წლის შემდეგ, სააგენტო Ogilvy 83 ქვეყანაში 132 ოფისით არის წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ, მათ რიცხვს საქართველოც შეუერთდა ახალგაზრდა გუნდით, რომელსაც უკვე აქვს სფეროში მუშაობის გამოცდილება. რა ცვლილებებს მოიტანს გლობალური სააგენტოს ქართულ სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა? რა ამოცანების წინაშე დგას გუნდი? დეტალებზე Ogilvy Georgia-ს დამფუძნებელს, რობი გველუკაშვილს, ვესაუბრეთ.
M: რა ამოცანებთან იყო დაკავშირებული Ogilvy-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლა?
Ogilvy-ს საქართველოში შემოყვანის იდეა 2017 წლის ზაფხულში დაიბადა. ეს იყო პერიოდი, როდესაც გავიაზრეთ, რომ ქვეყნაში არსებული ინფორმაციული რესურსი აღარ გვყოფნიდა გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. გლობალურ წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, ერთ წელს გაგრძელდა. პროცესი მოიცავდა ოთხ ძირითად ეტაპს: სააგენტოს გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაციის წარდგენას, კომპანიის იურიდიული/ფინანსური ისტორიის გაცნობას, გლობალის მხრიდან ზემოაღნიშნულის გადამოწმებასა და უშუალოდ ხელშეკრულების პირობების შეთანხმებას.
M: რატომ Ogilvy?
მიზეზი არაერთია, თუმცა უპირველესი მაინც “რეკლამის მამის“, დეივიდ ოგილვის ღირებულებები და სამუშაო პრინციპებია, რომლებსაც ჩვენი გუნდი სრულიად იზიარებს და ახორციელებს ყოველდღიურობაში. ეს იქნება კლიენტთან ურთიერთობის, ახალი ტალანტების მოზიდვის თუ სხვა მიმართულებით.
M: რა საჭიროებაა, რომ ასეთი გლობალური სააგენტო ქართული სარეკლამო ინდუსტრიის ნაწილი იყოს?
მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, გლობალური ბრენდების შემოყვანა უპირობოდ სასარგებლოა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული დამოუკიდებელი ბაზარი, ხშირ შემთხვევაში, უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე მსხვილი კორპორაციები, ვფიქრობ, მათი გამოცდილების მიღება და დანერგვა დაგვეხმარება ზრდის ტემპის დაჩქარებაში.
იგივე შეიძლება ითქვას ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაზეც. Ogilvy-ს 71 წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო სტანდარტები, წარმომადგენლობა 83 ქვეყანაში და მსოფლიოს უმსხვილესი სარეკლამო ჰოლდინგის, WPP-ს წევრობა არა მხოლოდ ჩვენი გუნდის განვითარებისთვის არის სასიკეთო, არამედ მთელი ინდუსტრიისთვის. რამდენადაც კომპანია ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ზრდის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს, უკეთესი შედეგები მოაქვს კლიენტებისთვის და ა.შ.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს გუნდს. როგორც გლობალური ოჯახის წევრები, უზრუნველყოფილი ვართ უნიკალური საგანმანათლებლო მასალებით, პროგრამებითა და ტრენინგებით. ასევე, ვნერგავთ საერთაშორისო საოპერაციო სტანდარტებს. ამ ყოველივეს შედეგად, ვაუმჯობესებთ სამუშაო გარემოს და ვავითარებთ ტალანტებს, რაც ცხადია, დადებითად აისახება კლიენტ ბრენდებზე.

M: თქვენზე და თქვენს გუნდზე გვიამბეთ…
ჩემი აკადემიური „ბექგრაუნდი“ დაიწყო 2012 წელს, როდესაც ჩავაბარე IBSU-ს სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ინგლისურენოვან სექტორზე. ჯერ კიდევ თინეიჯერი მოვხვდი საერთაშორისო ორგანიზაცია AIESEC-ში, სადაც ორიდან ერთი წლის განმავლობაში ვუძღვებოდი მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტს საქართველოს მასშტაბით. CMO-ს პოზიციას მოყვა მრავალი განსხვავებული სამუშაო გამოცდილება, ლოკალურ ციფრულ სააგენტოში, ტელემარკეტინგსა და კორპორატიულ გაყიდვებში. ეს ყველაფერი ხდებოდა 2015 წლამდე, სანამ მივედი დასკვნამდე, რომ მინდოდა მეკეთებინა საკუთარი საქმე.
სწორედ 2015-დან დაიწყო ჩვენი გუნდის ფორმირება, რომელიც თავიდან მხოლოდ ციფრულ პროექტებზე ფოკუსირდებოდა. დღეისათვის, სააგენტო წარმოდგენილია 15 ძირითადი და 32 აუთსორს თანამშრომლით. მუშაობს დიზაინის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით. მის ანგარიშზე ისეთი პროექტებია, როგორიცაა: კურორტ გოდერძის საიმიჯო რგოლი, სანტინოს ფერმერები, ჩეროს გმირები, მოკოლენდი და სხვა.
M: რა გამოწვევები გაქვთ დღეს “ოგილვის” ქართულ გუნდს?
გვაქვს პატარ-პატარა გამოწვევები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ინტენსიურად ვმუშაობთ არის – ბალანსის დაცვა, ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტების მხრიდან მოთხოვნასა და მაღალხარისხიანი მომსახურების მიწოდებას შორის.
M: სააგენტოს გეგმებზეც გვესაუბრეთ…
დარწმუნებული ვარ გექნებათ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დევიდ ოგილვის წიგნებით არაერთ უცხოურ ბიზნეს სკოლაში ასწავლიან. ჩემი ინფორმაციით, ქართული უნივერსიტეტებიც ატარებენ სტუდენტებს მის წიგნებს ფრაგმენტულად. ეს ყველაფერი კი ხდება იმიტომ, რომ „რეკლამის მამის“ მიერ დაწერილი სიბრძნე დღემდე აქტუალურია.
ამასთან, ჩვენ გვჯერა, რომ საქმისთვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, წარმატების გზაზე. გარკვეულ ცოდნაზე ხელმიუწვდომლობა ხომ საკუთარ თავზეც გამოვცადეთ, რამაც Ogilvy-ს საქართველოში შემოყვანამდე მიგვიყვანა.
სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ჩამოვყალიბდით, რომ CSR მიმართულებად Ogilvy In Education ავიღოთ. ამ ეტაპზე დაწყებას მოვიაზრებთ Ogilvy On Advertising-ით. ვადებს ჯერ ვერ გიზუსტებთ, რადგან დეტალებს გლობალურ მენეჯმენტთან ვათანხმებთ. რაც შეეხება გამოცემის ვერსიებს, ისევ მომხმარებლის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, იგეგმება ციფრული ვარიანტი. თუმცა მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია ბეჭდურადაც გამოიცეს. საერთო ჯამში, ვფიქრობთ, მსგავსი მიდგომით მნიშვნელოვან პრობლემას შევამსუბუქებთ და ჩვენს წილ აგურს დავდებთ ქართული სარეკლამო ინდუსტრიის მშენებლობაში.