ადამიანის განვითარების ფიზიკური, კოგნიტური (ანუ შემეცნებითი) და ფსიქოსოციალური სფეროებიდან, ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში, სენსორული და მოტორული უნარების სტიმულირებისთვის, სათამაშოს ერთ-ერთი წამყვანი როლი აქვს. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვის მქონე ნივთი, არათუ სასურველი, არამედ, აუცილებელიც კია, იყოს ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო.
სათამაშოების მწარმოებელი კომპანიებიც ამ მიმართულებით პოზიციონირებენ ბაზარზე და ბავშვებისთვის უვნებელი პროდუქტის შეთავაზებაზე იღებენ პასუხისმგებლობას. მაგალითად, როგორც გიორგი ჭახრაკია, „ოკიტის“ თანადამფუძნებელი მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, კომპანია წიფლისგან დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებს აწარმოებს: „გვგონია, რომ მსოფლიოში, ოდითგანვე, ყველაზე უსაფრთხო სათამაშო ის იყო, რომელსაც მამა თავისი ხელით უკეთებდა (გამოუთლიდა) შვილს. ჩვენც სწორედ ამ ტრადიციას ვეყრდნობით და ვავსებთ სათამაშოს თანამედროვე დიზაინითა და ბავშვის მოტორიკისა თუ სივრცობრივი აზროვნების განვითარებისათვის აუცილებელობით“. რა გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიქმნა „ოკიტი“, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სათამაშო, რომ მას უსაფრთხო ეწოდოს, ამ და სხვა საკითხებს, გიორგი ჭახრაკიასთან ინტერვიუდან შეიტყობთ:
დღესდღეობით, საქართველოში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც ეხება სათამაშოების შემოტანას, წარმოებასა და რეალიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის ახალი მიდგომის დირექტივასთან 2019 წლისათვის არის გათვალისწინებული. მანამდე კი, 2017 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით, ქვეყანაში მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია – „უსაფრთხო სათამაშო“.
M: გიორგი, პირველ რიგში, გაგვეცანით, რა სპეციალობა გაქვთ და რა გამოცდილებით ჩაუდექით სათავეში „ოკიტის“?
მე განათლებით ისტორიკოსი ვარ და ვმუშაობდი სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურაში. ჩემთან ერთად „ოკიტის“ დამფუძნებლები არიან: ავია ინჟინერი მამუკა ქასრაშვილი, რომელიც ამავდროულად, თბილისში ერთ-ერთ წარმატებული და მსხვილი ხის წარმოების დამფუძნებელი და ხელმძღვანელია და პროგრამისტ-მათემატიკოსი ოთარ სარდანაშვილი.
სამივეს ძალიან გვიყვარს ბავშვები და უზომოდ გვსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. პირადად ჩემთვის სათამაშო ბავშვობის შემდეგ ერთგვარ ჰობადაც იქცა და ავტომობილების მასშტაბური მოდელების საკმაოდ დიდი კოლექციაც მქონდა. ბავშვობიდანვე მამუკა თვითმფრინავების აწყობით იყო გატაცებული და 70-იანი წლების ბოლოს, მე-8 კლასელმა, ძრავიანი ავია მოდელის აწყობაც შეძლო. ასე რომ, ჩვენთვის უცხო არ არის სათამაშოს ზრდასრულ ასაკშიც გამოყენება. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მამუკა ოთხი შვილის მამაა, ოთარს უკვე ოთხი შვილიშვილი ჰყავს და რა თქმა უნდა, ხარისხიანი სათამაშოს შეძენა თითოელი ჩვენგანისთვის ყოველთვის პრობლემა იყო.M: რატომ მიიჩნიეთ, რომ მსგავსი პროდუქტის შეთავაზებას საჭიროებდა ბაზარი?
თბილისის მაღაზიებში არ არის იოლი მცირეწლოვანი ბავშვისთვის გარანტირებულად უსაფრთხო სათამაშოს შეძენა. ჩვენ არ დაგვიწყია კონკურენტი მწარმოებლების, განსაკუთრებით კი იაფფასიანი, ჩინური ან სულაც გაურკვეველი წარმოშობის სათამაშოების ფასების კვლევა, რადგან ჩვენი მიზანი არაა უვარგისი და იაფფასიანი უცხოური ანალოგებისათვის კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა.
M: სახელი „ოკიტი“ რატომ შეარჩიეთ? რა კონცეფცია აქვს? ბრენდინგზე ვინ იმუშავა?
ეს სიტყვა ჩემი დის შვილიშვილის, ნიკოს ამოჩემებული სიტყვაა. როდესაც ლაპარაკს იწყებდა, ხშირად იმეორებდა, „ოკიტია, ოკიტი“, რაც მის ენაზე ნიშნავდა „ქორწილია, ქორწილი!“. შემდეგ კი, ინტერნეტის მეშვეობით აღმოვაჩინეთ, რომ „ოკიტი“ ერთ-ერთი აფრიკული ტომის დიალექტზე „გროვას“ ნიშნავს. ჩვენი კომპანიის ბრენდინგზე იმუშავა კომპანიამ Creative Boutique Agency, რისთვისაც მათი მადლიერები ვართ. M: რა კრიტერიუმებით განისაზღვრება სათამაშოს უვნებლობა და რა უნიკალური შეთავაზებას სთავაზობთ თქვენს სეგმენტს?
ხის სათამაშო არ ნიშნავს აუცილებლად უსაფრთხო სათამაშოს. ევროკავშირის ნორმების მიხედვით, მთავარი კრიტერიუმები მექანიკური დაზიანების მიყენების ალბათობა და ლაკისა და საღებავის შემცველობის უვნებლობაა. ადგილობრივ ბაზარზე არსებული უცხოური ხის სათამაშო შეიძლება დამზადებული იყოს დაპრესილი ხის მასალისგან, რომელსაც ასევე ურევენ გაურკვეველი წარმოშობის სხვა ნივთიერებებსაც.
ჩვენს პროდუქტში არ არის გამოყენებული არც ლაკი და არც საღებავი. მიგვაჩნია, რომ კარგად დამუშავებული ხის ზედაპირი ლაკისა და საღებავის გარეშე უფრო ბუნებრივია და სასიამოვნოა ბავშვისათვის, არ აქვს სპეციფიკური სუნი და ა.შ. თუმცა კი ხესთან უფრო მეტი მუშაობაა საჭირო. ამიტომაც, ჩვენი სათამაშოს თითოეული დეტალი დამატებით მუშავდება ხელით და ასე იღებს დასრულებულ სახეს.
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ წიფელს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ წიფელი ბუნებრივად უვნებელია და შეუძლებელია, რომ შეიცავდეს რაიმე მავნე ნივთიერებებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია შეკვეთაც, მთავარია, არ დაირღვეს ჩვენი მთავარი პრინციპი – ბავშვის უსაფრთხოება.M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. მიგვაჩნია, რომ პროდუქტის ხარისხი და შეფუთვა სრულად კონკურენტუნარიანია მისი ევროპული ანალოგებისა. მაგრამ დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული ფასებითა და მსყიდველუნარიანობით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ, მაინც პრემიალურ სეგმენტს წარმოვადგენთ. რაც შეეხება ჩვენი პროდუქტის რეალიზებას, „ოკიტის“ სათამაშოების შეძენა შეგიძლიათ: „საჩუქრების მაღაზია” – ნაფარეულის 3, ონლაინ მაღაზია “buyers.ge” სათამაშოების მაღაზიათა ქსელი – „დისნეი“, „ბიბლუსის“ ფილიალებში, „ლიბრა“, ხის სათამაშოების მაღაზია „ჯეპეტო”, „პარნასი“, „აგროჰაბი”.
M: რა გამოწვევის წინაშე დგახართ, ამჟამად?
ვაპირებთ ასორტიმენტის გაფართოებას. საქართველოს პირობებში წარმოუდგენლად გვესახება სტამბური წესით ხის ზედაპირზე გამოსახულების ისე გადატანა, რომ უსაფრთხო იყოს მცირეწლოვანი ბავშვისათვის. იმედი გვაქვს, გადავლახავთ ამ პრობლემასაც.