29
Dec
2019

“ცხოვრება ხანმოკლეა მოსაწყენი საჩუქრებისთვის” – “სხვანაირი” ონლაინ მაღაზია OinBuzz

29 Dec 2019

Startauperi
Startauperi


მიშა დვალიშვილი

ახალი წელი, საჩუქების სია, შოპინგი და დაუსრულებელი საცობები განუყოფელი ტანდემია. თუმცა, სირთულით თვით გოზინაყის ორსაათიან და საცივის მრავალსაათიან სამზადისსაც, წინ ბევრად უსწრებს შოპინგის სტრესი. უფრო ზუსტად კი, შემზარავი ფიქრი იმაზე, ვაითუ, ჩვენ მიერ შეძენილმა საჩუქარმა ადრესატს ბედნიერების ღიმილი ვერ მოჰგვაროს სახეზე და მთელი მონდომება საცივში ჩაგვიყაროს?! სწორედ ამიტომ, ორმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ სხვანაირი საჩუქრების დრო დადგა. აი ასე, ერთ ჩვეულებრივ მზიან და უღრუბლო დღეს, ლაშა მონასელიძესა და მიშა დვალიშვილს დაებადათ იდეა, არასტანდარტული პროდუქტების ონლაინ მაღაზია შეექმნათ. პრინციპი მარტივი იყო – საჩუქარი არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი და ადრესატში განსაკუთრებული ემოცია უნდა აღეძრა. და რაკი, ორივე დამფუძნებელი საკომუნიკაციო სფეროში მუშაობს, ჩათვალეს, რომ საკუთარი იდეისა და სათქმელის მომხმარებლამდე მიტანა არ გაუჭირდებოდათ. ამგვარად, ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სრული სერიოზულობით გამოჩნდა მაღაზია “ოინბაზი” (Oinbuzz-ში buzz ხმაურსაც ნიშნავს, რაც სიტყვა ოინბაზის სიმძაფრეს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს: ხმაური, რომელსაც კონკრეტული ოინი იწვევს). ჩვენს შეკითხვებს მიშა დვალიშვილმა უპასუხა.

M: რა არის ამ მაღაზიის მთავარი იდეა?

“ოინბაზი” არის პირველი საჩუქრების ონლაინ მაღაზია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვანაირ საჩუქრებს. გვამოძრავებს უბრალო ფილოსოფია, რომელიც შედგება სამი სიტყვისგან: გაართე, გააოცე, გააცინე.

M: პროდუქტის სპეციფიკაზე მოგვიყევით…

ჯერჯერობით, საიტზე არის 4 კატეგორია: უზრდელობები, კრეაწიულები, სვი ან ითამაშე და WTF.  სახელები უკვე მიუთითებენ მათ არაორდინალურობასა და განსხვავებულობას.

კატეგორიაზე “უზრდელობები” ბევრი ვიფიქრეთ ღირდა თუ არა დამატებად. იყო დიდი რისკი, რომ გაგვაკრიტიკებდნენ და ცუდად მიიღებდნენ ჩვენს უწყინარ საჩუქრებს, თუმცა რისკმა გაამართლა და უმეტესობა პოზიტიურად განიხილავს. თუმცა თავიდან ამ კატეგორიაში არსებული პროდუქტები ზოგს სექს-სათამაშოები ეგონა, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს უბრალოდ ოინბაზური საჩუქრებია.

ძალიან საინტერესო გამოწვევაა კატეგორია WTF. როდესაც პროდუქტებს ვარჩევდით, მსგავსი შინაარსის ნივთებზე გვქონდა ასეთი კომენტარი: ეს რა უბედურებაა?  ამიტომ ბევრი არ გვიფიქრია და რისი ღირსიც იყო ეს კატეგორია, ის დავარქვით.

 

ჯერჯერობით, ყველაზე პოპულარული კატეგორია არის “კრეაწიულები”. ვფიქრობთ, სწორედ ეს აკლია ჩვენს მეგობრებს და კრეატიულობის დეფიციტი თითეულ სფეროში შეიმჩნევა. გვგონია, რომ შეგვიძლია ამ დეფიციტის ოდნავ მაინც შევსება.

ამ ეტაპზე, მიწოდების სერვისი გვაქვს მხოლოდ თბილისის მასშტაბით, თუმცა უახლოეს მომავალში ვფიქრობთ საქართველოს სრული ლოკაციის ათვისებას. არის მოთხოვნა სხვა ქართული ქალაქებიდან თუ რეგიონებიდან, თუმცა ჯერ პატარები ვართ და რთულია ამხელა ლოჯისტიკური თემის გამკლავება საწყის ეტაპზე.

M: საახალწლო სეზონზე საკმაოდ დიდია კონკურენცია, როგორია თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

მსგავსი პლატფორმის შექმნის არაერთი მცდელობა იყო ქართულ ბაზარზე, მაგრამ ჩვენი პროდუქტებიდან და საკომუნიკაციო მიდგომიდან გამომდინარე ვფიქრობთ რომ განსაკუთრებულები ვართ. ჩვენი თითოეული პროდუქტი თუ ვოლზე დადებული პოსტი ემსახურება ამ ფილოსოფიას. ამიტომ გვსურს ვიმეგობროთ ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც უყვართ სხვისი გართობა, გაოცება ან გაცინება.

სტარტაპი სულ რამოდენიმე კვირისაა და  ნელ-ნელა ვცდილობთ ფეხის ადგმას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეგობრებისგან უკვე ძალიან დიდი ინტერესი ჩანს და ჩვენც დიდი ოპტიმიზმით შევცქერით.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?

მოდი, ასე ვთქვათ: ჩვენ არ გვიყვარს სიტყვა კლიენტი ან მომხმარებელი, ამიტომ სტატიაში მათ მოვიხსენიებთ როგორც მეგობრებს. ჩვენთვის ყველა ის ადამიანი მეგობარია, რომელიც ჩვენი პროდუქტით თუ იდეით ინტერესდება. ჩვენი მეგობრები არიან თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები, რომლებთაც სურთ აჩუქონ განსხვავებული და ადრესატზე მორგებული საჩუქარი. გვაქვს ერთადერთი შეზღუდვა, 18 წლის ქვემოთ მოზარდებზე, კატეგორია უზრდელობებიდან გამომდინარე.

 

M: თქვენზეც გვიამბეთ, რას საქმიანობთ პარალელურად?

ოინბაზის დამფუძნებლები საკომუნიკაციო სფეროში ვმუშაობთ და ვიფიქრეთ არ გაგვიჭირდებოდა ჩვენი იდეისა და სათქმელის მიტანა მეგობრებამდე. ლაშა გრაფიკოსი დიზაინერია, მე – დიჯითალ მარკეტერი. პარალელურად, ვარ საკომუნიკაციო სააგენტოს Inflow დამფუძნებელი და ექაუნთ დირექტორი. ასე, რომ ჩვენი გამოცდილებებით მეგობრებს ბევრ საინტერესო თავგადასავალს ვპირდებით.

M: როგორია საკომუნიკაციო სტრატეგია?

როდესაც კომპანიას ვქმნიდით, ბევრი ვიფიქრეთ თუ როგორი უნდა ყოფილიყო საკომუნიკაციო ენა და ტონი. საბოლოოდ შევჯერდით იმაზე, რომ დიდი სამუშაო არ გაგვეწია ამ საკითხის დაგეგმვასა და სტრატეგიის გაწერაზე, რადგან ეს ბრენდი უნდა ყოფილიყო გულწრფელი და თავისუფალი. რა თქმა უნდა, ეთიკურ საზღვრებს არ ვცდებით, თუმცა როგორც იტყვიან: გულიდან რაც მოდის იმას ვამბობთ. ისე კი, დიდად არ ვცდილობთ შევალამაზოთ ჩვენი სათქმელი. მეგობრებს ხომ თავისუფლად ვესაუბრებით (აქ ვიცინი. მიხდება სიცილი)?!

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

მომავალში დიდი გეგმები გვაქვს, დიდი ბიჭები/გოგოები უნდა გავიზარდოთ და ყველასთვის საყვარელი ბრენდი უნდა გამოვიდეთ. გვსურს, გავხსნათ ჩვენი ფიზიკური მაღაზია და ბევრი სხვანაირი საჩუქრები შევთავაზოთ ჩვენს მეგობრებს. აქ დროებით დაგემშვიდობებით და გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა მოსაწყენი საჩუქრებისთვის.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა