in ,

როგორი იქნება ქართული OK! ?

ივლისში OK!-ის პირველი ნომერი გამოვა. გამოცემის ექსკლუზივი 5 წლის ვადით “ჯორჯია თუდეი ჯგუფს“ აქვს.მაიკო წერეთელი (“ჯორჯია თუდეი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი): OK! ბრიტანული „ეკონომისტის“ შემდეგ მეორე გლობალური ბრენდია, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოგვაქვს.

მათთან მოლაპარაკებები ერთი წელი გაგრძელდა და, საბოლოოდ, მათი არჩევანი, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გამო, ჩვენზე შეჩერდა.

რას შესთავაზებთ მკითხველს?

მაიკო-წერეთელიOK! მსოფლიოში ყველაზე წარმატებული „სელებრითი“ გამოცემაა. ქართულ ბაზარზე კი ეს ნიშა ხარისხიანი მედიის ნაკლებობას განიცდის. OK!-ს იმდენად ბევრი ექსკლუზივი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, წარმოუდგენელია, არ გამოიყენო ეს მასალა. თუმცა, აქვე, მსოფლიო „სელებრითების“ გარემოცვაში, ქართველი ცნობილი სახეებიც იქნებიან, ჟურნალის ერთი რუბრიკა ვიქტორია ბეკჰემის დიეტას ეთმობა, მეორე კი რომელიმე ქართველი სელებრითის ექსკლუზურ ფოტოსესიას და გულახდილ ინტერვიუს! გამოცემაში მხოლოდ წარმატებული და საინტერესო ადამიანები მოხვდებიან. პირველი ნომრისთვის გვყავს შერჩეული ქართველი პერსონა, რომელიც არასოდეს ყოფილა რომელიმე ბეჭდურ გამოცემაში და არ არსებობს საქართველოში ადამიანი, ვისაც ის არ აინტერესებს.

ვისთვის არის განკუთვნილი OK! ?

ქონთენთი ისეთი მრავალფეროვანი იქნება, რომ მაღალი რანგის ჩინოვნიკიდან დაწყებული, სტუდენტით დამთავრებული, ყველას დააინტერესებს. თუმცა, ველით ქალების უფრო მეტ ინტერესს, განსაკუთრებით 21 წელს ზემოთ ასაკის, ცხოვრების აქტიური წესის მიმდევარ, საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე, საქმიან და განვითარებაზე ორიენტირებულ კატეგორიას. გვინდა, რომ გამოცემა იყოს „ფაბლიქ“, მაგრამ ხარისხიანი და არა ყვითელი.

ვინ იქნება OK!-ის რედაქტორი ან რა კრიტერიუმებით შეარჩევთ გუნდს?

რედაქტორის ვაკანსია გამოვაცხადეთ და მინდა გითხრათ, რომ ოთხი უკვე ძალიან საინტერესო პრეტენდენტია. ასევე შევარჩევთ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს, ჟურნალისტს და ა.შ. თუმცა, შესაძლოა, კადრები ჩვენივე გუნდიდან დავაკომპლექტოთ.

რა პერიოდულობით გამოვა გამოცემა?

თავიდან ეს იქნება ყოველთვიური. შემდეგ ვნახოთ, როგორც ბაზარი “აიტანს“, მოთხოვნის პერიოდულად ზრდას ნამდვილად ველით. მაგალითად, ბრიტანეთში, კვირაში ერთხელ გამოდის. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული პერიოდიკა აქვს. ამას თავად ადგილობრივი ბაზარი არეგულირებს. ასე იქნება ჩვენთანაც.

სად და რა ტირაჟით დაიბეჭდება გამოცემა?

საქართველოში მაღალი ხარისხის პოლიგრაფია პრობლემა არ არის. უბრალოდ, გასათვალისწინებელია ფასიც. სავარაუდოდ, გამოცემა არ დაიბეჭდება საქართველოში. რაც ეხება რაოდენობას, პირველი ნომერი 10 000-ანი ტირაჟით გამოვა, შემდეგ გაიზრდება.

რა ეღირება ქართული OK! ?

ფასზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ეს იქნება იმდენად მისაღები, რომ, შესაძლოა, მომხმარებელი გაკვირვებულიც დარჩეს.

ეს გამოცემა საზღვარგარეთ რეკლამის დამკვეთებს სერიოზულ შესაძლებლობებს აძლევს, რა სიტუაცია იქნება ამ მხრივ ქართულ გამოცემაში და რა ეღირება რეკლამის განთავსება?

OK!-ში რეკლამის ფასები ლონდონის ოფისთან ერთად განისაზღვრა ადგილობრივი ბაზრის კვლევის შედეგად. მართალია, ბეჭდურ მედიაში ჩვენთან არსებულ ფასებზე მაღალი იქნება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე სეგმენტს ერთად მოიცავს, ნებისმიერ შემთხვევაში იაფი დაუჯდება დამკვეთს ჩვენთან რეკლამა.

ხშირად ჩვენთან რეკლამის დამკვეთი და კონტენტი ერთი და იგივეა. თუ რომელიმე კომპანია რეკლამას ათავსებს, სურს, მასალებიც დადებითი იყოს. . .

ჩვენ არ გვაქვს უფლება დავწეროთ შეკვეთილი სტატიები. თუმცა, გვექნება მარკეტინგული პროექტები, რომელსაც სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქართულ და საერთაშორისო ბრენდებთან ერთად განვახორციელებთ. უცხოურ გამოცემაში ხშირად ორი კონკურენტი ბრენდის რეკლამა ერთ ნომერში ხვდება. ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც.

საქართველოში აქამდეც იყო რამდენიმე საერთაშორისო გამოცემა, რომელმაც უბრალოდ არ გაამართლა. შესაძლოა, მათ სხვა ნიშა ეკავათ, მაგრამ თავის სეგმენტში წარმატება არც მათ აკლდა. რატომ გაამართლებს OK!?

ყველაფერს დრო, გამოცდილება და პროფესიონალიზმი უნდა. 14 წელია ბაზარზე ვართ და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ ამ დონის გამოცემის გრძელვადიანი მენეჯმენტისთვის მოვმზადებულიყავით. თქვენ შეკითხვაზე ჩემი პასუხი ჩვენი სტაბილურობა და განვითარებაზე მუდმივი ორიენტაციაა.

რთულია, როცა „სელებრითი“ თემებს ეხება, გამოცემა ერთდროულად იყოს პოპულარულიც, ხარისხიანიც და კორექტულიც . . .

ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, ქართულ მედიაში სრულიად ახალი სტანდარტი დავამკვიდროთ. გვექნება მაღალი ხარისხიც, ვიქნებით კორექტულებიც და პოპულარულებიც.

Head and Shoulders-ის ექსპერიმენტი

დავით გოგიჩაიშვილი და ახალი ტელევიზია TV11